Thumbnail

'ვკბენდი და ვურტყამდი' - როგორ ცდილობდა უკრაინელი კობის დამტვრევას

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბრაიანტი მოედნიდან კოჭლობით გავიდა, თუმცა, დაბრუნდა და 38 ქულა ჩაგვიგდო'
  • კირილო ფესენკომ NBA-ში გატარებული პერიოდიდან რამდენიმე ამბავი გაიხსენა

ვეტერანი უკრაინელი ცენტრი კირილო ფესენკო NBA-ში გატარებულ პერიოდს გამოეხმაურა და გამოტყდა, რომ ერთ-ერთ მატჩში ლოს ანჟელეს ლეიკერსის ვარსკვლავის, აწ ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტისთვის ტრავმის გამიზნულად მიყენებას ცდილობდა. კირილოს ნაამბობში სხვა საინტერესო დეტალებიცაა.

“ისე გამოვიდა, რომ NBA-ში გატარებულ პერიოდში ლეიკერსისა და შესაბამისად, კობის წინააღმდეგ თამაში ყველაზე ხშირად მომიწია. 4 სეზონიდან სამში იუტა ჯაზს პლეი-ოფიდან სწორედ ლოს ანჟელესელები აგდებდნენ და ეს, მწარედ მახსოვს. ბრაიანტი დიადი კალათბურთელი იყო და მის წინააღმდეგ თამაში საოცრად რთული გახლდათ. იყო მატჩი, როდესაც მას აშკარად ვურტყამდი, ვკბენდი, რამდენჯერმე ხელი ვუბიძგე და ყველანაირად ვეცადე, რომ დაშავებულიყო. ბოლოს მუხლით ბარძაყში მივარტყი, ამ დროს დიდი შანსია, კუნთი დაზიანდეს და სპორტსმენი მწყობრიდან გამოვიდეს. ლეიკერსმა ტაიმ-აუტი აიღო და ბრაიანტი სკამისკენ კოჭლობით წავიდა. თითქოს, მიზანს მივაღწიე, მაგრამ ის მოედანზე დაბრუნდა, მგონი, 38 ქულა ჩაგვიგდო და მატჩი მარტომ მოიგო.

ჩემი აზრით, კობი საუკეთესო კალათბურთელია, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია. მოედანზე ლებრონთანაც ვყოფილვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბრაიანტი მასზე მაგარია. სხვათა შორის, ერთი ეპიზოდი ჯეიმსთან დაპირისპირებიდანაც მახსოვს. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც ჩემთან ანდრეი კირილენკო მოვიდა და მითხრა, “ფეს, დაიმახსოვრე, თუკი ლებრონმა სიჩქარე აკრიფა, გაეცალე, არ ახტე, თორემ, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები". ეს, ნამდვილად სასარგებლო რჩევა იყო. მაგალითად, ის ბიჭები, რომელთაც შაკილ ო’ნილის წინააღმდეგ თამაში ელოდათ, ღამე ვერ იძინებდნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ შაკს ისინი არ შეერცხვინა. საკმარისი იყო მას დადგომოდით, ან შუაზე გადაგამტვრევდათ, უკეთეს შემთხვევაში კი, სახალისო ჰაილაითების ათეულში გქონდათ ადგილი გარანტირებული”.

ცნობისთვის, 33 წლის ფესენკო იუტა ჯაზის ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა, 2012 წელი ინდიანა პეისერსში გაატარა, ამჟამად კი, მშობლიურ დნეპროპეტროვსკშია და დნიპროს მაისურით თამაშობს. კირილოს NBA-ში 135 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი 2.3 ქულა და 2.0 მოხსნა გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები