Thumbnail
  • იულიან ნაგელსმანი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია
  • გერმანელს ლაიპციგთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს

მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონი ცუდად დაიწყო. ‘წითელმა ეშმაკებმა’ პირველ 8 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვების მოპოვება შეძლეს და პრემიერლიგის ცხრილში მე-12 ადგილზე არიან. ინგლისური კლუბის ცუდი ფორმიდან გამომდინარე, მედიაში ხშირია საუბარი, რომ გუნდს მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი მალე დატოვებს. ნორვეგიელი სპეციალისტის ხელში გუნდი თავიდან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო დროს პრობლემებმა იმატა, რაც გუნდის შედეგებზე აისახება.

Sportsmail-ის ინფორმაციით, იუნაიტედის ხელმძღვანელობა სულშერის შემცვლელად ლაიპციგის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს განიხილავს. იგი 2016 წელს, 28 წლის ასაკში, ჰოფენჰაიმის თავკაცად დაინიშნა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. გერმანიაში მას მალევე შეარქვეს ზედმეტსახელი ‘პატარა მოურინიო’.

იულიანის მისვლამდე, ჰოფენჰაიმი გერმანიის ჩემპიონატში დარჩენისთვის იბძოდა. ნაგელსმანმა პირველ სრულყოფილ სეზონში შეძლო და გუნდი ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზე გაიყვანა, რითაც ჰოფენჰაიმმა ისტორიაში პირველად მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის უფლება.

გერმანელი სპეციალისტი ივნისში ლაიპციგში გადაბარგდა. კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 2023 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა მანჩესტერში სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში ნაგელსმანს ‘ოლდ ტრაფორდზე’ ნახავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები