Thumbnail
  • დანიის ნაკრები გიბრალტარსა და საქართველოსთან თავკაცის გარეშე ითამაშებს
  • ოგე ჰარეიდემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ექიმებმა მგზავრობა აუკრძალეს
  • 65 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ დანია თბილისში შედეგს მაინც მიაღწევს

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვირას დანიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც თბილისში მთავარი მწვრთნელი, ოგე ჰარეიდე ვერ ჩამოჰყვება.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესი აქვს. დანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში 5 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარს ეთამაშება, 8-ში კი საქართველოს დედაქალაქში ჩამოდის. 

როგორც დანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება, ექიმებმა ოგე ჰარეიდეს მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩიეს და გუნდი მომავალ ორ მატჩს მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებს.

"ოგე ჰარეიდეს მუხლის მკურნალობის პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა ექიმები მიიჩნევენ, რომ აჯობებს, თუკი ოგე დაისვენებს, თავს აარიდებს მგზავრობას და არც საქართველოში წავა", - ამბობს ნაკრების ექიმი მორტენ ბოზენი.

ჰარეიდეს ნაცვლად, თბილისში დანიას იონ დალ ტომასონი უთავკაცებს

დანიის ეროვნულ ნაკრებს დროებით ოგე ჰარეიდეს ასისტენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იონ დალ ტომასონი უხელმძღვანელებს, რომელსაც თანაშემწეობას ქვეყნის 16-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი სორენ ჰერმანსენი გაუწევს. 

თავად ნორვეგიელი სპეციალისტი კი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ საქართველოში ვერ მოდის:

"მოუთმენლად ველოდი ამ ორ მატჩს და ფეხბურთელებთან დალაპარაკებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ექიმების მითითებებს უნდა დავემორჩილო. შინიდან ვუქომაგებ მათ და მჯერა, რომ ჯონი და ფეხბურთელები კარგ მატჩებს ჩაატარებენ და სასურველ შედეგებსაც მიაღწევენ".

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 მატჩში 3 მარცხი და 1 მოგება აქვს და ხუთგუნდიან ცხრილში 3 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. დანიელებს, რომლებმაც კოპენჰაგენში ჩატარებულ შეხვედრაში ვაისის გუნდი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს, 3 მატჩში მოგება და 2 ფრე აქვთ და 5 ქულით მეორე პოზიციაზე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები