Thumbnail

ბრაზილიაში 2019 წლის მთავარი სანაკრებო ტურნირი, 47-ე კოპა ამერიკა იწყება, რომელსაც გულშემატკივარი ყოველთვის მოუთმენლად ელის - ეს არამხოლოდ ის ტურნირია, რომელზეც მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ვარსკვლავები და სამხრეთამერიკული ფეხბურთის გრანდები შეგვიძლია ვნახოთ, არამედ, შეგვიძლია ვიგრძნოთ ლათინური ფეხბურთის და კულტურის მთელი ხიბლი და სპეციფიკა.

წლევანდელ კოპა ამერიკას ის თავისებურება აქვს, რომ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სამხრეთამერიკულ ნაკრებებს ოფიციალური თამაში, ფაქტობრივად, არ ჩაუტარებიათ. შემოდგომიდან მომდევნო მუნდიალის შესარჩევი ტურნირი იწყება და წლევანდელი კოპა, გუნდებისთვის, ფაქტობრივად, ახალი ციკლის დასაწყისი, ახალი სასტარტო წერტილია.

მასპინძელი და ტურნირის ფორმატი

ზემოთ სამხრეთამერიკული ფეხბურთის სპეციფიკა ვახსენეთ და ამ კატეგორიაში აუცილებლად იგულისხმება არცთუ ისე გამართული სატურნირო სისტემა. კოპა ამერიკას ჩატარების წლები, მონაწილეთა რაოდენობა, ტურნირის ფორმატი და რეგლამენტი იმდენად ხშირად იცვლება ხოლმე, რომ კოპაზე წერა, აუცილებლად ტურნირის ფორმატის განმარტებით უნდა დავიწყოთ.

2019 წლის კოპა ბრაზილიაში ტარდება, კერძოდ, მის 5 ქალაქში - სან პაულო, რიო, ბელუ ორიზონტე, პორტუ ალეგრე და სალვადორი. ბრაზილიას 2014 წლის მუნდიალის შემდეგ გამართული ინფრასტრუქტურა აქვს და მასპინძლობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

უფრო რთულადაა საქმე ტურნირის ფორმატის შემთხვევაში. კოპაზე 12 მონაწილეა, 10 სამხრეთამერიკულ გუნდს ყატარი და იაპონია დაემატნენ. წლევანდელ კოპაზე ვერ ვიხილავთ მექსიკას და ცენტრალური ან ჩრდილოეთ ამერიკის სხვა გუნდებს.

ეს 12 გუნდი 3 ჯგუფშია განაწილებული და შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში, ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. ტურნირი სამი კვირის მანძილზე გრძელდება - 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

ბრაზილია - უპირველესი ფავორიტი

მასპინძელი ბრაზილია ტურნირის უპირველეს ფავორიტად მიიჩნევა. ეს ლოგიკურია: ბრაზილია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინაც, სამხრეთ ამერიკაში, ყველაზე ძლიერ გუნდად გამოიყურებოდა და არცთუ ისე წარმატებული მუნდიალის შემდეგ, ბრაზილიელებმა გუნდის შენება თავიდან არ დაიწყეს, შეინარჩუნეს მწვრთნელი და არსებული ბირთვი. ფაქტობრივად, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრები უკვე რამდენიმე წელია შენდება და კოპაზე მასპინძლები თავის კონკურენტებზე ერთი თავით წინ იქნებიან - როგორც შემადგენლობის, ასევე გუნდის ორგანიზაციის მხრივ.

ბრაზილია ორმაგად მოტივირებული იქნება. გარდა იმისა, რომ მასპინძლები არიან, წინა კოპაზე ისინი ჯგუფში დარჩნენ და საერთოდაც, 2007 წლის შემდეგ, კოპაზე ფინალშიც კი არ ყოფილან!

შემადგენლობა

ტიტეს ხელში, 3 წლის მანძილზე, 'სელესაოს' მხოლოდ ორი თამაში აქვს წაგებული. ბრაზილიის მასშტაბით ტიტე დაცვითი ტიპის მწვრთნელია, ის სან პაულოს საფეხბურთო სკოლას წარმოადგენს, რომელიც პირველ რიგში დისციპლინასა და თამაშის ორგანიზაციასთან ასოცირდება - ამ მხრივ, სან პაულოს სკოლა დიამეტრულად განსხვავდება რიოს საფეხბურთო კულტურისგან, რომელიც სილაღესა და შემოქმედებითობაზე დგას. ტიტემ თავისი კარიერა სწორედ სან პაულოს კორინთიანსში გაიკეთა.

ტიტეს გუნდის მთავარი პრობლემა შეტევაში თამაშია - იქამდე, სანამ 'სელესაო' რამდენიმე დღის წინ ჰონდურასს (7:0) და ყატარს (2:0) დამაჯერებლად მოუგებდა, ბრაზილიას 5 ამხანაგური შეხვედრა ჰქონდა, რომლებშიც 1 გოლზე მეტი მხოლოდ ერთხელ გაიტანა. თუმცა, აღსანიშნავია დაცვის კარგი თამაში - ბოლო 7 თამაშში 'სელესაომ' მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ბრაზილიას ძალიან სტაბილური და ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ტიტემ შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კაზემირო, ფერნანდინიო, თუმცა ვეტერანების გვერდით, რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო - როგორც მაგალითად, აიაქსის შემტევ დავიდ ნერეშს, მილანის ლუკაშ პაკეტას და რიშარლისონს.

სანაცვლოდ, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა. პირველ რიგში რეალ მადრიდის მარსელო, ტიტეს ბოლო წლების ფავორიტი პაულინიო, დუგლას კოშტა და ლუკას მოურა უნდა მოვიხსენიოთ. ამ ფეხბურთელებს ნაკრებში ერთად 200-მდე თამაში ჰქონდათ ჩატარებული და წლების მანძილზე, 'სელესაოს' ბირთვს ქმნიდნენ. თუმცა, ლუკას მოურას ტიტე, ტრადიციულად, ნაკლებად წყალობს, ხოლო დანარჩენებს (მარსელო, დუგლას კოშტა კოშტა, პაულინიო) კი წელს არცთუ ისე კარგი სეზონი ჰქონდათ და ტიტეს არჩევანიც ლოგიკურია.

როგორც აღვნიშნე, დაცვაში ბრაზილიას ყველაფერი წესრიგში აქვს: ტიაგო სილვა-მარკინიოსის დუეტი ცენტრში და დანი ალვეში-ფელიპე ლუისი ფლანგებზე ძალიან ძლიერ დაცვას ქმნიან. მათ ნაცვლად ტიტე ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს რეალის ახალწვეულ მილიტაოს, იუვენტუსის ალექს სანდროს, ან გამოცდილ მირანდას ინტერიდან.

ბრაზილიის დაცვის სიძლიერეს ისიც განაპირობებს, რომ ძირითადის ოთხიდან სამი მოთამაშე (მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დანი ალვეში) ერთ კლუბში, პარი სენ-ჟერმენში, თამაშობენ და მათ შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.

საყრდენის პოზიციაზე ბრაზილიას ორი ძალიან ძლიერი ჩამშლელი ჰყავს - ფერნანდინიო და კაზემირო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბრაზილიისთვის გოლის გატანა ძალიან რთული ამოცანა იქნება.

უფრო პრობლემატურია წინა ხაზი. შეტევაში ბრაზილიის თამაშის ორგანიზება ძირითადად ორ მოთამაშეს ევალება - ნეიმარს და კოუტინიოს. ორივეს ცუდი სეზონი ჰქონდა - ნეიმარი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ახალი ტრავმა მიიღო, რის გამოც კოპა ამერიკას საერთოდ გამოტოვებს (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ), ხოლო კოუტინიო კი ბარსელონადან ამოვარდნილად გამოიყურება და იმდენად ცუდად თამაშობს, რომ დიდი ალბათობით, კატალონიის დატოვება მოუწევს.

არც თავდასხმის ხაზი აძლევს ბრაზილიის გულშემატკივარს ერთმნიშვნელოვნად მშვიდად ყოფნის საშუალებას. ტიტეს ორი თავდამსხმელი ჰყავს - სიტის გაბრიელ ჟეზუში, რომელმაც მთელი სეზონი სათადარიგო სკამზე გაატარა და ლივერპულის რობერტო ფირმინო, რომელიც კარგ ფორმაშია, თუმცა უფრო გუნდური ფეხბურთელია, ვიდრე ინდივიდუალისტი. კლოპის სისტემას იგი იდეალურად ერგება, თუმცა 'სელესაოში' როგორ ითამაშებს, ეს სხვა საკითხია. ტიტე უფრო მეტად გაბრიელ ჟეზუშს ენდობა, მანაც ბოლო ამხანაგური მატჩები კარგად ჩაატარა და გოლებიც შეაგდო, თუმცა ყატარის ან ჰონდურასის ტიპის მეტოქეებთან ჩატარებული კარგი თამაშები საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას მაინც არ გვაძლევს. შარშან, მუნდიალზე, გაბრიელ ჟეზუში ცუდად გამოიყურებოდა და არც შეცვლაზე შემოსული რობერტო ფირმინო ბრწყინავდა ხოლმე.

ბრაზილიას იოლი ჯგუფი შეხვდა - ბოლივიის, პერუს და ვენესუელას წინააღმდეგ 'სელესაოს' პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, პლეი ოფში კი ტიტემ უნდა შეძლოს და შემტევი თამაში დაალაგოს.

პრობლემები და გამოწვევები

ნეიმარის საკითხი ბრაზილიის ამ თაობის მთავარ გამოწვევად იქცა. ტიტეს გუნდის თამაში შეტევაში თითქმის ერთპიროვნულად ნეიმარის ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. ბოლო ორ სეზონში, ორი სერიოზული ტრავმის შემდეგ, ნეიმარი უფრო რეგრესირებს, ვიდრე პირიქით. გასული წლის მუნდიალზეც, ის ფაქტი, რომ ნეიმარი თავის თავზე ძალიან, უფრო სწორად, ზედმეტად ბევრს იღებდა, ძალიან კარგ ბრაზილიის ნაკრებს ძვირი დაუჯდა. ბრაზილიის გავარდნის შემდეგ, ნეიმარს ბევრი კრიტიკა შეხვდა.

წაიკითხე | შეუსრულებელი მისია - რეალურად რა ძალაა ნეიმარი

ნეიმარის ფაქტორი პრობლემებს ქმნის მოედნის მიღმაც - ის ამ თაობის ბრაზილიის ერთადერთი სუპერვარსკვლავია, რომელიც ზომაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. სულ რამდენიმე დღის წინ, ტიტემ მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და ტიაგო სილვას გადასცა - ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. ამას დაემატა ინციდენტი ვარჯიშზე თანაგუნდელთან, გაუპატიურების ბრალდება პარიზში, საკუთარი ვერტმფრენით მისვლა ნაკრების ბაზაზე და ახალი ტრავმა ყატართან მატჩში. და ეს მხოლოდ ბოლო 1 კვირაში!

მოკლედ, ნეიმარი, გარდა იმისა, რომ დიდი ფეხბურთელია, მისი გუნდში ყოლა და მისი მართვა იოლი ამოცანა არ არის. ტიტესთვის ნეიმარის გუნდში ყოფნაც გამოწვევა იყო და მის გარეშე დარჩენაც ძალიან რთული იქნება. ბრაზილიელთა მწვრთნელმა ხარისხიანი შეტევითი თამაშის ორგანიზებისთვის ალტერნატიული გზები უნდა მოიფიქროს. იმ ფონზე, როდესაც ბრაზილიელთა საუკეთესო ფეხბურთელები უკანა ხაზში თამაშობენ, ეს იოლი არ იქნება. ბოლო თამაშების ტენდენციაა, რომ ტიტე ახალგაზრდებს ენდობა - ბოლო თამაშებია, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე სტაბილურად თამაშობს ევერტონის რიშარლისონი, ნეიმარის ტრავმის შემდეგ კი მისი პოზიცია, მარცხნიდან, აიაქსის დავიდ ნერეშს ერგო.

არგენტინა - ტრადიციული პრობლემებით

ბრაზილიისგან განსხვავებით, არგენტინა ახალ საფეხბურთო ციკლს იწყებს - უფრო სწორად, ცდილობს, დაიწყოს. წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ შესაფერისი მწვრთნელი ისევ ვერ იპოვნა და გუნდი ლიონელ სკალონის ანდო. მას აქამდე არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონია და მხოლოდ ასისტენტად მუშაობდა. თავდაპირველად, ამ პოსტზე იგი მხოლოდ დროებით მოიაზრებოდა, თუმცა, რადგან ფედერაციამ სხვა შესაფერისი კანდიდატი ვერ იპოვნა, ისევ სკალონი დატოვეს.

ეს კოპა ამერიკა ალბათ პასუხს გასცემს კითხვაზე ღირს, თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ციკლის სკალონისთან ერთად დაწყება. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ნულოვანი გამოცდილების მქონე სკალონის დანიშვნა უცნაურ და ზედმეტად რისკიან გადაწყვეტილებად გამოიყურება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გაისად, 2020 წლის ზაფხულში, კოპა ამერიკას არგენტინა მასპინძლობს და არგენტინელები ყველაფერს იზამენ, რომ საშინაო ტურნირისთვის მაინც ჰყავდეთ ორგანიზებული და კონკურენტული გუნდი. ამ ფორმაციის ნაკრები კი უფრო მეტ კითხვას იწვევს, ვიდრე პასუხებს გვაძლევს. ჩნდება იმის განცდა, რომ არგენტინამ ერთი წელი მხოლოდ დაკარგა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მეორდება, რომ უდიდესი საფეხბურთო კულტურის ქვეყანას კორუმპირებული და არაეფექტური ფეხბურთის ფედერაცია და მენეჯმენტი ჰყავს. პოჩეტინოს, სიმეონეს ან თუნდაც პეკერმანის ტიპის მწვრთნელები ცდილობენ, რომ იმ სტრესულ და ქაოტურ საქმიანობას, რასაც ამ მენეჯმენტის პირობებში არგენტინის ნაკრებში მუშაობა ჰქვია, თავი აარიდონ.

დადებითი ფაქტორი ის არის, რომ მუნდიალის მერე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ლეო მესი ნაკრებში დაბრუნდა. მესის და მისი თაობისთვის ეს კოპა (უფრო მეტად კი შემდეგი ზაფხულის საშინაო კოპა) ერთ-ერთი ბოლო შანსია, ნაკრებში რაიმე ღირებული რომ მოიგონ.

ბოლო ორი კოპა არგენტინამ ფინალში დათმო, ორივეჯერ ჩილესთან და ორივეჯერ პენალტებით. თუ ამას დამატებით დროში, მუნდიალის ფინალში, გერმანიასთან მარცხსაც დავუმატებთ, ნათელი ხდება, რომ ამ თაობის გუნდისთვის რომელიმე დიდი სანაკრებო ტიტულის მოგება იდეაფიქსად იქცა. კოპა 'ალბისელესტეს' საერთოდაც 1993 წლის შემდეგ არ მოუგია.

არგენტინას რთული ჯგუფი შეხვდა. პირველივე თამაშში მათ კოლუმბიასთან დაპირისპირება მოუწევთ, მეორე თამაშში კი პარაგვაისთან, რომელიც, ტრადიციულად, დაცვიდან კარგად თამაშობს. ალბათ 'ალბისელესტესთვის' სასურველი იქნებოდა, რომ ტურნირი მათ უპირობო აუტსაიდერ ყატართან თამაშით დაეწყოთ, იოლი გამარჯვებით თვითრწმენა მოეპოვებინათ და დრო გუნდის დასალაგებლად გამოეყენებინათ. პირველივე თამაშში კოლუმბიასთან წარუმატებლობის შემთხვევაში მესის გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

შემადგენლობა

არგენტინას დაუბალანსებელი გუნდი ჰყავს - მესის და აგუეროს ტიპის სუპერვარსკვლავების გვერდით 'ალბისელესტეს' განაცხადში, შეიძლება ისეთი ფეხბურთელებიც ვნახოთ, როგორებიც რივერ პლეიტის მატიას სუარესი და კლუბ ამერიკას გვიდო როდრიგესი არიან.

ყველაზე დიდი სიურპრიზი მაურო იკარდის განაცხადს მიღმა დატოვება გახდა. თუმცა, სკალონის გადაწყვეტილებაში არის ლოგიკა. მას შემდეგ, რაც იკარდის ინტერში კაპიტნობა ჩამოართვეს, ჯერ ფიქტიური თუ რეალური ტრავმის მიზეზით, მან გუნდთან ერთად ვარჯიშსა და თამაშზე უარი თქვა, რამდენიმე თვე გაუცდა, დაბრუნების შემდეგ კი ფორმაში აღარ იყო და რამდენიმე თვეა, თამაშიდან გოლი არ გაუტანია. საერთოდაც, იკარდი ადამიანურად თითქმის არავის უყვარს, როგორც არგენტინის ნაკრებში, ისევე მის კლუბში, მილანის ინტერში.

მუნდიალის შემდეგ, 'ალბისელესტემ' 9 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 2 დათმო. ამ თამაშებში არგენტინის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა და რთული სათქმელია, თუ რა გუნდით აპირებს სკალონი თამაშს. უკანასკნელ თამაშში მან 4-3-3 სქემით ითამაშა და სავარაუდოა, რომ ეს სქემა ძირითადი იქნება კოპაზე. თუმცა, ბოლო 5 თამაშიდან სამჯერ მან ასევე 3-4-2-1 სქემა გამოიყენა და შესაძლოა, რომ ამ ტაქტიკურ სქემას სკალონიმ კოპაზეც მიმართოს.

გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე შემტევი ხაზია - მესის, დი მარიას და აგუეროს გარდა, არგენტინას განაცხადში ინტერის ლაუტარო მარტინესი და იუვენტუსის პაულო დიბალა ჰყავს. ამ ფორმაციის გუნდში თითქოს ნაკლებად არის მასკერანოს ტიპის ჩამშლელების ადგილი. სკალონი ამხანაგურ მატჩებში უფრო მეტად პარედესის და ლო სელსოს ტიპის ფეხბურთელებს ენდობოდა - მოთამაშეებს, რომელთა ყველაზე ძლიერი მხარე ბურთის დაჭერა და პასებია.

პრობლემები და გამოწვევები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკალონის გუნდისთვის ორგანიზება - ანუ ფეხბურთელების ერთ სისტემად, ერთ კონცეფციად გარდაქმნა, ყველაზე დიდი პრობლემაა. გუნდს არც მყარი ტაქტიკური სქემა აქვს და არც ერთიანი ბირთვი, რომელსაც შეიძლება სკალონი დაეყრდნოს. ძალიან რთულია წარმატებაზე ფიქრი, როდესაც ბოლო 5 ამხანაგურ მატჩში გუნდს 5 სხვადასხვა მეკარე ჰყავდა.

სკალონის მთავარი გამოწვევაც ეს იქნება - ჩემპიონობას თუ ვერ მიაღწევს, შექმნას იმ გუნდის მონახაზი, რომელსაც შესარჩევში და მომდევნო კოპაზე დაეყრდნობა და დაარწმუნოს გულშემატკივარი და ფედერაციაც, რომ მასთან მუშაობის გაგრძელება ღირს.

მეორე ეშელონი - ჩილე, ურუგვაი, კოლუმბია

თუ ვინმე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს შორიდან უყურებს და ტრადიციულად, ეს ტურნირი მხოლოდ არგენტინის და ბრაზილიის შეჯიბრად მიაჩნია, ძალიან ცდება. იმ ფონზე, რომ არგენტინას მუდმივი პრობლემები აქვს, ბრაზილიას კი სუპერგუნდი დიდი ხანია აღარ ჰყოლია, ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ კოპას სწორედ ე.წ. “მეორე ეშელონის“ გუნდები იგებენ. 2007 წლის შემდეგ, ბოლო სამი კოპაც - ურუგვაიმ და ჩილემ დაისაკუთრეს. წელსაც, ურუგვაის, ჩილეს და კოლუმბიას ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვთ.

ბოლო წლების ტენდენცია ისიც იყო, რომ სამივე ამ გუნდს დიდი ვარსკვლავები ჰყავდა - ჩილეს წარმატებებში გადამწყვეტი როლი არტურო ვიდალმა და ალექსის სანჩესმა ითამაშეს, ურუგვაი სუარესი-კავანის დუეტზე იდგა, ხოლო კოლუმბიის საკვანძო მოთამაშეებად კი ხამეს როდრიგესი და რადამელ ფალკაო მიიჩნეოდნენ.

ჩილე

კოპას ბოლო ორგზის ჩემპიონი ჩილე 2018 წლის მუნდიალზე ვერ გავიდა და გუნდში დიდი ცვლილებები დაიწყო. ჩილე ცდილობს, შემდეგი მუნდიალისთვის ახალი გუნდი ააშენოს, მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ - კოლუმბიელი რეინალდო რუედა. გუნდის ბირთვი ვეტერანებისგან შედგება, რომელთაც ნელ-ნელა გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ. გუნდის ლიდერები ვიდალი, ალექსის სანჩესი, ჩარლზ არანგისი, გარი მედელი და გონსალო ხარა 30 წელს გადაცილებულები არიან, თუმცა ჩილეს ახალი თაობა არ არის იმდენად ვარსკვლავური, რომ ეს ფეხბურთელები ღირსეულად შეცვალონ. ჩილეს წელს ჩემპიონობის კიდევ ერთხელ მოპოვება ძალიან გაუჭირდება - ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გუნდის ლიდერებს არცთუ ისე კარგი სეზონი ჰქონდათ - ალექსის სანჩესი სეზონის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად იქცა, ხოლო არტურო ვიდალი ბარსელონაში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

ჩილეს საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა - ურუგვაი, ძალიან მოუხერხებელი იაპონია და ეკვადორი. პირველ ეტაპზე მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფიდან გასვლაზე უნდა იზრუნოს. განსაკუთრებით ცუდად ჩილე დაცვაში გამოიყურება - მუნდიალის შემდეგ გუნდმა 8 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და ამ თამაშებში 12 გოლი გაუშვა.

ურუგვაი

ჩილეს მსგავსად, ასევე ბევრი ვეტერანი ჰყავს ურუგვაის, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ გუნდის ლიდერები ასაკის გამო ფორმაში არ არიან. ურუგვაის ძალიან სტაბილური, გამოცდილი და კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავს. ოსკარ ტაბარესი ურუგვაის 2006 წლიდან წვრთნის, გუნდის ძირითადი ბირთვი კი თითქმის 10 წელია ერთად თამაშობს. ურუგვაის სასტარტო შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ევროპულ გრანდებში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვთ. გუნდის ლიდერების ედინსონ კავანის და ლუის სუარესის გვერდით, თამაშობენ ატლეტიკოს დაცვის დუეტი დიეგო გოდინი და ხოსე ხიმენესი, იუვენტუსის მარტინ კასერესი, არსენალის ლუკას ტორეირა და ინტერის მატიას ვესინო.

ურუგვაი ტრადიციულად ძალაინ ათლეტური და მებრძოლო გუნდია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში საუკეთესოა დაცვაში, თავდასხმაში კი სუარესი-კავანის დუეტზე აკეთებს აქცენტს.

ვარსკვლავური დუეტის გარდა, ურუგვაი ძალიან სახიფათოა სტანდარტებზე, გუნდში რამდენიმე თავით თამაშის სპეციალისტი ირიცხება.

გასულ მუნდიალზე ურუგვაიმ მეოთხედფინალს მიაღწია და იქ მხოლოდ ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა. ამ თაობას შემდეგ მუნდიალზე თამაში ალბათ აღარ მოუწევს და ეს კოპაც მათი ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ 2011 წლის ტრიუმფის შემდეგ კიდევ ერთი ღირებული წარმატება იზეიმონ. ტრადიციული გრანდებთან ერთად ურუგვაი კოპაზე ალბათ უძლიერესი გუნდი იქნება.

კოლუმბია

კოლუმბიის ბანაკში მთავარი სიახლე თებერვალში მწვრთნელის ცვლილება იყო. გუნდში პორტუგალიელი კარლოს კეირუში მივიდა. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ კოპათი დაიწყებს კეირუში თავისი გუნდის შენებას. კეირუშს ძალიან კარგი და დაბალანსებული გუნდი ხვდება. ხოსე პეკერმანთან ერთად კოლუმბია უკვე რამდენიმე წელია, სამხრეთ ამერიკაში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. გუნდის ძირითად ბირთვს ის მოთამაშეები ქმნიან, რომლებიც წამყვან ევროპულ გრანდებში ასპარეზობენ - ხამეს როდრიგესი ბაიერნიდან, რადამელ ფალკაო მონაკოდან, კრისტიან საპატა მილანიდან, სანტიაგო არიასი ატლეტიკოდან, ხუან კვადრადო იუვენტუსიდან, დევინსონ სანჩესი ტოტენჰემიდან. ფაქტობრივად, კოლუმბიის სასტარტოს თერთმეტივე ფეხბურთელი წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობს.

კოლუმბიის პრობლემად შეიძლება ის იქცეს, რომ გუნდის ლიდერებს არცთუ ისე კარგი სეზონი ჰქონდათ.

ფალკაოს მონაკო კინაღამ გავარდა, ხოლო ხამესმა კი ბაიერნში ფეხი ვერ მოიკიდა. ტრავმების გამო რთული სეზონი გამოუვიდა ხუან კვადრადოს, თუმცა სანაცვლოდ ძალიან კარგ ფორმაშია დუვან საპატა, რომელიც ატალანტაში სერია A-ს მთავარ აღმოჩენად იქცა. 23 გოლით იგი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის იყო.

კოლუმბიამ წინა მუნდიალზე ძალიან ღირსეულად ითამაშა და პლეი ოფში ინგლისთან პენალტებით დამარცხდა. ეს კოპა ამ ფორმაციის გუნდისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსია, რაიმე ღირებული რომ მოიგოს.

არცთუ ისე აუტსაიდერები

სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთის დონე ამაღლდა. კოპა ამერიკაც და მუნდიალისთვის შესარჩევიც ძალიან რთულ ტურნირად მიიჩნევა. ტრადიციულმა აუტსაიდერებმა, ანუ ისეთმა გუნდებმა, როგორებიც ვენესუელა და ეკვადორი არიან, ბოლო წლებია, მაღალ დონეზე, ფეხბურთის ორგანიზებულად თამაში დაიწყეს. ვენესუელამ, რომელსაც ტომას რინკონის (ტორინო) და ხოსე რონდონის (ნიუკასლი) გარდა წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში ფეხბურთელი არ ჰყავს, სულ ცოტა ხნის წინ არგენტინა დაამარცხა და ბოლო რამდენიმე კოპაა, ძალიან მოუხერხებელ მეტოქედ, დაცვით და კარგად ორგანიზებულ გუნდად, იქცა.

პარაგვაი ტრადიციულად ასევე უხერხული მეტოქეა. 2011 წელს პარაგვაიმ კოპას ფინალს მიაღწია. მას შემდეგ პარაგვაის გუნდი დასუსტდა და პარაგვაელები წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში მხოლოდ მინიმალურად არიან წარმოდგენილები, თუმცა ეს ნაკრები ტრადიციულად გუნდურ, დისციპლინირებულ თამაშზე აკეთებს აქცენტს და სამხრეთ ამერიკაში დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა.

იოლი არ იქნება ასევე პერუს და ეკვადორის დამარცხება. ამ ორივე გუნდს ჰყავს გამოცდილი ვეტერანები - პაულო გერერო და ჯეფერსონ ფარფანი პერუს და ანტონიო ვალენსია ეკვადორს. თუმცა, ამ გუნდების ყველაზე ძლიერი მხარე გუნდური თამაშია. არცთუ ისე ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, მათ ერთ თამაშში ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხება შეუძლიათ. შემთხვევითი არ არის, რომ პერუმ გასულ წელს მოახერხა და სამხრეთ ამერიკის ძალიან რთული საკვალიფიკაციოდან მუნდიალზე გასვლა მოახერხა.

ხელწამოსაკრავი ალბათ არც მოწვეული იაპონიის ნაკრები იქნება. შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიამ საერთოდაც კოლუმბიის დამარცხება და პლეი ოფში გასვლა მოახერხა. ეს გუნდი ბევრს მოძრაობს და ძალიან კარგად ორგანიზებულია, თუმცა სიმაღლის, გაბარიტების და მეორე სართულზე თამაშის პრობლემა აქვს.

ყატარის და ბოლივიის გარდა, ამ კოპაზე არცერთი გუნდი იოლად მოსაგები არ იქნება.

წლევანდელი კოპა ფეხბურთის მოყვარულებს ბევრ საინტერესოს პირდება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ შეგვიძლია, სამხრეთამერიკული ნაკრებები ახლოდან ვნახოთ - ვუყუროთ მაღალი ხარისხის ფეხბურთს, თამაშებს, რომელშიც აუტსაიდერები, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ.

კოპას მთავარი კითხვა ის იქნება, მოახერხებს თუ არა მესის არგენტინა ან ნეიმარის გარეშე დარჩენილი ბრაზილია დიდი სანაკრებო ტიტულის მოგებას, თუ ბოლო სამი ტურნირის მსგავსად ურუგვაი, ჩილე ან კოლუმბია შეძლებენ სამხრეთ ამერიკის უძლიერესი ნაკრების ჯილდოს მოპოვებას.

კომენტარები

ბოლო ამბები