Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში მეექვსე შეხვედრა ჩაატარა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში ირლანდიას უმასპინძლა და მორიგი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები მეტოქეს კატასტროფული სტატისტიკით დახვდა - 10 მატჩში 9 მარცხი და 1 ფრე. ვლადიმირ ვაისმა, ამ ტრადიციის დარღვევის იმედით, წინ ქვილითაია გაამწესა, რომელსაც ზურგსუკან ოქრიაშვილი-ანანიძე-ყაზაიშვილის შემტევი ტრიო გაუმწესა. როგორც მოსალოდნელი იყო, სლოვაკი სპეციალისტი დაცვის ხაზში არ ენდო კვერკველიასა და ხოჭოლავას, რომლებმაც ტრავმები ახლახან მოიშუშეს. საყრდენის პოზიციაზე დაბრუნდა კანკავა, რომელმაც წინა მატჩში დანიასთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. 

ოთარ კაკაბაძე ჯეიმს მაკლინის წინააღმდეგ
📷 | FAIreland 

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს, რომელსაც D ჯგუფში მანამდე გამართულ 5 მატჩში სულ 4 ქულა ჰქონდა, ირლანდიასთან უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა - წაგება ევრო 2020-ზე საკვალიფიკაციოდან მოხვედრის თეორიულ შანსსაც მოუსპობდა.

მიკ მაკარტის გუნდი კი "დინამო არენაზე" ჯგუფის ლიდერის რანგში (11 ქულით), მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული დანაკლისით წარსდგა. მიუხედავად ამისა, თბილისში 3 ქულის მოპოვება იყო ირლანდიელთა მიზანიც და პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ მათ შექმნეს - უკვე მე-4 წუთზე საჯარიმოს გარედან კონორ ჰურიჰეინის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ბურთს თავით ჯონ ეგანი შესწვდა. გიორგი ლორიას კარი ძელმა იხსნა.

📺 ხიფათი ლორიას კართან

როგორც აღმოჩნდა, პირველ ტაიმში ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. ზოგადად კი,  საქართველოს ნაკრებმა თავიდანვე სცადა პირველ ნომრად თამაში, რაც გარკვეულ პერიოდში გამოუვიდა კიდეც - დიდწილად, მოედნის ცენტრში თავისი კაპიტნის, ჯაბა კანკავას კარგი თამაშის წყალობით. 

შორი მანძილიდან ირლანდიელთა კარს ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი დაემუქრნენ, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ტაიმი ისე მიილია, რომ კარის ჩარჩოში ზუსტად არცერთ გუნდს დაურტყამს.

📺 ყაზაიშვილის არაზუსტი დარტყმა 

შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა - საქართველოს ნაკრები უფრო მეტად ფლობდა ბურთს და ცდილობდა რენდოლფის კარზე იერიშის მიტანას. სახიფათო იყო შეტევაში ჩართული ოთარ კაკაბაძის მოქმედება, თუმცა მასპინძელთა მცველს დარტყმა არ გამოუვიდა.

📺 კაკაბაძის იერიში

ვლადიმირ ვაისმა მატჩის ბოლო 20 წუთში ცვლილებას მიმართა და მოედანზე ჯერ ლევან შენგელია შეუშვა. კონიასფორის 23 წლის თავდამსხმელისთვის, რომელმაც ქვილითაიას ადგილი დაიკავა, ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩია. 

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი აშკარად პირველზე უკეთესად ჩაატარა. თუმცა, მისი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ბოლო წუთებზე სახიფათო მომენტები სტუმრებს უფრო ჰქონდათ. საბედნიეროდ, ირლანდიელებმა ვერ გაიტანეს და ვაისის გუნდმაც თბილისში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ქულის აღება (მანამდე 0:0 დანიასთან ითამაშა).

📺 არონ კონელის იერიში

⚽ საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩში კარის მიმართულებით 8-ჯერ დაარტყა, მაგრამ კარის ჩარჩოში - არცერთხელ. მოაწოდა 5 კუთხური, 9-ჯერ დაჯარიმდა (1 ყვითელი ბარათი), ბურთის ფლობა კი 54% ჰქონდა. 

⚽ სტუმრებმა ლორიას კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყეს, 3-ჯერ - კარში. მოაწოდეს 2 კუთხური. ირლანდიელები ერთხელ თამაშგარეში მოხვდნენ, დაჯარიმდნენ 11-ჯერ (1 ყვითელი ბარათი), ბურთის ფლობა კი 46% ჰქონდათ.

ახლა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს, შესარჩევში ჩასატარებელი კი ორი მატჩი რჩება და ორივე სტუმრად - 15 ოქტომბერს გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდეს, 15 ნოემბერს კი - შვეიცარიას.

დღესვე მოგვიანებით, ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს დანია (9 ქულა) და შვეიცარია (8) ხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და ამ თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, დაგვრჩება თუ არა ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი. ჩვენთვის სასურველი დანია-შვეიცარიის თამაშში ფრეს დაფიქსირებაა.

საქართველო 0:0 ირლანდია

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე - კიტეიშვილი (აბურჯანია, 90'), კანკავა - ოქრიაშვილი (ლობჯანიძე, 79'), ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია (შენგელია, 73').

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, ეგანი, დოჰერტი - ჰენდრიკი, უილანი, ჰურიჰეინი (უილიამსი, 90') - რობინსონი (ბრაუნი, 73), კოლინზი (კონელი, 79'), მაკლინი.

კომენტარები

ბოლო ამბები