Thumbnail
  • გენტის 19 წლის ქართველი ნახევარმცველი სერია A-ს სამ კლუბს აინტერესებს
  • გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით კვლავაც ვერ ახერხებს 

იტალიური მედია გიორგი ჩაკვეტაძისადმი რომას ინტერესზე ისევ წერს. როგორც ირკვევა "ჯალოროსის" სპორტული დირექტორი მონჩი ბელგიური გენტის 19 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის შესაძლებლობას კვლავაც განიხილავს, სეზონის ბოლომდე დააკვირდება მის გამოსვლას და მომავალ ზაფხულს ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

რომა ევროპული ტოპჩემპიონატის ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირება სურს. სერია A-ში გიორგის მომავალს ლაციოსაც უკავშირებენ, სულ ახლახან კი გენუის სამპდორიას ინტერესზეც დაიწერა

სამწუხაროდ, თავად ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას კვლავაც ვერ ახერხებს. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო თებერვალში აღარ უთამაშია, სტანდარდთან ჟუპილერ ლიგის მატჩში გენტის განაცხადში არ არის. არადა, ბელგიური გუნდის მწვრთნელი ქართველის სწრაფად დაბრუნებას ერთი კვირის წინაც აანონსებდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა

გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ამ ზამთარს ბევრი დაიწერა. ქართველი ფეხბურთელით, იტალიური კლუბების გარდა, ესპანეთიდან ინტერესდებოდნენ რეალი და ბარსელონა (კატალონიელთა სკაუტები საქართველოს ნაკრების ანდორასთან მატჩსაც დაესწრნენ), ინგლისიდან - მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და ბორნმუთი, გერმანიიდან - ბაიერნი და დორტმუნდი, ასევე - პსჟ და დონეცკის შახტარი.

გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, ბელგიურ გენტში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ავტორიტეტული პორტალი transfermarkt ახალგაზრდა ქართველის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 9 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები