Thumbnail

მესიმ მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა და მას ვერასდროს გამოიცნობ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას კაპიტანმა მისთვის ყველაზე უხერხული მეურვე დაასახელა
  • ის არც სერხიო რამოსია, არც დიეგო გოდინი და არც ვირჯილ ვან დაიკი
  • გსმენიათ რამე ჟირონას 22 წლის მცველის პაბლო მაფეოს შესახებ?

ბარსელონას 32 წლის კაპიტანმა ლიონელ მესიმ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომლის მეურვეობის ქვეშ თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა. ის არც რეალის მცველი სერხიო რამოსი, ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი დიეგო გოდინი ან ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს ჟირონას მცველი პაბლო მაფეოა.

"არის ხოლმე უსახური და უცნაური მატჩები, როდესაც ვიღაც გმეურვეობს. ზოგადად, ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში ხშირად არ მომხდარა და ეს არც მაწუხებს. 

ყველაზე რთული მეურვე? მართლა ძნელი გასახსენებელია. ალბათ, ჟირონას მოთამაშე, მაფეო. მასთან ძნელი იყო მეტოქეობა.

რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ უხეშობას, ამაზე არასდროს დამიჩივლია. მგონია, რომ შეჯახება და ჩარტყმაც ფეხბურთის ნაწილია. ეს მხოლოდ მაშინ მაღელვებს, როდესაც მეტოქეს ზიანის მოყენება განზრახული აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თამაშის ნაწილია და ამას ცუდად არ აღვიქვამ", - აქვეყნებს მესის სიტყვებს ესპანური მედია.

როგორც ჩანს, პაბლო არგენტინელის შესაჩერებლად ყველა ხერხს მიმართავს

22 წლის პაბლო მაფეო ჟირონას ღირსებას იჯარით იცავს, მისი კონტრაქტი კი გერმანულ შტუტგარტს ეკუთვნის. 

ბარსელონა, რომელსაც სულ ახლახან მწვრთნელი შეეცვალა, ლა ლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობს და რეალს მხოლოდ დამატებით მაჩვენებლებით უსწრებს. მომდევნო ტურის მატჩს კი კიკე სეტიენის გუნდი 19 იანვარს, შინ გრანადასთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები