Thumbnail

E3 2019 | შვიდი საუკეთესო ინდი თამაში

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • E3-ზე ინდი თამაშებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • დაბალი ბიუჯეტის მქონე დეველოპერები შესანიშნავ პროდუქტს ქმნიან

რაც დრო გადის, ინდი თამაშები E3-ზე მით უფრო პოპულარული ხდება. იცით, რომ წელს Sony ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გამოაკლდა, შესაბამისად Microsoft-ს იმედი ჰქონდა, რომ კონკურენტი არ ეყოლებოდა, თუმცა დამოუკიდებელმა ინდუსტრიამ დაამტკიცა, რომ ეს ასე არაა. გეიმერულ ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში ინდი დეველოპერებს არანაკლები ყურადღება ერგოთ. მიუხედავად იმისა, რომ AAA თამაშებს ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვთ, დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილ პროდუქტში ისეთი დეტალებია, რომლებსაც ვერ იყიდი. ასე რომ გთავაზობთ იმ შვიდ ინდი თამაშს, რომლებსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

RustHeart

იტირეთ ბაშვობაში, როდესაც ანიმაციურ ფილმ 'რკინის გიგანტს' უყურეთ? მაშინ RustHurt აუცილებლად უნდა ითამაშოთ. ARPG ჟანრის თამაშში გეიმერს პარტნიორობას კომპიუტერის მიერ კონტროლირებადი პერსონაჟი გაუწევს. მოთამაშეს საშუალება ექნება, თავად გადაწყვიტოს, თუ რა ფუნქციების შესრულება შეეძლება მის რობოტს და ის დროთა განმავლობაში გააძლიეროს. ნოსტალგია თამაშის ერთადერთი ძლიერი მხარე არაა. ხელოვნური ინტელექტი მოთამაშის ქცევას შეისწავლის და პარტნიორი მისი მიხედვით მოიქცევა.

პარტნიორი Iron Giant-ს ძალიან ჰგავს

Unexplored 2: The Wayfarer’s Legacy

თამაშის უდიდესი აქტივი მისი საოცარი ვიზუალური მხარეა. დამსწრე საზოგადოებამ მხოლოდ 90 წამიანი თრეილერი იხილა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა მათგანმა ვიდეოს არაერთხელ უყურა.

თრეიელრში ჩანს რუკა, რომელზეც დელიკატური მთები და ქვიშიანი უდაბნოებია. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მოკლეა, ნათელია, რომ თამაშს სული აქვს და დეველოპერებმა თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღება მიაქციეს.

თამაშის პირველი ვერსია ცუდი არ იყო, მაგრამ მას სიღრმე აკლდა. თუკი Unexplored 2 პირველის გეიმფლეის შეინარჩუნებს, ხოლო სხვა კომპონენტები კი გამოსწორებული იქნება, მაშინ შესანიშნავ გასართობს მივიღებთ.

RAWMEN

RAWMEN უცნაური თამაშია, რომელშიც გეიმერები ერთმანეთს სუპს და სხვა საკვებს ესვრიან. ვისაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ე.წ. 'ფუდფაითში' იცის, რომ ეს საკმაოდ გასართობი საქმიანობაა. 

თამაშის იდეა, შესაძლოა, ზედმეტად ბავშვურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ გასართობი შუთერია, რომელსაც შესანიშნავი სტილი აქვს. დეველოპერმა Kinda Funny Games-მა კი სწორედ ასეთი პროდუქციის შექმნით მოიპოვა პოპულარობა.

თამაში ჯერჯერობით ალფა ტესტირების ეტაპზეა

Fall Guys: Ultimate Knockout

იაპონიაში ადრე სატელევიზიო შოუ იყო, სახელად Takeshi's Castle. პრინციპი მარტივია, მონაწილეები წინაღობებით სავსე გზის გავლას ცდილობენ, მაგრამ, როგორც წესი, ამ წინაღობების გადალახვა შეუძლებელია. ახლა უკვე ყველას შეუძლია ეს გრძნობა გამოსცადოს, რადგან Fall Guys: Ultima Knockout ამ შოუს ძალიან ჰგავს. 

თამაშის ჟანრი 'ბეთლ როიალია', რომელშიც მოთამაშეები პატარა ფერად კაცუნებს აკონტროლებენ და წინაღობებს ირიდებენ. თითოეულ რაუნდში თამაშს ერთი მოთამაშე ეთიშება, ხოლო გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც ბოლომდე გაძლებს. 

Fall Guys ერთფეროვან 'ბეთლროიალ' ჟანრს აცოცხლებს

12 Minutes

თორმეტი წუთის შემქმნელი სან ფრანცისკოში მცხოვრები ლუის ანტონიოა, მისი სცენარი კი ბილ მარის პოპულარული ფილმის 'ზაზუნას დღის' მსგავსია. 

თამაშის თრეილერი რომანტიული სადილით იწყება, რომელსაც შესანიშნავი საუნდტრეკი ახლავს. უცბად ქმარი ახერხებს, რომ ყველა მოვლენა წინასწარ გამოიცნოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული სუპერძალა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ისეთ 12 წუთიან მონაკვეთშია ჩაკეტილი, რომელიც უსასრულოდ მეორდება.

12 Minutes-ის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ თრეილერში გეიმფლეიც ვერ ვიხილეთ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პერსონაჟის თითოეულ გადაწყვეტილებას თამაშის შედეგზე უდიდესი გავლენა ექნება, ხოლო უმთავრესი მიზანი კი 12 წუთიანი ჯოჯოხეთის დასრულებაა.

Way To The Woods

Way To The Woods-ის თრეილერის ხილვისას პირველი რაც გაგახსენდებათ ბემბი, ან შვლის ნუკრის ნაამბობია. თამაში 19 წლის თინეიჯერმა შექმნა და მისი შთაგონების წყარო იაპონური სტუდია Ghibli-ს ანიმეებია.

გეიმფლეის ყურებისას მუდმივად გიჩნდებათ განცდა, რომ Way To The Woods მიაზაკის შექმნილია, რომელიც განათებას და სიბნელეს ერთმანეთს იდეალურად უხამებს. თამაში 2020 წელს გამოვა და ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანის მიერ შექმნილმა პროდუქტმა ამხელა სცენაზე დაიმსახურა ადგილი, ბევრს სხვა დეველოპერს აძლევს მოტივაციას. 

Spiritfarer

Spiritfarer-ს E3-ზე დიდი დრო არ დაეთმო, მაგრამ შთაბეჭდილების მოხდენა მაინც მოახერხა. თამაშის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის უკანასკნელ სურვილებს ეძღვნება. 

გეიმფლეი საოცრად მშვიდი და ამავდროულად უცნაურად საშიშია. თამაშში ღრმა თემებია გაშლილი, რომლებიც გეიმერზე გავლენას აუცილებლად მოახდენენ. ეს მარტივი და ლამაზი თამაში პრაქტიკულად ყველამ დადებითად შეაფასა.

კომენტარები

ბოლო ამბები