Thumbnail

ოთხშაბათი, 5 ივნისი, შუადღე, როლან გაროსის დასრულებამდე 5 დღე, პოპსპორტის ოფისი.

მე რედაქტორს – „კვირას, ნადალი როლან გაროსს მოიგებს და რაფაზე დაწერა მოგვიწევს.“

რედაქტორი (ჯოკოვიჩის გულშემატკივრისთვის სახასიათო ფრთხილი სკეპტიციზმით ნადალისადმი): „დარწმუნებული ხარ, რომ მოიგებს?“

შენიშვნა: ჯოკოვიჩის გულშემატკივარი ერთადერთი ხალხია, რაფა ნადალისადმი ფრთხილი სკეპტიციზმის უფლება რომ აქვთ.

მე (ფედერერის გულშემატკივრისთვის სახასიათო იმ უიმედობის განცდით, რომელსაც ნადალის გრუნტზე წაგების ალბათობა იწვევს): უხასიათოდ და თითქმის მდუმარედ ვეთანხმები.

ამ დიალოგის მოხმობა მხოლოდ ერთი მიზეზით დამჭირდა. არასოდეს, სპორტის არცერთ იმ სახეობაში, რომელსაც ვუყურებ, არ მინახავს არავინ ისეთი, ვისაც დომინანტურობის ისეთი ხარისხისთვის მიეღწიოს, როგორც ეს რაფა ნადალმა გრუნტზე მოახერხა.

ზემოთ როჯერ ფედერერის გულშემატკივრები ვახსენე. მგონია, რომ ფედერერის გულშემატკივარი, ჩემი ჩათვლით, ის ხალხია, რომელმაც ეს ყველაზე კარგად ვიცით. 15 წელია, როლან გაროსზე რაფას წაგებას ველოდით და ეს წაგება (თითქმის) არასოდეს არ მოსულა და ისეთი გრძნობა მაქვს, არც არასოდეს მოვა.

რატომ არის რაფა ნადალი თიხაზე დაუმარცხებელი? როგორ ახერხებს ესპანელი, რომ 15 წლის მანძილზე ასე დომინანტური იყოს, რა არის მისი თამაშის გასაღები - ამ სტატიაში ნახავთ ყველაფერს (გრუნტზე) უძლეველი ესპანელის შესახებ.

რეკორდი რომელსაც ვერ გაიმეორებენ

ჩვენ გაგვიმართლა და იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც სამი უდიდესი ჩოგბურთელი ერთდროულად თამაშობს. ისტორიაში სამი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე ერთ, ჩვენს ეპოქას, ეკუთვნის - როჯერ ფედერერს 20 დიდი სლემი აქვს მოგებული, რაფა ნადალს -18, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი - 15. მათი შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, სამივეს ერთ ეპოქაში რომ არ ეთამაშათ და ერთმანეთისთვის კონკურენცია არ გაეწიათ. ნადალის მოგებული 18 დიდი სლემიდან, აბსოლუტური უმრავლესობა -12 დიდი სლემი, სწორედ როლან გაროსზე მოდის.

ვერავინ იტყვის, რომ რაფა სხვა საფარზე - ბალახზე ან ჰარდზე ცუდი ჩოგბურთელია. პირიქით, იგი წლიდან წლამდე სხვა საფარებზეც დომინანტი მოთამაშეა, თუმცა გრუნტზე სულ სხვა ამბავია - ამ საფარზე რაფა ნადალი უპირობოდ საუკეთესოა ჩოგბურთის ისტორიაში.

რაფას გრუნტზე 58 ტიტული აქვს მოგებული. შედარებისთვის, როჯერ ფედერერს, რომელიც ამ საფარზე ასევე ძალიან კარგად თამაშობს, 28 ტიტული აქვს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი - 25.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია რაფა ნადალის სტატისტიკა როლან გაროსზე. ამ ტურნირს რაფა ყოველთვის ფორმის პიკში ხვდება. 2005 წლის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში, ნადალს როლან გაროსზე მხოლოდ ორი თამაში აქვს წაგებული - 2009 წელს რობინ სოდერლინგთან და 2015 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ერთი ტურნირიც (2016 წელი) მან ტრავმის გამო გამოტოვა.

არცერთ სხვა ჩოგბურთელს რომელიმე ერთ კონკრეტულ საფარზე ამ მასშტაბის უპირატესობა არასოდეს ჰქონია.

რატომ არის ნადალი გრუნტზე დაუმარცხებელი?

ნადალის სათამაშო სტილი გრუნტს იდეალურად ერგება. იგი ესპანური სკოლის ტრადიციული წარმომადგენელია და ეს საჩოგბურთო სკოლა (ისევე, როგორც სამხრეთ ამერიკული) უპირველეს ყოვლისა, სწორედ გრუნტზე თამაშზე აკეთებს აქცენტს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამხრეთში ბალახის კორტების მოვლა ჭირს და ტრადიციულად თიხის კორტებია. ნადალმა მალიორკასა და ბარსელონაში ჩოგბურთის თამაში სწორედ თიხაზე ისწავლა - ეს მისთვის ბუნებრივი საფარია და ამ საფარზე იგი დროს და სივრცეს იდეალურად გრძნობს. გრუნტზე რაფას თითქოს საშინაო მოედნის უპირატესობა აქვს.

რაფა ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ათლეტია. ამ კომპონენტში მისი კონკურენტი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეიძლება იყოს. რაფა ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად მოძრაობს, არასოდეს იღლება და შეუძლია აგრესია, დინამიზმი და ინტენსიურობა 4-5 საათიანი მატჩის დროსაც კი შეინარჩუნოს. თუკი ჩვეულებრივი ჩოგბურთელების დინამიზმი და ინტენსიურობა ქვეითდება ყოველი სეტის, ყოველი საათის გასვლასა და დაღლილობის მატებასთან ერთად, რაფას მისი ათლეტიზმიდან გამომდინარე, შეუძლია, გადამწყვეტ მეოთხე და მეხუთე სეტებში კიდევ უფრო დიდი სიჩქარეები ჩართოს.

გრუნტზე ბურთი უფრო ნელა ხტება, ნელი თამაშია, ჩაწოდებების და დარტყმის სიჩქარე კლებულობს, ბურთი თამაშში დიდხანს რჩება და გათამაშებები უფრო ხანგრძლივია - ამ პირობებში რაფა თავს იდეალურად გრძნობს. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება გათამაშება და რაც უფრო ხანგრძლივია თამაში, მისი ათლეტიზმიდან გამომდინარე, ნადალის უპირატესობა მეტოქესთან უფრო თვალსაჩინო ხდება. სწორედ ამიტომ, თუნდაც გრუნტზე 3-სეტიან თამაშში, რაფასთან მოგებაზე ფიქრი კიდევ შეიძლება, თუმცა ამავე საფარზე როლანდ გაროსის ხუთსეტიან ფორმაში, ნადალი პრაქტიკულად დაუმარცხებელია.

მაგალითად, ბალახზე, რომელიც ჩქარი კორტია, ბურთი დავარდნის შედეგად სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს და ძლიერი ჩაწოდების, ან დარტყმის მიღება, ძალიან რთულია, შესაძლებელია ნადალთან თამაში იმის ხარჯზე, რომ მოკლე გათამაშებებია. გრუნტზე კი მეტოქეს სხვა გზა არ აქვს, რომ ნადალთან გრძელ გათამაშებაში არ შევიდეს - ამ საფარზე რაფას პრაქტიკულად ნებისმიერი დარტყმის ან ჩაწოდების მიღება შეუძლია. მისი სისწრაფის, ათლეტურობისა და დინამიზმიდან გამომდინარე ნადალი პრაქტიკულად მთელი კორტს დაფარვა ფარავს.

თავისი ათლეტიზმის წყალობით, რაფა ჩოგბურთის ისტორიაში ალბათ საუკეთესო მცველია - კორტის საკუთარ ნახევარს იგი იდეალურად იცავს.

გრუნტზე ასევე იდეალურად მუშაობს რაფას მთავარი იარაღი - მისი მოჭრილი, ცაცია ფორჰენდი. რაფას მარტივი და ბუნებრივი უპირატესობა აქვს თავისი მეტოქეების უმეტესობასთან შედარებით - ის ცაციაა. შესაბამისად, დარტყმა, რომელსაც იგი ყველაზე ხშირად იყენებს - ფორჰენდი დიაგონალზე - მეტოქის ბექჰენდზე მიდის. ჩოგბურთელების აბსოლუტური უმეტესობისთვის ფორჰენდი შემტევი იარაღია - ამ დარტყმას ხელის წინა ნაწილით ახორციელებენ და ბურთი დიდი ძალით მიფრინავს. საპირისპიროდ ბექჰენდი, დარტყმა ხელის უკანა ნაწილით, უფრო დაცვის, მეტოქის დარტყმის მიღების და მოგერიების დროს გამოიყენება. ფორჰენდის შემთხვევაშიც, ხელის ბუნებრივი მოძრაობიდან გამომდინარე, უფრო მარტივია დიაგონალზე დარტყმა, ვიდრე ხაზზე. შესაბამისად, ცაცია ნადალის საყვარელი დარტყმა, მისი ფორჰენდი, ავტომატურად მეტოქის სუსტ მხარეს, მის ბექჰენდს უტევს.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნადალთან თამაში ძალიან უჭირს როჯერ ფედერერს, რომელიც ცალხელა ბექჰენდს ხმარობს და შეცდომის ალბათობა უფრო დიდი აქვს, ხოლო, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი მისი ძალიან სტაბილური ორხელა ბექჰენდით ნადალისთვის უხერხული მეტოქეა.

ნადალი ფორჰენდის დარტყმის დროს, ბურთს განსაკუთრებულად ატრიალებს - ბურთი მაღალი ტრაექტორიით მიფრინავს, (შედეგად იმის ალბათობა, რომ ბადეს მოხვდეს ძალიან დაბალია) და შემდეგ ეშვება მეტოქის ნახევარზე.

გრუნტზე ბურთი დაცემის შემდეგ მაღლა ხტება. შედეგად, ნადალის მოჭრილი ფორჰენდი მეტოქის თითქმის მხრის სიმაღლეზე ადის - ამ პოზიციიდან კი ბექჰენდის კარგად დარტყმა, თითქმის შეუძლებელია - მეტოქე ან შეცდომას უშვებს ან იძულებულია სუსტი დარტყმით უპასუხოს, კორტის დიდი ნაწილი თავისუფალი დატოვოს და ინიციატივა ნადალს მისცეს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნადალის შეტევა მეტოქის ბექჰენდზე ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია.

სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დათვალეს, თუ როგორ ჭრიან და ატრიალებენ ჩოგბურთელები ბურთს დარტყმის შემდეგ. ნადალის დარტყმა და მისი ტრაექტორია ამ მხრივ უნიკალურია. ფორჰენდიდან რაფას დარტყმული ბურთი წუთში 3000-ზე მეტ ბრუნს აკეთებს.

ასე დატრიალებული ბურთზე პასუხი ძალიან რთული ამოცანაა, მით უმეტეს, როდესაც ბექჰენდზე მოდის და მხრის ან თავის სიმაღლემდე ამოდის.

ნადალის მოწოდება

რაფა ნადალი საუკეთესო და ყველაზე ძლიერი ჩამწოდებლების რიცხვში ნამდვილად არ შედის. მაგალითად, შეუძლებელია მისი ჩაწოდება როჯერ ფედერერის ან პიტ სამპრასის ჩაწოდებას შევადაროთ. მათგან განსხვავებით ნადალი არც ცდილობს, რომ მხოლოდ ჩაწოდების ხარჯზე ქულა მოიგოს. 2018 წელს ნადალმა ჰარდზე 49 სეტი ითამაშა და 54 ეისი ჰქონდა - სეტში ერთ ეისზე ცოტა მეტი. ეს არცთუ ისე შთამბეჭდავი შედეგია და ბევრად ჩამოუვარდება საუკეთესო მომწოდებლების შედეგს.

ამის მიუხედავად, ნადალის ჩაწოდება ძალიან სტაბილური იარაღია. იგი იშვიათად უშვებს შეცდომას ჩაწოდების დროს და მისი ჩაწოდება პირველ რიგში არა ძალაზე, არამედ ადგილზე და ბურთის მოჭრაზეა გათვლილი. ნადალი ზუსტად იმ ზონებში (ჩვეულებრივ მეტოქის ბექჰენდზე) აწვდის და ისე ჭრის ბურთს, რომ მეტოქემ შეტევა ვერ დაიწყოს. ჩაწოდება ნადალისთვის არა ქულის მოგების, არამედ თავისი შეტევის, თავისი კომბინაციის დაწყების საშუალებაა. შედეგად, ნადალი მაინც ახერხებს, რომ თავისი ჩაწოდება დაახლოებით ისეთივე პროცენტით მოიგოს, როგორც ელიტურმა მომწოდებლებმა.

