Thumbnail

2 ქართველი სიმბოლურში - ჩელენჯ ქაფზე გიგაშვილი და გაჩეჩილაძე გამოარჩიეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბექა გიგაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის თამაში Allrugby-მ დააფასა
  • ქართველ მორაგბეებს კარგი სტატისტიკა ჰქონდათ და მაღალი ქულები ერგოთ

ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე – ბექა გიგაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე მოხვდა. ჩვენებურთა გარჯა ფრანგულმა Allrugby-მ დააფასა, რომელიც საუკეთესო თხუთმეტეულს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ადგენს.

Allrugby-ს სიმბოლური ნაკრები

შეგახსენებთ, რომ 27 წლის გიგაშვილის ტულონმა სტუმრად უელსურ სკარლეტს 27:15 სძლია, ქართველმა პირველხაზელმა კი ჩინებულად ითამაშა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბექამ თამაში ტრადიციულად მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყო, 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, იქვე, ფრანგულ გუნდს ჰუკერი ბასტიენ სოური დაუშავდა და ჩვენებურმა თამაში სწორედ კვაჭის პოზიციაზე დაასრულა.

საბოლოოდ, Allrugby-მ გიგაშვილს 158.10 ქულა მიანიჭა და ის მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე პირველ ნომრად დაასახელა. ბექამ სეკოპე კეპუს (ლონდონ აირიში, 151.30), ბიი ალოს (ვოსპსი, 143.90), ვილფრიდ ჰოუნკპატინსა (კასტრი, 139.75) და რიჩარდ პალფრამანის (ვუსტერი, 139.06) აჯობა.

მიმდინარე სეზონშიც ჩინებულად გამოიყურება რუსული ენისეის 29 წლის მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომლის გუნდსაც გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი უწევს, თუმცა, ჩვენებური არავის ეპუება.

კრასნოიარსკელებმა სტუმრად ინგლისურ ვუსტერთან 10:66 წააგეს, გაჩეჩილაძემ კი, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა, თავის გამოჩენა ამ თამაშშიც მოახერხა.

მიხეილ გაჩეჩილაძე

მიხეილს 199.80 ქულა ერგო და მას მესამეხაზელთა შორის ბრისტოლელი დანიელ ტომასის (207.75) შემდეგ მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა, რისი წყალობითაც Allrugby-მ ქართველი ლეგიონერი სიმბოლურ გუნდში მე-7 ნომრის პოზიციაზე შეიყვანა.

გაჩეჩილაძემ უკან მარკო მამა (ვუსტერი, 176.89), ენტონი იელონჩი (კასტრი, 161.64) და ბაპტისტ დელაპორტე (კასტრი, 160.67) მოიტოვა.

ფრანგულმა გამოცემამ ჩემპიონთა თასი სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, სადაც მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ინგლისური გლოსტერის 27 წლის პირველხაზელი ვალ რაფავა რუსკინი მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ის ცნობილი ქართველი მორაგბის გია რაფავას ვაჟია.

კომენტარები

ბოლო ამბები