Thumbnail
  • პაულო დიბალას ძირითადში დაყენებამ გაამართლა
  • მაურიციო სარიმ სწორი შეცვლები გააკეთა
  • დე ლიხტი იუვეს დაცვას სტილურად ვერ ერგება

სერია A-ში პირველი წრის მთავარი დაპირისპირება შედგა - ამ ზაფხულს გაძლიერებული ინტერი ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ იუვეტუსს მასპინძლობდა. წელს, ჩემპიონობისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს და მათ დაპირისპირებას ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. ამ სტატიაში იმ რამდენიმე ძირითადი ფაქტორის შესახებ წაიკითხავთ, რომელიც ამ თამაშში გამოიკვეთა.

სარის სწორი აქცენტები

მაურიციო სარიმ შემადგენლობა კარგად შეარჩია. ყველასთვის მოულოდნელად, მან სასტარტოში გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე პაულო დიბალა დააყენა გონსალო იგუაინის ნაცვლად. სარის გათვლა სწორი აღმოჩნდა - ინტერს ფიზიკურად ძალიან ძლიერი დაცვის სამეული (გოდინი, შკინიარი, დე ვრეი) ჰყავს და სარი ინტერის დაცვის გარღვევას სისწრაფისა და მობილურობის ხარჯზე შეეცადა და არა ძალის. გათვლა სწორი აღმოჩნდა - ინტერის არცერთი მცველი ძალიან სწრაფი არ არის და დიბალამ მატჩის დასაწყისშივე ისარგებლა იმით, რომ დე ვრეიმ პოზიცია დატოვა, იპოვა სივრცე ინტერის დაცვაში და ანგარიში გახსნა.

სარის უნდოდა, რომ ნახევარდაცვაში ინტერის სამეულის (ბროზოვიჩი, სენსი, ბარელა) წინააღმდეგ რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონოდა და თან, შეტევაშიც, რონალდო-დიბალას დუეტი დახმარების გარეშე არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ, მან აქცენტი ფედერიკო ბერნარდესკიზე გააკეთა, რომელიც იუვეს შემტევებს შორის ყველაზე შრომისმოყვარეა - ბერნარდესკი საუკეთესო არ ყოფილა, თუმცა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა - ნახევარდაცვასაც ეხმარებოდა და თავდასხმასაც. ინტერის სამი ნახევარმცველი იუვეს ოთხეულთან რიცხვობრივ უმცირესობაში იყო, შედეგად მირალემ პიანიჩი ხშირად რჩებოდა ხოლმე თავისუფალი - ბოსნიელმა თამაში საგოლე პასით და 82 შედეგიანი გადაცემით დაასრულა (საუკეთესო შედეგი ორივე გუნდში).

სწორი რეაქცია ჰქონდა სარის მეორე ტაიმში განვითარებულ მოვლენებზეც. ტაიმის დასაწყისში იუვეს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა - ტურინელები ბურთსაც ფლობდნენ და ტერიტორიასაც, ინტერი კი დიდი ძალებით თავის ნახევარზე იყო. ამ მონაკვეთში თამაშის მხოლოდ 18 პროცენტი იყო იუვეს მესამედზე, ინტერის მესამედზე კი ორჯერ მეტი, 36 პროცენტი და იუვემ 10 ჯერ დაარტყა ინტერის კარისკენ.

ამ სიტუაციაში იუვეს კლასიკური ფორვარდი სჭირდებოდა, რომელსაც საჯარიმოში თამაში ეხერხება - იგუაინი გამოვიდა და გოლიც შეაგდო.

დიბალა-იგუაინი-რონალდოს სამეული არ გამოდის

როგორც აღვნიშნე, მეორე ტაიმის დასაწყისში იუვეს დიდი უპირატესობა ჰქონდა და იგუაინიც ბერნარდესკის ნაცვლად სწორედ ამიტომ გამოვიდა. თუმცა, როგორც კი იუვეს დიბალა-იგუაინი-რონალდოს ტრიო ერთდროულიყო იყო მოედანზე, ინტერმა მოედნის ცენტრში მაშინვე დაიწყო თავისუფალი სივრცეების პოვნა  და პრესინგიდან ამოსვლა და ბურთის გათამაშება გაუდვილდა. იუვეს არცერთი შემტევი არც პრესინგშია საუკეთესო და არც აგრესიული ბურთის ართმევა ეხერხება. ამ სამეულის ერთად თამაში მხოლოდ იმდენად სუსტი გუნდების წინააღმდეგ წარმომიდგენია, რომელსაც იუვესთვის პრობლემების შექმნა ნაკლებად შეუძლიათ. სარიმ ამ ყველაფერს ზუსტად 9 წუთი უყურა და დიბალას ნაცვლად დამატებითი ნახევარმცველი, ემრე ჯანი შემოიყვანა.

ნახეOOPS!..WE DID IT AGAIN! - იუვემ ინტერს ისევ მოუგო და მაგრად დასცინა

დე ლიხტთან ერთად იუვეს დაცვას უჭირს

მატეის დე ლიხტთან ერთად იუვემ მეორე დიდი თამაში ჩაატარა და ისევე, როგორც ნაპოლისთან, ინტერთანაც იუვეს კარში გოლი დე ლიხტის შეცდომას მოჰყვა. დე ლიხტმა ჩაწოდების დროს ძალიან უცნაურად ითამაშა და ხელი იმ სიტუაციაში გასწია, როდესაც თავით უნდა ეთამაშა. ეს მცველისთვის ძალიან უხეში ტექნიკური შეცდომა იყო.

გაშვებული გოლის გარდა, დე ლიხტი ბევრ სხვა სიტუაციაშიც ცდებოდა. იგი ბურთზე გადის და დაცვის მთლიანობას და კომპაქტურობას არღვევს. მარტივად რომ ვთქვა, ის ჰოლანდიური სკოლის მცველია, მოთამაშე, რომელიც ბურთზე კონცენტრირდება და არა სივრცეზე, იტალიური დაცვის სისტემა კი, პირველ რიგში, სივრცის დაცვას გულისხმობს. რომ არა ბონუჩის ძალიან კარგი თამაში იუვე მეტსაც გაუშვებდა.

ძალიან ორგანიზებული ინტერი

ანტონიო კონტე ინტერში სულ რამდენიმე თვეა, თუმცა გუნდმა მისი სახასიათო სტილი უკვე შეიძინა. ინტერი ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ერთი სტატისტიკური დეტალი - ინტერი იუვესთან 22-ჯერ დაჯარიმდა, იუვე კი მხოლოდ 8-ჯერ. კონტეს ინტერი ძალიან აგრესიული გუნდია, რომელიც ყველა წევრიც ძალიან კარგად არის ფიზიკურად მზად.

იუვეს სხვა კლასი აქვს

ერთი შეხედვით, ინტერი იუვეს არცერთ ძირითად კომპონენტში არ ჩამორჩა. დაახლოებით თანაბარი იყო ბურთის ფლობა, იუვეს მესამედზე თამაშის 27 პროცენტი წარიმართა, ინტერის მესამედზე კი - 30. თუმცა მიუხედავად ამისა, იუვე მაინც უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ამის მიზეზი ფეხბურთელების კლასია. როგორც სწორად აღნიშნა მატჩის ბოლოს მილოშ შკინიარმა, გადამწყვეტი შემტევების კლასი აღმოჩნდა. ინტერი ძირითადად ჩაწოდებების ან პრესინგის შედეგად მოპოვებული ბურთების იმედზე იყო. იუვემ საჰაერო ბრძოლების 63 პროცენტი მოიგო და ჩაწოდებების ნაკლებად ეშინოდა.

წაიკითხე'იუვენტუსს ჯერ ვერ შევედრებით, ის სხვა დონეა' - რა თქვეს მწვრთნელებმა დერბის შემდეგ

ინტერის შემტევებისგან განსხვავებით, იუვეს თავდასხმის ხაზი ბევრად უფრო კარგად ქმნიდა მომენტებს და უფრო ხარისხიანად იყენებდა მათ. მეორე გოლიც სწორედ ასე გავიდა - იუვეს შემტევებმა ბურთი ისე გაათამაშეს, რომ ინტერის დაცვამ ვერაფერი მოახერხა - გონსალო იგუაინი დასარტყმელ პოზიციაზე ზედიზედ 24 პასის შემდეგ გავიდა. ეს შეტევა სარის საყვარელი სტილის გამოხატულება იყო - ერთდროულად ბევრი, სწრაფი მოკლე პასი, როდესაც შემტევი გუნდი ბურთს ისე სწრაფად ამოძრავებს, რომ დაცვა ვერაფერს ახერხებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები