Thumbnail

მეივეზერის განსაკუთრებული მისია ჩინეთში - ოლიმპიური ოქრო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფლოიდ მეივეზერის ახალი სამსახური
  • 42 წლის ექს-ჩემპიონი ჩინელ მოკრივეს დაეხმარება

ჩინეთის კრივის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერი მათთან იმუშავებს. 42 წლის ფლოიდი ერთ-ერთი ჩინელი მოკრივის მრჩეველი გახდა და მას ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.

“ამერიკელი გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ჩინური კრივის პროექტს დაეხმაროს და ტოკიოს თამაშებზე ჩინეთმა კრივში ოქროს მედალი მოიპოვოს” - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

ჩინეთის კრივის ფედერაციას მეივეზერთან შეთანხმების სხვა დეტალები არ გაუმხელია. ითქვა მხოლოდ ის, რომ ფლოიდი განსაკუთრებული მრჩევლის რანგში იმუშავებს. როგორც ჩანს, ამერიკელი გრანდიოზულ ანაზღაურებას მიიღებს.

ფლოიდ მეივეზერი, რომელსაც კარიერაში 50 წაუგებელი ბრძოლა აქვს გამართული, ბოლოს რინგზე 2017 წლის აგვისტოში გავიდა და UFC-ს ლეგენდა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. მეივეზერს მსოფლიოს ჩემპიონობა 5 სხვადასხვა კატეგორიაში აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კრივი დიდხანს აკრძალული იყო. პირველი ოლიმპიური მედალი ჩინეთმა კრივში 2004 წელს მოიპობა (ცზოუ შიმინი, ბრინჯაო). შიმინმა 2008 და 2012 წლებში ოქროს მედლები მოიპოვა. ბოლო დროს, ჩინეთში ქალი მოკრივეებიც საკმაოდ წარმატებულები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები