Thumbnail
  • სკალონიმ 23-კაციანი სია დაასახელა
  • კოპა ამერიკა ბრაზილიაში გაიმართება

არგენტინის ნაკრების თავკაცმა კოპა ამერიკისთვის საბოლოო, 23-კაციანი სია გამოაქვეყნა. მარტში ვენესუელის ნაკრებთან სამარცხვინოდ წაგებულ მატჩში (1:3) დაბრუნებული ლიონელ მესი, რა თქმა უნდა, გუნდშია, რომელშიც აღარ მოიძებნა მაურო იკარდის ადგილი.

კოპა ამერიკა 14 ივნისს-7 ივლისს ბრაზილიაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები უკანასკნელი კოპას ფინალისტია - 2016 წელს ამერიკაში კოპა ამერიკა სენტენარიოზე არგენტინის ნაკრები ფინალში (0:0) ჩილესთან პენალტების სერიაში დამარცხდა - 2:4. მესიმ, რომელმაც პირველი პენალტი ვერ გაიტანა, ფინალის მერე პირველად გამოაცხადა ნაკრებიდან წასვლა. თუმცა ლეო მალევე, ორ თვეში დაბრუნდა გუნდში.

3 წლის წინ კოპას ფინალში მესიმ პენალტი ვერ გაიტანა

იკარდიმ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან საკონტრაქტო დავის გამო კარგა ხანს არ თამაშობდა, მაინც შეძლო ამ სეზონში 36 მატჩში 17 გოლის გატანა ინტერის მაისურით, თუმცა ეს ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ინტერის ფორვარდი არგენტინის ნაკრების მიღმა 2018 წლის მუნდიალზეც დატოვეს.

წაიკითხე| ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ტურნირზე გასახურებლად არგენტინას ამხანაგური მატჩი შინ ნიკარაგუის წინააღმდეგ ექნება. კოპაზე არგენტინის მეტოქეები B ჯგუფში კოლუმბია, პარაგვაი და ყატარი არიან.

არგენტინის ნაკრები

მეკარეები: ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), აგუსტინ მარჩეზინი (ამერიკა)

მცველები: ნიკოლას ოტამენდი (სიტი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი), მარკოს აკუნია (სპორტინგი), რენცო სარავია (რასინგი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), მილტონ კასკო (რივერ პლეიტი)

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (პსჟ), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (პსჟ), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ექსეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი).

კომენტარები

ბოლო ამბები