Thumbnail

ერთი წელი ნიკი ლაუდას გარეშე - შარშან ფორმულა 1-მა თავისი სული დაკარგა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უმძიმესი ავარიიდან 42 დღეში დაბრუნებით მან თავის დროზე ყველა გააოცა
  • დღეს, 20 მაისს, ნიკი ლაუდას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
  • ლეგენდარული მრბოლელი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

ზუსტად ერთი წლის წინ სპორტის სამყარომ ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა! 2019 წლის 20 მაისს ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. 

ფორმულა 1-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1975, 1977, 1984) კარიერის პიკში, ნიურბურგრინგზე დაუჯერებელ ავარიას გადაურჩა (1976). ნიკი ავიაკომპანიას ფლობდა, ბიზნესმენი იყო, ასევე სატელევიზიო ექსპერტი და 2012 წლიდან მერსედესის გუნდის შეფი გახლდათ. ნიკი ლაუდას სახელი ბრძოლასთან ასოცირდება - ის არასდროს ნებდებოდა. ნიკი ლაუდა მსოფლიო ბრენდია!

1976 წელი, ავარიის შემდეგ - ნიკის სახე დაეწვა და ფილტვები და თირკმელები დაუზიანდა

1976 წლის უმძიმესი ავარიის შემდეგ ლაუდას მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ავარიის დროს ლაუდამ არა მარტო სახე, არამედ ფილტვებიც დაიზიანა.

📺 ნიკი ლაუდას ავარია (1976, ნიურბურგრინგი)

მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა და დამწვრობებისა, ავარიიდან 42 დღის შემდეგ ტრეკზე დაბრუნდა და ტიტულის შენარჩუნების შანსიც ჰქონდა. წლების შემდეგ, ნიკი ლაუდას ორჯერ გაუკეთეს თირკმელების ტრანსპლანტაცია.

შარშანწინ, აგვისტოს დასაწყისში ნიკის ფილტვის ტრანსპლანტაციაც გაუკეთეს, რის შემდეგაც რეაბილიტაციას ლუცერნის კლინიკაში გადიოდა. გარდაცვალებამდე დაახლოებით სამი კვირის წინ კი მის ორივე თირკმელს პრობლემები შეექმნა, რის გამოც დიალეზისთვის შვეიცარიის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ყველასათვის მოულოდნელი იყო.

ნიკი თავის მეუღლე ბირგიტ ლაუდასთან ერთად. მათ 2008 წელს იქორწინეს. 2005 წელს ბირგიტმა ნიკისთვის თირკმელი გაიმეტა

ნიკოლაუს ანდრეას ლაუდა დიდი მებრძოლი იყო და სწორედ ამის შედეგია ის, რომ 70 წლის ასაკამდე იცოცხლა. ნიკის პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი, ბირგიტ ლაუდასთან კი - 10 წლის ტყუპები ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები