Thumbnail

ტოტენჰემმა ჟედსონ ფერნანდეში დაიმატა - 21 წლის პორტუგალიელს ოცნება აუხდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბენფიკას ნახევარმცველი 18-თვიან იიჯარით ტოტენჰემში გადავიდა
  • 21 წლის პორტუგალიელი ლონდონელთა სტადიონმა აღაფრთოვანა

ლონდონის ტოტენჰემმა ლისაბონის ბენფიკადან ჟედსონ ფერნანდეში დაიმატა. ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 21 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი “დეზებში” საიჯარო ხელშეკრულებით, 18 თვის ვადით გადავიდა. ვადის ამოწურვის შემდეგ ტოტენჰემს ფერნანდეშის ტრანსფერის 65 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

ჟედსონ ფერნანდეშმა, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდის ღირსებას 30-ნომრიანი მაისურით დაიცავს, კომენტარი აღფრთოვანებულმა გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს, გადავიდეს ისეთ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერლიგაა და ასეთ დიდ კლუბში მოსვლა ჩემი ოცნება იყო. ყველანაირად შევეცდები, რათა კლუბს ყოველ ვარჯიშსა და ყოველ თამაშში დავეხმარო. ყოველდღე ვიმუშავებ, რათა გუნდს ყველგან გამოვადგე, სადაც კი შესაძლებელია. სიტყვები არ მყოფნის, რათა კლუბის სტადიონი აღვწერო. მსგავსი რამ არასდროს მინახავს - ეს უბრალოდ დაუჯერებელია".

ჟედსონ ფერნანდეშის იჯარის დამატების შესაძლებლობას მანამდე პრემიერლიგის სხვა კლუბები: ლონდონის ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და ვესტ ჰემიც განიხილავდნენ. ეს უკანასკნელი ბენფიკასთან შეთანხმებულიც იყო, თუმცა თავად ფეხბურთელმა უპირატესობა მაინც ტოტენჰემს მიანიჭა, სავარაუდოდ, ჟოზეს ფაქტორის გამო, რომელიც მისი თანამემამულეა.

ჟედსონ ფერნანდეშმა ბენფიკას ღირსება პორტუგალიის ჩემპიონატში სეზონის 7 მატჩში დაიცვა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ცენტრალურ ნახევარმცველს, რომელიც პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა, ეროვნულ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა. 

ლონდონის ტოტენჰემს ინგლისის პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები