Thumbnail

ტრანსფერი | 16 მილიონი წელიწადში - სტეფან ელ შაარავი ჩინეთში წავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტეფან ელ შაარავიმ რომა დატოვა
  • 26 წლის ფორვარდი ჩინეთში ითამაშებს
  • შანხაი შენხუამ ტრანსფერი დაადასტურა

რომას და იტალიის ნაკრების ფორვარდი სტეფან ელ შაარავი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. შანხაი შენხუამ 26 წლის იტალიელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ელ შაარავი ჩინურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 16 მილიონი ევრო იქნება. იტალიური მედიის ინფორმაციით, შანხაი შენხუა რომას 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

სტეფან ელ შაარავი საფეხბურთო ევროპამ მილანიდან გაიცნო. მან ‘როსონერიში’ 2011-დან 2015 წლამდე ითამაშა და 83 მატჩში 21 გოლი გაიტანა. 2015/2016 წლების სეზონში ელ შაარავი მონაკოში იყო განათხოვრებული, მერე კი რომაში გადავიდა, სადაც 81 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ელ შაარავის 23 მატჩი აქვს ჩატარებული (3 გოლი).

როგორც იცით, რომამ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც იძულებული გახდა, რამდენიმე მოთამაშე გაეყიდა, რათა გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა შესძლებოდა. კოსტას მანოლასის (ნაპოლიში წავიდა) და ლუკა პელეგრინის (იუვენტუსში) გაყიდვით, ‘ჯალოროსიმ’ 63 მილიონი ევრო გამოიმუშავა, მაგრამ უკვე დახარჯა 71,5 მილიონი (ლეონარდო სპინაცოლა, ამადუ დიავარა, ბრაიან კრისტანტე). ცოტა ხანში, რომას ბეტისის ესპანელი მეკარე პაუ ლოპესიც შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ რომაელთა მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაინიშნა. გუნდი დატოვა დანიელე დე როსიმ, ფრანჩესკო ტოტი კი კლუბის მენეჯერის თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები