Thumbnail
  • ალექსის სანჩესი, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს
  • დეილი მეილი: ჩილელს იუვე, რომა, მილანი და ნაპოლი ეპატიჟებიან

დიდი ხანია, ალექსის სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედში არანაირი როლი აღარ აქვს გარდა იმისა, რომ ძალიან მაღალ ხელფასს იღებს. ინგლისურ გრანდს უნდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი თავიდან მოიშოროს, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. მიზეზი ისევ და ისევ სანჩესის მაღალი ხელფასია - 30 წლის ფორვარდში, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ იმით ექცევა ყურადღების ცენტრში, რომ ყველა დასცინის, არც დიდი ფულის გადახდა სურს და ვინმეს და მით უმეტეს, არც ასტრონომიული ხელფასის დანიშვნა.

ალექსის ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 28 მილიონი ევროა!

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სანჩესს ჯერ კიდევ აფასებენ იტალიაში - ბარსელონაში გადასვლამდე ის ხომ უდინეზეში ბრწყინავდა. “დეილი მეილის” ინფორმაციით, ჩილელის გადაბირებით ოთხი იტალიური გრანდია დაინტერესებული - მილანი, რომა, ნაპოლი და თვით ტურინის იუვენტუსიც!

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, ალექსის მრჩეველი ცოტა ხნის წინ იუვეს ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან პირველი მოლაპარაკებები გამართა. შეგახსენებთ, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.

ალექსის სანჩესმა ევროპული კარიერა სწორედ იტალიაში დაიწყო, სადაც უდინეზეს ღირსებას 2008-2011 წლებში იცავდა. იტალიის შემდეგ ჩილელმა თამაში ბარსელონასა და ლონდონის არსენალშიც მოასწრო, 2018 წლიდან კი მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა. გასულ სეზონში ალექსის სანჩესმა იუნაიტედის მაისურით 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები