Thumbnail

‘ასე არასდროს მოვიქცეოდი!’ - სერხიო რამოსმა გულახდილად ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერხიო რამოსმა მოჰამედ სალაჰთან უხეშობა კიდევ ერთხელ გაიხსენა
  • რეალის კაპიტანი ირწმუნება, რომ ეგვიპტელისთვის ტრავმის მიყენება არ სურდა
  • SportBuzzer-თან ინტერვიუში მან ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელებიც ჩამოთვალა

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა SportBuzzer-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ უპასუხა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში, მოჰამედ სალაჰთან უხეშობის გამო დღემდე აკრიტიკებენ. 

“ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ვერაფერს შევცვლი - სულ ასე იქნება. აბსოლუტურად ყველა ადამიანის მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ფაქტია, რომ ხანდახან არასწორად მიგებენ. თუმცა ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქრო. სალაჰთან თამაშის წესების დარღვევამ განსაკუთრებით ინგლისში გამოიწვია დიდი დისკუსიები. მას მერე ადამიანები ჩემზე არასწორად ფიქრობენ. მაგრამ მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ. არცერთ ფეხბურთელს, ტრავმას სპეციალურად არასდროს მივაყენებ!” - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში, რამოსის უხეშობის შემდეგ, სალაჰმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მის გარეშე დარჩენილი ლივერპული 1:3 დამარცხდა.

ეპიზოდი, როდესაც სალაჰმა ტრავმა მიიღო

ხსენებულ ინტერვიუში სერხიო რამოსმა ტონი კროოსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალი გერმანელი ნახევარმცველის გარეშე ვერ წარმოუდგენია: “ტონი არის გუნდის უნიკალური ბალანსის გარანტი მოედანზე. მას მერე, რაც რეალში თამაშობს, ყველა დაარწმუნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია.”

კითხვაზე, ვინ იყვნენ ბავშვობაში მისთვის მისაბაძი მაგალითები, რეალის კაპიტანმა ასე უპასუხა: “ბავშვობაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი და ეს სწორედ ფეხბურთელობა იყო. ოღონდ, თავდასხმაში თამაში და გოლების გატანა მსურდა. ყველაზე მეტად რონალდო მომწონდა, ასევე კლაუდიო კანიჯა - მისი გრძელი თმის გამოც - და ერნან კრესპო. როცა გავიზარდე და მცველი გავხდი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელები პაოლო მალდინი და ფერნანდო იერო გახდნენ.”

33 წლის რამოსი ამბობს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად ფეხბურთში დარჩება, რადგან ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

კომენტარები

ბოლო ამბები