Thumbnail

როგორ ჩაშალა ჩინელმა კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი მილანში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო მილანში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო
  • ‘როსონერის’ ყოფილმა დირექტორმა გაამხილა, რატომ არ შედგა ტრანსფერი

2018 წლის ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, ყველა კრიშტიანო რონალდოს რეალ მადრიდიდან ტურინის იუვენტუსში ტრანსფერზე ლაპარაკობდა. როგორც ირკვევა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანამდე სხვა იტალიურ კლუბში გადასვლასთან იყო ახლოს - კერძოდ, მილანში!

ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს ‘როსონერის’ ყოფილი სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი. როცა ცხადი გახდა, რომ CR7-ის გადაბირება შეიძლებოდა, მილანში ამისათვის თურმე ყველაფერს აკეთებდნენ და მიზანთან ძალიან ახლოსაც იყვნენ.

“ჩვენ მაშინ რონალდოს ტრანსფერის თაობაზე მის აგენტ ჟორჟე მენდეშს ვესაუბრეთ. გვქონდა ინფორმაცია, რომ რეალსა და რონალდოს შორის პრობლემები იყო,” - განაცხადა ექს-ფუნქციონერმა ტელეკომპანია Sportitalia-სთან ინტერვიუში და ახსნა, რატომ არ შედგა ეს მეგა-ტრანსფერი: “ჩვენ რონალდოს გადმოსაბირებლად აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ კლუბის ჩინელი მფლობელი წინააღმდეგი იყო. რონალდოს ტრანსფერი მილანში სწორედ მან დაბლოკა, რადგან მიაჩნდა, რომ კლუბი ასეთ ფინანსურ რისკზე ვერ წავიდოდა.”

მასიმილიანო მირაბელი პირდაპირ ამბობს, რომ მილანი მაშინ ამჟამინდელი მფლობელების ხელში რომ ყოფილიყო, რონალდო ახლა ‘როსონერის’ ფეხბურთელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ჩინელმა მფლობელმა კრიშტიანოში 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდა და მისთვის დიდი ხელფასის დანიშვნა ვერ გარისკა. სამაგიეროდ, ეს იუვენტუსმა გააკეთა და გაგახსენებთ, რომ ტრანსფერის შემდეგ იუვეს აქციების ფასი 100 პროცენტით გაიზარდა. აღარაფერს ვამბობთ რონალდოს მაისურებით მიღებულ შემოსავალზე...

კომენტარები

ბოლო ამბები