Thumbnail
  • თუ შტრუფს მოუგებს, ბასილაშვილი რეიტინგში 2 020 ქულა დააგროვებს
  • მონრეალის მასტერსის მოგების შემთხვევაში, ნიკა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახდება

27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) წარმატებით დაიწყო ასპარეზობა მონრეალის "როჯერს კაპზე", პირველ წრეში მან სამ სეტში დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი და მე-2 წრეში გავიდა. 

ამაღამ ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად არის განთესილი, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) ხვდება. ეს მატჩი 02:30-ის მერე დაიწყება და პირველ კორტზე ჩატარდება. 

29 წლის შტრუფს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს (მისი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს 33-ე ჩოგნობაა). ATP-ის ტურზე ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ მათ ითამაშეს დაბალი კატეგორიის ტურნირებში - 2013 წელს ბერგამოს (იტალია) ჩელენჯერზე ნიკამ მე-2 სეტში შეწყვიტა ბრძოლა - 1:6, 0:2; 2016 წელს კი ჰაილბრონის (გერმანია) ჩელენჯერის ფინალში ქართველმა მე-6 ნომრად განთესილ გერმანელს 6:4, 7:6 (7:3) მოუგო და ამ ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ის ტურზე ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული.

ნიკა მიმდინარე რეიტინგში უკვე მე-16 პოზიციაზეა, მას ამაღამ შეუძლია დაწინაურება მე-15 პოზიციაზე, რისთვისაც ორი პირობაა საჭირო: 1. მოუგოს შტრუფს, 2. არ უნდა გაიმარჯვოს ჯონ ისნერმა, ვინც ჯორდან ტომპსონს პირველ წრეში უპირისპირდება.

ნიკა მოგებით კარიერაში პირველად აცდება 2 000 სარეიტინგო ქულას

სხვათა შორის, გასულ თვეში ნიკა მიმდინარე რეიტინგში მცირე ხნით იყო TOP 15-ში, მაგრამ ეს ვერ აისახა ოფიციალურ რეიტინგში. 

მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 975 ქულა აქვს - მას შარშანდელი 35 ქულა ჰქონდა დასაცავი, თუმცა შარშან მონრეალში არ უთამაშია. I წრეში მოგებით მან ეს ქულები დაიცვა - თუ შტრუფს მოუგებს, 2 020 ქულა გაუხდება და ჯონ ისნერს (2 005) გადაუსწრებს, ოღონ, ამერიკელმა უნდა წააგოს. 

დაწინაურდება თუ არა ბასილაშვილი, მოგების შემთხვევაში ერთი რამ მაინც პირველად მოხდება - 2 000 სარეიტინგო ქულას ის კარიერაში პირველად მიაღწევს.  

2 930 ქულა, ეს არის მაქსიმუმი, რასაც შეუძლია ქართველმა მონრეალში მიაღწიოს, ოღონდ, ამისთვის მან "როჯერს კაპი" უნდა მოიგოს! ასეთ შემთხვევაში ის სულაც მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები