Thumbnail

'აგუეროს პასებს თვალდახუჭული გავუკეთებდი ' - ქინქლაძე სიტის ნომინანტებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სპორტის სამყაროში თითქმის არაფერი ხდება, ამიტომაც მედია სხვა თემებზე გადაერთო - Onefootball-მა მანჩესტერ სიტის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო. 

სიტის ყველა დროის საუკეთესო XI-ში უკვე მოხვდნენ მეკარე ბერტ ტრაუტმანი, მარჯვენა მცველი პაბლო საბალეტა, მარცხენა მცველი გლინ პარდო, ცენტრალური მცველები აიმერიკ ლაპორტი და ვენსან კომპანი, ასევე პირველი ნახევარმცველი: იაია ტურე.

მეორე ნახევარმცველის შერჩევისას ბოლოს სამი ნომინანტი დარჩა: გიორგი ქინქლაძე, ფერნანდინიო და კოლინ ბელი. საბოლოოდ, სიმბოლურში კოლინ ბელი მოხვდა, რომელსაც 60-70-იან წლებში "სიტის მეფეს" უწოდებდნენ. ქართველი ლეგიონერი კი მესამე ადგილზე გავიდა.

Onefootball ქინქლაძეზე

"ქინქლაძის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ მოხვდა ფეხბურთელი შესაფერის გუნდში, მაგრამ შეუფერებელ დროს.

ის 1995 წელს ალან ბოლმა აიყვანა. ქართველმა დინამომ მალევე ააჩქარა მეინ როუდელთა თამაში სისწრაფუსა და დაბალი გრავიტაციული ცენტრის წყალობით.

მისი ბრწყინვალება არ გამოდგა საკმარის გუნდის გავარდნისგან სახსნელად, მაგრამ გახდა ფანების საყვარელი ფეხბურთელი. მან კიდევ ორი წელი უერთგულა გუნდს, სანამ სიტი მესამე დივიზიონში არ გავარდა, ქინქი კი აიაქსში გადავიდა.

საბოლოო ჯამში მისი კარიერა მიუღწეველი პოტენციალის ისტორიაა. ვინ იცის, რა იქნებოდა, ქინქლაძე სიტის ისტორიაში უფრო წარმატებულ პერიოდში რომ მოხვედრილიყო კლუბში".

📺 გიოს გოლი საუთჰემპტონის კარში

ეს ჩემი გუნდი იქნებოდა

სხვათა შორის, Onefootball-ის მსგავსი ვერსია გამოთქვა თავად ქინქლაძემაც 2018 წელს Daily Mail-თან საუბარში:

"დროდადრო ვუყურებ სიტის თამაშებს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემს სტილს კარგად მოერგებოდა. როგორც PlayStation-ზეა - სილვა აწვდის სტერლინგს, ის - დე ბრუინს - "ბუმ, ბუმ, ბუმ"! ახლა რომ სიტის ფეხბურთელი ვყოფილიყავი, აგუეროს პასს ისე გავუკეთებდი, მისკენ გახედვაც არ დამჭირდებოდა".  

კომენტარები

ბოლო ამბები