Thumbnail
  • პორტუ 3:1 (დ.დ.) რომა
  • ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში პირველად, მოგებული დამატებით ტაიმებში გაირკვა
  • პორტუმ მიზანს 117-ე წუთზე, VAR-ის გამოყენებით დანიშნული პენალტით მიაღწია
  • ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ნახევარფინალისტი რომა ტურნირს დაემშვიდობა

პორტუმ "დრაგაუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში რომა დრამატულ ბრძოლაში, დამატებით ტაიმებში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

სერჟიო კონსეისაოს გუნდს იტალიის დედაქალაქში ანგარიშით 1:2 ჰქონდა წაგებული და გულშემატკივრის მხარდაჭერით გამხნევებულმა თავიდანვე იერიში მიიტანა მეტოქეზე. თამაშამდე რომაელთა რიგებში საეჭვო ჩანდა ნიკოლო ძანიოლოს თამაში, რომელმაც რომში დუბლი შეასრულა, მაგრამ 19 წლის ფეხბურთელი "დრაგაუზე" თავიდანვე გამოჩნდა, ისევე, როგორც ეუსებიო დი ფრანჩესკოს დაცვის ბურჯი - კოსტას მანოლასი, რომლის თამაშიც ასევე სათუო იყო.

არადა, მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა სწორედ ბერძენმა მცველმა მისცა, რომელმაც ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ხესუს კორონა სტუმართა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, ბურთი მუსა მარეგას დაუტოვა, ამ უკანასკნელმა კი შეტევაში ჩართულ სოარეშს, მეკარისგან დაუცველ კუთხეში გაატანინა.

სტუმრებს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭირდათ. დიეგო პეროტის იერიში საჯარიმოში ედერ მილიტაომ აშკარად წესების დაცვით შეაჩერა და არბიტრმაც 11-მეტრიანი თამამად და სამართლიანად დანიშნა. დანიელე დე როსიმ იტალიელები არ დააღალატა - იკერ კასილიასი საპირისპირო მხარეს გადახტა.

დე როსიმ გათანაბრების შემდეგ მალევე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა

რომას კაპიტანს გოლის სიხარული ტაიმის მიწურულს მიღებულმა ტრავმამ გაუუფერულა. დე როსიმ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ეუსებიო დი ფრანჩესკომ კი მის ნაცვლად მოედანზე ლორენცო პელეგრინი შეუშვა.
 
შესვენების შემდეგ პორტუმ კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშში წინ გასვლა. მარეგას სტუმართა მეკარე რობინ ოლსენმა გატანაში ხელი ზედიზედ მეორედ ვეღარ შეუშალა. იქამდე კი რომაელებმა პორტუს მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთის ხეირიანად ამოტანა ვერ შეძლეს და კონტრშეტევის განხორციელების ნაცვლად, იერიში საკუთარ კართან მიიღეს. საგოლე პასი ხესუს კორონამ შეასრულა.

მუსა მარეგამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა

მასპინძლებს გატანა ძირითადი დროის ამოწურვამდე კიდევ შეეძლოთ, მაგრამ რომას მეკარემ ჯერ შეცვლაზე შემოსულ იასინ ბრაჰიმს არ გაატანინა, შემდეგ კი - ოტავიოს. წერტილის დასმის მაგარი შანსი რომასაც ჰქონდა, მაგრამ პეპეს უხეში შეცდომის შემდეგ, დიეგო პეროტიმ 100-პროცენტიანი მომენტით ვერ ისარგებლა.

პორტუს გულშემატკივრებმას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლით გაიხარეს

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში პირველად, თამაში დამატებით ტაიმებში გაგრძელდა და აქ უკვე რომაელებმა, კონკრეტულად კი ედინ ჯეკომ 2-წუთიან მონაკვეთში ორჯერ ძალიან ხელსაყრელ ეპიზოდში ვერ შეძლო კასილიასის კარში ბურთის შეგდება და პრაქტიკულად, ამით თავისი გუნდი მარცხისთვის გაიმეტა. სულ მალე ვიდეოგამეორების გამოყენებით, არბიტრმა ალესანდრო ფლორენციზე რომას საჯარიმოში წესების დარღვევა დააფიქსირა. რომაელმა თავის საჯარიმოში მაისურით ფერნანდო აშარად დაიჭირა, რისთვისაც თავად ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუმ კი - 11-მეტრიანის შესრულების უფლება. ალექს ტელესმა 117-ე წუთზე ოლსენს დუელი მოუგო - 3:1.

დარჩენილ წუთებში VAR-ისა და არბიტრის დახმარების იმედი რომასაც მიეცა მას შემდეგ, რაც მარეგასთან ორთაბრძოლაში, საჯარიმოში წაქცეული შიკი 11-მეტრიანს ითხოვდა, მაგრამ არა - არბიტრმა პენალტი ამჯერად აღარ დანიშნა და პორტუმაც რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. 

პორტუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა 15 მარტს გაიმართება, სადაც პორტუ მომავალი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

საინტერესო ფაქტები

⚽ პორტუმ ამ ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლის გატანა ოთხივე საშიანო მატჩში მოახერხა.

⚽ მუსა მარეგა მეექვსე მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.

⚽ პეპე და ექტორ ერერა ¼-ფინალის პირველ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებენ.

⚽ რომა პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგაში, რომელმაც გოლი ზედიზედ 31 გასვლით მატჩში გაუშვა.

⚽ რომას ლეგენდამ და კაპიტანმა დანიელე დე როსიმ ევროთასებზე თავის 98-ე შეხვედრა ჩაატარა.

⚽ კოსტას მანოლასმა რომას მაისურით ყველა ტურნირში მე-200 შეხვედრა ჩაატარა.

პორტო 3:1 (დ.დ.) რომა

გოლები: 1:0 სოარეში (26’), 1:1 დე როსი (37’ პენ.), 2:1 მარეგა (52’), 3:1 ტელესი (117' პენ.).

პორტუ (4-4-2): კასილიასი - მილიტაო (103' პერეირა), ტელესი, ფელიპე, პეპე - ერერა, დანილო, ოტავიო (93' ერნანი), კორონა (69' ბრაჰიმი) - სოარეში (78' ფერნანდო), მარეგა.

რომა (3-4-3): ოლსენი - ჟესუსი, მანოლასი, მარკანო (77' კრისტანტე) - კარსდორპი (55' ფლორენცი), ნ’ზონზი, დე როსი (45’ პელეგრინი, 93' შიკი), კოლაროვი - ძანიოლო, ჯეკო, პეროტი.

კომენტარები

ბოლო ამბები