Thumbnail

იბრას მორიგი ჰეთ თრიკი - ზლატანი MLS-ში ისტორიის წერას აგრძელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • MLS-ში გელექსიმ საკუთარ არენაზე კანზას სიტის ანგარიშით 7:2 მოუგო
  • მასპინძელთა რიგებში ჰეთ თრიკით ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩა 
  • 37 წლის შვედმა თავდამსხმელმა საკლუბო რეკორდი უკვე გააუმჯობესა

16 სექტემბერს MLS-ში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს გელექსიმ საკუთარ მოედანზე კანზას სიტის სპორტინგი მიიღო. მასპინძლებმა, რომლებსაც 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, ხასიათი გამოიკეთეს - ანგარიშით 7:2 გაიმარჯვეს. გელექსის ერთ თამაშში 7 გოლი ბოლოს 1998 წელს ჰქონდა გატანილი.

შეხვედრის მთავარი გმირი ლოსანჯელესელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჰეთ თრიკი გაიფორმა - გოლები 32-ე, 51-ე და 85-ე წუთებზე შეაგდო. 

მის ანგარიშზე რეგულარული ჩემპიონატის 25 მატჩში უკვე 26 გატანილი გოლია და ამის წყალობით ფორვარდმა სეზონში კლუბის რეკორდი გააუმჯობესა. 

37 წლის შვედის სტატისტიკა უბრალოდ შთამბეჭდავია.იბრაჰიმოვიჩი გელექსიში თავის მეორე სეზონს ატარებს. შვედმა 52 მატჩში უკვე 48 გოლი შეაგდო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სამეულშია. მასზე მაღლა მხოლოდ ირლანდიელი რობი კინი (105) და არამხოლოდ გელექსის, სრულიად ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ლენდონ დონოვანი (137) დგანან.

ზლატანმა ამ სეზონში ჰეთ თრიკი მეორედ შეასრულა

სწორედ დონოვანის რეკორდი დაამხო იბრაჰიმოვიჩმა. 2008 წლის სეზონში ამერიკელმა თავდამსხმელმა 24 გოლი შეაგდო. ამ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს იყო ზემოთ ხსენებული კინიც, რომელმაც 2014 წელს 23 გოლი მიითვალა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე შეიძლება ჩაითვალოს კლუბის ლეგენდად - შვედი საშუალოდ გოლს ყოველ 92 წუთში იტანს და ამ მაჩვენებელთან ახლოსაც არავინაა.

38 წლის შვედი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ლოს ანჯელეს გელექსის ოთხი თამაში დარჩა ჩასატარებელი. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, თუმცა ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და მცირე წაფორხილებამაც იბრას გუნდი შესაძლოა პლეი ოფს მიღმა დატოვოს. მართალია, ზლატანს MLS-ში საუკეთესოს გამოვლენის სისტემა დიდად არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, ლიგის ლეგენდის სრული სტატუსის მოსაპოვებლად შვედს საჩემპიონო თასი აუცილებლად სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები