Thumbnail

ევროლიგა არ ნებდება - პრიორიტეტი სეზონის არსებული ფორმატით დასრულებაა

ევროლიგის აღმასრულებელმა საბჭომ სხდომა გამართა, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება განიხილა.   

ევროლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, სხდომაზე გადაწყდა, რომ შეჯიბრება მაშინვე განახლდება, როგორც კი ტურნირის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ოპტიმალური პირობები შეიქმნება. ამასთან, ევროლიგა აპირებს, გაითვალისწინოს ჯანდაცვის შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების რეკომენდაციები.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგს იძულებითი პაუზა აქვთ

რაც მთავარია, ევროლიგის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი სეზონის არსებული ფორმატით დასრულებაა. ამრიგად, ლიგას რეგულარული სეზონის ჩამთავრება, შემდეგ კი პლეი ოფისა და ოთხთა ფინალის ჩატარება სურს. პრიორიტეტი იგივეა საკალათბურთო ევროთასის სეზონთან მიმართებაშიც.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება უარესობისკენ შეიცვლება, ევროლიგა განიხილავს შეჯიბრების ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტებს.

ევროლიგის მიმდინარე სეზონი 12 მარტს, 29-ე ტურის მატჩების წინ შეწყდა. ითქვა, რომ თამაშები 11 აპრილიდან უნდა განახლდეს.

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელების, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი, ბასკონია ასპარეზობს. ვიტორიელებს 16 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები