Thumbnail
  • 📅 2 მარტი | ⌚ 23:30 | ⚽ ლაციო V რომა
  • სიმონე ინძაგის გუნდი დერბის 4-მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება
  • დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი თამაში მოიგეს
  • სერია A-ს ამ ტურში სტადიონებზე დავიდე პასტორის გაიხსენებენ

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ორი სუპერმატჩია. "სკუდეტოს" მთავარი პრეტენდენტები - ტურინის იუვენტუსი და ნაპოლი, კვირას საღამოს ითამაშებენ, შაბათს კი "სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული დერბია - ლაციო რომას დაუპირისპირდება.

როგორც წესი, დედაქალაქურ დერბის ვნებათაღელვა მხოლოდ სათამაშო მოედანზე არ ახლავს. ახლაც, ლაციოს გულშემატკივრები პრინციპულ მეტოქესთან მატჩის წინ ანტისემიტური ქვეტექსტის მქონე აქციით გამოირჩნენ. რომის ერთ-ერთ რაიონში, შენობის კედელზე გაჩნდა წარწერა: "რომანისტა ანა ფრანკი", იქვე მიხატული სვასტიკით. შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით პოლიცია გაჩნდა და გამოძიება დაიწყო, წარწერა კი მალევე წაშალეს. არადა, ფანატების მსგავსი აქციის გამო ორი წლის წინ ლაციო 50 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მაშინ "ოლიმპიკოზე" სტიკერები გაჩნდა, სადაც ანა ფრანკი რომას ფორმით იყო წარმოდგენილი.

საერთოდ, კი რომაული დერბი, რომლის ისტორია 1929 წლიდან იწყება, განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიულობით გამორჩეულია და მას არაერთი დაპირისპირება, უწესრიგობა და მსხვერპლიც მოჰყოლია. 

სერია A-ს ამ ტურის ყველა მატჩში, ფიორენტინას შარშან დაღუპული კაპიტნის დავიდე ასტორის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ყველა არენის ტაბლოზე ფეხბურთელის ფოტოსურათი 13 წამით გამოჩნდება.

ლაციო

იმობილემ თასზე მილანთან ვერაფერი გააწყო

სიმონე ინძაგის გუნდს არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას. ლაციო ევროპალიგას 1/16-ფინალიდან, სევილიასთან ორივე მატჩის წაგების შემდეგ გამოეთიშა, შუალედში ჩემპიონატში სტუმრად ჯენოასთან დამარცხდა, ბოლოს კი იტალიის თასის ½-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ მილანთან არცთუ სასურველი შედეგი დააფიქსირა (0:0).

სერია A-ში ევროთასების საგზურის მომტან ექვსეულში ადგილისთვის გააფთრებული ბრძოლაა. სიმონე ინძაგის გუნდს 38 ქულა აქვს. ამდენივე ქულა, მაგრამ თამაშით მეტი აქვთ ატალანტასა და ტორინოს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა რეზერვში აქვს, ქულების ფლანგვის ფუფუნება ლაციოს ნამდვილად აღარ აქვს და უკვე ამ ტურის შემდეგ მისთვის გადასწრების თეორიულ შანსს მეათეადგილოსანი სამპდორიაც კი ფლობს.

მომავალ დერბიში სიმონე ინძაგის გუნდს ტრამვების გამო ბრაზილიელი მცველი უოლასი, ნახევარმცველები: ვალონ ბერიშა და ჯორდან ლუკაკუ ვერ დაეხმარებიან.

რომა

ჯეკომ სერია A-ს ბოლო 5 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა

ამ ტურის წინ რომას 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ ქულა აშორებს - მეოთხეზე მილანია.

"მგლები" დერბის გაცილებით უკეთეს ფორმაში ხვდებიან. რომამ ყველა ტურნირში გამართულ ბოლო 11 შეხვედრიდან 8 მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო - ფიორენტინასთან თასზე (1:7). ამ დისტანციაზე არ ყოფილა არცერთი მატჩი, რომელშიც გუნდს გოლი არ გაეტანოს, 11-იდან 8 თამაშში კი მინუმუმ ორს იტანდა.

წინა შაბათს რომამ სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი ფროზინონე დაამარცხა (3:2), გამარჯვების გოლი კი მეხუთე კომპენსირებულ წუთზე ედინ ჯეკომ შეაგდო.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს ტრავმირებული, ფორვარდი პატრიკ შიკი და ნახევარმცველი ჯენგიზ უნდერი ჰყავს. პრობლემები აქვს და საეჭვოა კოსტას მანოლასის თამაში.  

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში რომას უპირატესობა უდიდესია: 8 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი.

⚽ პირველ წრეში რომამ ანგარიშით 3:1 მოიგო. წინა სეზონშიც უპირატესობა “ჯალოროსის” ჰქონდა - მოგება (2:1) და ფრე (0:0).

⚽ რომაული დერბი, როგორც წესი, უხვგოლიანი გამოდის. ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ სიმონე ინძაგის გუნდის მოუგებელი სერია ყველა ტურნირში უკვე 4 მატჩს შეადგენს - 3 წაგება და ფრე.  

⚽ იტალიის ჩემპიონატში რომის ლაციოს ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ ლაციო სერია A-ს საუკეთესო გუნდების ფონზე, საკმაოდ ცოტას იტანს - 33 გოლი 24 ტურში. ეს ჩემპიონატში მე-10 მაჩვენებელია.

⚽ "ბიანკოჩელესტის" კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფრო ეხერხება - 27 მიღებული გოლი ჩემპიონატში მეშვიდე შედეგია.

⚽ საშინაო მატჩებს ლაციო უკეთესად მართავს. ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, სამ-სამჯერ კი მოიგო და ფრედ დაასრულა.

⚽ რომა სერია A-ში სტუმრად ზედიზედ 4 მატჩია არ აგებს - 3 მოგება, 1 ფრე. მანამდე გუნდს სტუმრად 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

⚽ ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ზედიზედ ოთხ შეხვედრში მინიმუმ ორ გოლის გატანა მოახერხეს.

⚽ რომამ იტალიის ჩემპიონატში ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში სულ ცოტა 3 გოლის გატანა მოახერხა.

⚽ რომას გატანილ-გაშვებული ბურთები ჩემპიონატში: 49:33. გატანილი გოლების რაოდენობით "ჯალოროსი" ლიგაში მესამეა, გაშვებულებით - მეათე.

რომაული დერბი ექსცესების გარეშე  იშვიათობაა

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბაშტუში, აჩერბი, რადუ - რომულო, პაროლო, ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ალბერტო - იმობილე.

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - დე როსი, ნ'ზონზი - ძანიოლო, პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო.

კომენტარები

ბოლო ამბები