ამ კუთხითაც რაფას თამაში უფრო გრუნტის კორტებს ერგება. გრუნტის ნელ კორტზე ჩაწოდებაში უპირატესობა მნიშვნელობას კარგავს. რაც არ უნდა კარგად აწვდიდეს ჩოგბურთელი, თიხაზე ბევრი ეისებისა და სწრაფი ქულების დაგროვების საშუალება მაინც არ ექნება. შედეგად, რაფას იმის შანსიც აქვს, რომ მასზე უკეთესი მომწოდებლების ჩაწოდება მიიღოს და იმის შანსიც აქვს, რომ თავის ჩაწოდებაზე მეტოქე მისთვის სასურველ გრძელ გათამაშებაში შეიტყუოს. ნადალის ჩაწოდება გრუნტის თავისებურებებს იდეალურად ერგება. გრძელ გათამაშებაში კი ნადალი ძალიან კარგად არჩევს მომენტს, როდესაც მან თავისი შეტევა უნდა დაიწყოს.

ნადალის ბექჰენდი

ზემოთ მკითხველს შესაძლოა ლოგიკური კითხვა გაუჩნდა - თუკი ცაცია ნადალი ახერხებს, რომ თავისი ფორჰენდის დიაგონალით მეტოქის ბექჰენდს შეუტიოს, რატომ ვერ ახერხებს მისი მეტოქე, რომ თავად თავისი ფორჰენდით პრობლემები შეუქმნას რაფას ბექჰენდს?

რაფა თავის ბექჰენდს ძირითადად დაცვისთვის იყენებს, თუმცა ნადალის ბექჰენდი სტაბილურია და ამ დარტყმით იგი შეცდომებს თითქმის არ უშვებს. გარდა ამისა, რაფას ძალიან უყვარს კორტზე არაპროპორციულად დგომა - იგი თავისგან უფრო მარჯვნივ იწევს და მისგან მარცხენა მხარეს, ფორჰენდისთვის, უფრო ღიას ტოვებს, სამაგიეროდ ამცირებს სივრცეს მეტოქისთვის, რომ ბექჰენდზე შეუტიოს. მეტოქეს არც ცაცია ნადალისგან მარჯვენა მხარეს, ბექჰენდზე შეტევის სივრცე რჩება, ხოლო თუკი იგი ეცდება და ერთი შეხედვით თავისუფალ კორტის მეორე ნახევარს შეუტევს, რაფას მისი დინამიზმიდან გამომდინარე ძალიან სწრაფად შეუძლია კორტის ერთი შეხედვით თავისუფალ ნახევარზე გადასვლა და თავისი ფორჰენდით პასუხი.

რაფას ფიზიკური მომზადების საიდუმლო

ერთი შეხედვით, ნადალი დიდ დროს უნდა ატარებდეს ჯიმში, თუმცა ეს ასე არ არის.

ნადალი: „ვერ ვიტან ჯიმს და არასოდეს არ ვატარებდი იქ დიდ დროს. უბრალოდ ამის საჭიროებს ვერ ვხედავ.“

ნადალს ფიზიკური მომზადების სპეციალური პროგრამა აქვს. 2001 წლიდან მას ერთი მწვრთნელი ჰყავს - ხუან ფორკადესი. ნადალის პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს სპეციალურ აერობიკულ ვარჯიშებს, კოორდინაციას, ასევე ტროსით სიმძიმის აწევას (იგი ხელით 117 კილომდე წევს) და სპრინტერულ ვარჯიშებს აუზში და ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე.

სპეციალური მომზადების გარდა ნადალს ბუნებრივი კომპლექტაციაც უწყობს ხელს.

ტონი ნადალი: „მთელი ჩვენი ოჯახი ფიზიკურად ძლიერები ვართ. ჩემი ძმა მიგელ ანხელ ნადალი ბარსელონაში და ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა ფეხბურთს. ის ხარს ჰგავს და მეტსახელიც ასეთი აქვს - „ბარსელონელი მხეცი“. რაფაც ყოველთვის, ბავშვობიდანვე ძალიან ძლიერი იყო.“

ყველაზე აგრესიული სპორტსმენი?

რაფა ნადალი ალბათ ყველაზე აგრესიული და მოტივირებული სპორტსმენია, რომელიც მინახავს. ეს ალბათ მისი ის თვისებაა, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

მისი სათამაშო სტილი, სწორედ აგრესიასა და მოტივაციაზე დგას. შეუძლებელია, ასეთ ტემპში და ასე დინამიურად კორტზე მოძრაობა, თუ ძალიან მოტივირებული არ ხარ. ნადალს უკვე 15 წელია ვუყურებთ და ამ ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა იგი დიდი სლემის ფინალში როჯერ ფედერერს ეთამაშება თუ რიგით ტურნირზე ასეულს მიღმა მყოფ რომელიმე ჩოგბურთელს, იგი მუდამ ერთნაირი მოტივაციით, კონცენტრაციით და აგრესიით თამაშობს. 18 მოგებული დიდი სლემისა და უამრავი ტრავმის მიუხედავად, იგი მაინც მზად არის თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლოს. არც მგონია, რომ მას სხვანაირად თამაში შეუძლია.

ნადალი: „მე ყველა ბურთს ისე ვთამაშობ, თითქოს მასზე ჩემი ცხოვრება იყოს დამოკიდებული.“

მრავლისმეტყველია მისი სტატისტიკა ფინალებში. 26 ფინალიდან მას 18 მოგებული აქვს. 8 მარცხიდან კი 7-ჯერ მან ჯოკოვიჩთან (4 წაგება) და ფედერერთან (3 წაგება) წააგო (1 წაგებაც სტენ ვავრინკასთან). თავისზე უფრო დაბალი კლასის მოთამაშეებთან ნადალი გადამწყვეტ თამაშებს თითქმის არასოდეს აგებს.

რა შეცვალა ნადალმა 2019 წელს?

ნადალის მთავარი პრობლემა მისი ტრავმებია და ამ პრობლემაზე დეტალურად ქვემოთ დავწერ. რადგანაც ნადალის ტრავმების დიდი ნაწილი ქრონიკულია, მას საშუალება აქვს, თავისი მომზადება ისე დაგეგმოს, რომ ფორმის პიკზე სწორედ როლან გაროსისთვის იყოს. წლევანდელი წელი და სეზონი გრუნტზე ნადალისთვის რთულად დაიწყო. მან ჯერ მონტე კარლოში გრუნტზე ფაბიო ფონინისთან წააგო, შემდეგ ბარსელონაში, სადაც 11 წელი ზედიზედ იგებდა- დომინიკ ტიმთან, ხოლო მადრიდში სტეფანოს ციციპასთან - ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველად მის კარიერაში მან პირველი სამი გრუნტის ტურნირიდან ვერცერთი ვერ მოიგო. რომის მასტერსზე ჯოკოვიჩთან მოგებული ფინალი წელს მისი პირველი და ერთადერთი წარმატება იყო გრუნტზე.

რთული სტარტის მიუხედავად რაფასთვის მთავარი იყო, რომ ტრავმა არ მიიღო და როლანდ გაროსისთვის სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლი ჩაატარა. იგი როჯერ ფედერერის მსგავსად ეტაპობრივად ამცირებს იმ ტურნირების რაოდენობას, რომელშიც თამაშობს. როლანდ გაროსის შემდეგ უიმბლდონამდე იგი არცერთ ტურნირზე თამაშს აღარ აპირებს.

მისი თამაშიც ისე იცვლება, რომ რაფას კორტზე რაც შეიძლება ნაკლები დროის გატარება მოუწიოს. ამ ცვლილების არსი ერთია - რაფას უნდა უფრო აგრესიულად ითამაშოს და მოკლე გეიმები ჰქონდეს - ეს ნაკლებ დატვირთვას ნიშნავს. 2019 წლის დასაწყისში მან შეცვალა თავისი ჩაწოდების სტილი - პირველი მოწოდების საშუალო სიჩქარე საათში 9 კილომეტრით გაიზარდა, მეორე მოწოდების კი - 11-ით. სიჩქარის ცვლილების გარდა შეიცვალა ჩაწოდების ტექნიკა - რაფას სურს, რომ მის ტრავმირებულ მხარს ჩაწოდების დროს ნაკლები დატვირთვა მიადგეს.

შედეგად გაიზარდა რაფას ეისების რაოდენობა - სეტში 1.1-დან 2.1-მდე. ჩაწოდების გარდა, ნადალი ცდილობს შეცვალოს მისი გათამაშებებიც და გახადოს ისინი უფრო მოკლე. ეს განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრად ჰარდის კორტებზე ჩანს.

ორი წლის განმავლობაში ნადალის თამაში ბევრად უფრო სწრაფი და აგრესიული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაფას კორტზე ნაკლები დროის გატარება უწევს და ტრავმების ალბათობაც კლებულობს.

ჩაწოდების სტილის ცვლილებას სხვა მიზანიც აქვს. ზემოთ აღვნიშნე, რომ ნადალის ჩაწოდება ყველაზე ძლიერი არ არის, თუმცა იგი, ძირითადად, ბექჰენდზე აწვდის, ბურთს ჭრის და მისი ჩაწოდებული ბურთი ისე მაღლა ადის, რომ მასზე აქტიური და აგრესიული პასუხის გაცემა რთულია. დროთა განმავლობაში ნადალის კონკურენტებმა ამ ტიპის ჩაწოდების წინააღმდეგ სტრატეგია შეიმუშავეს. როჯერ ფედერერმა წლევანდელი წლის როლან გაროსამდე რაფას ზედიზედ 5 მატჩი მოუგო (თუმცა არცერთი გრუნტზე) და ეს იმის ხარჯზეც, რომ იგი ნადალის ჩაწოდებას კი არ ელოდება, არამედ ბურთს ხვდება იქამდე, სანამ ის მაღლა, მოუხერხებელ სიმაღლეზე ასვლას დაიწყებს.

წაიკითხეროგორ დაბრუნდა ფედერერი - 37 წლის და კვლავ მწვერვალზე

აგრესიული ბექჰენდი ხაზზე, ცაცია ნადალისთვის მოუხერხებელ მარჯვენა მხარეს კი, ჯოკოვიჩის მთავარი საფირმო იარაღია. ჯოკოვიჩიც ცდილობს ადრევე შეხვდეს ნადალის დარტყმას და ხაზზე გადაუტანოს ბურთი. სერბის ეს სტრატეგია წარმატებული იყო - თუკი ჯოკოვიჩმა ნადალთან პირველი 9 თამაში გრუნტზე დათმო, მას შემდეგ 7 მოიგო და 7 წააგო. ნადალიც ცდილობს ისე შეცვალოს თავისი ჩაწოდება, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, სიჩქარის მომატების ხარჯზე მოიგოს ქულები და რაც მთავარია, მას თავისი ახალი ჩაწოდებისთვის უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაწოდების შემდეგ ის უფრო ჩქარა არის მზად მეტოქის აგრესიული ბექჰენდი მიიღოს. ვინ არის აგრესიული ბექჰენდის მთავარი სპეციალისტი? ეს ზემოთ უკვე გითხარით.

წაიკითხეჯოკოვიჩის ტრიუმფალური დაბრუნება - ყველაზე მაგარი თამაში ისტორიაში?

მაგალითად, დომინიკ ტიმიც კი, რომელიც გრუნტზე ძალიან კარგად თამაშობს და ჯოკოვიჩთან ერთად ერთადერთია, ვისაც ნადალთან ამ საფარზე სამზე თამაში აქვს მოგებული, იძულებულია ხოლმე რომ რაფას ბექჰენდზე ჩაწოდების დროს, ერთი ნაბიჯით თავისგან მარცხნივ გადაიწიოს და ისე მიუდგეს ამ ჩაწოდებას - ეს ნიშნავს, რომ იგი დაუცველს ტოვებს კორტის დიდ ნაწილს და აძლევს ნადალს დამატებით წამს შეტევისთვის.

ნადალის მთავარი პრობლემა

რაფას ათლეტური, დინამიური და აგრესიული სათამაშო სტილი მის სხეულზე დიდ დატვირთვას განაპირობებს. ბუნებრივია, რომ ნადალი უფრო ტრავმატულია, ვიდრე, მაგალითად როჯერ ფედერერი, რომელიც უფრო ტექნიკის ხარჯზე თამაშობს, ვიდრე ათლეტიზმის და შესაბამისად ნაკლები დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, ნადალს დიდი კუნთური მასა აქვს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ფეხებზე დიდი დაწოლაა. ამის გამო ნადალს მთელი მისი კარიერის მანძილზე უწევს გაუმკლავდეს ტრავმების პრობლემას.

ტონი ნადალი (რაფას ბიძა და მწვრთნელი): „რაფა ჩოგბურთელი კი არ არის, არამედ ტრავმირებული ადამიანი, რომელიც ჩოგბურთს თამაშობს.“

რაფას კარიერის სხვადასხვა ეტაპზე 15-მდე სხვადასხვა ტრავმა აწუხებდა.

ნადალის მთავარი პრობლემა მისი მუხლებია, რაც დიდი დატვირთვის გარდა მარცხენა ტერფზე არსებული პატარა ძვლის ქრონიკული დეფექტის გამოა ტრავმატული. ქრონიკული ტრავმების გამო ნადალს პრობლემები არამხოლოდ კორტზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ექმნება. მაგალითად, მას დიდი ხანი არ შეუძლია მანქანის ტარება. იგი გარკვეული ხნის შემდეგ იძულებულია მანქანა გააჩეროს და გაიაროს - დიდ ხანს ჯდომა მისთვის ძალიან მტკივნეულია.

ნადალი ტრავმებს უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ებრძვის. 2004 წელს ნადალისთვის სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი შექმნეს, რომელიც მის ტერფს იჭერს. 2009 წლიდან იგი სპეციალური ტექნოლოგიით მკურნალობს. ეს ტექნოლოგია ტრავმის გამო დაზიანებული ქსოვილების ახალი უჯრედების ზრდის გზით მკურნალობს გულისხმობს.

ამის მიუხედავად, ნადალს ყოველ წელს უწევს ტურნირების გამოტოვება. მაგალითად, გასულ წელს მან სამი სხვადასხვა ტრავმის (მუხლი, მუცელი, ბარძაყი) გამო წლის დიდი ნაწილი გამოტოვა და მხოლოდ 10 ტურნირი ჩაატარა. ტრავმების გამო ნადალმა დიდ ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მეტი დიდი სლემი გამოტოვა.

კიდევ ოთხ შემთხვევაში ნადალმა ტრავმა ტურნირების მსვლელობის დროს მიიღო და ასე გამოეთიშა ტურნირს. შედარებისთვის, მაგალითად, ფედერერს ეს არასოდეს მოსვლია.

ყველაზე ნაკლებად რთული და ტრავმატული მისთვის თიხის ბუნებრივი საფარია. ეს საფარი მის ქრონიკულ ტრავმებს ნაკლებად ართულებს და შესაბამისად, გრუნტის სეზონებზე ნადალი ყოველთვის ფორმაშია. განსხვავებით, მაგალითად, ხელოვნური ჰარდისგან, რომელიც მისი მუხლებისთვის ყველაზე რთული და ტრავმატული საფარია. წლის მეორე ნახევარში, ჰარდის ტურნირების შემდეგ, ნადალს სეზონი ჯანმრთელად 2015 წლის შემდეგ აღარ დაუმთავრებია.

როდესაც ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩის ეპოქა დასრულდება (ჩოგბურთის გულშემატკივართათვის სამწუხაროდ), კიდევ უფრო აქტიური იქნება დავა, თუ ვინ არის ყველა დროის ყველაზე დიდი ჩოგბურთელი. დღეს, ნადალი თავისი 18 დიდი სლემით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება და ეს იმის ფონზე, რომ ნადალი უფრო ახალგაზრდაც არის და ტრავმების გამო უფრო მეტის გამოტოვება მოუწია. დისკუსიას არ გამოიწვევს მხოლოდ ერთი საკითხი - ვერავინ იდავებს, რომ გრუნტზე ვინმე რაფა ნადალთან თუნდაც ახლოს დგას. ეს კორტი იდეალურად ერგება ნადალის სათამაშო სტილს და ხასიათს. 15-წლიანი მცდელობის შემდეგ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ნადალს როლან გაროსზე მოვუგოთ, პასუხი ერთია - ეს შეუძლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები