Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მეექვსე შეხვედრა გამართა და თბილისში, დინამო არენაზე ირლანდიასთან ფრედ ითამაშა, 0:0. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა…

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“ვფიქრობ, გულშემატკივრებმა კარგი ფეხბურთი იხილეს. მართალია, გოლების გარეშე, მაგრამ რთულია ირლანდიის დონის გუნდის დამარცხება. ვეცადეთ სამი ქულის მოპოვებას, შესაბამისი ცვლილებებიც გავაკეთეთ, მაგრამ დღეს, რეალური საგოლე მომენტები ცოტა შეიქმნა. უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქე გუნდში ბრწყინვალე იყო შეინ დაფი. მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო და ფრე ლოგიკური შედეგია. თამაშის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების 120% უნდა გვეჩვენებინა, მაგრამ 110% ვაჩვენეთ. ვფიქრობ, ირლანდია კმაყოფილია შედეგით.

რა დააკლდა საქართველოს ნაკრებს მოსაგებად და რატომ არ ათამაშეთ ვაკო გვილია?

ვაისი: ვაკო გვილიას მცირე ტრავმა აქვს და არ იყო მზად სათამაშოდ. რაც შეეხება პირველ შეკითხვას: მოსაგებად გოლი დაგვაკლდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, მაგრამ სამი ქულის მოსაპოვებლად მეტი იყო საჭირო. არც სპორტული იღბალი გვაწყენდა. მეტი აგრესია გვჭირდება მეტოქის საჯარიმოში, რომ შეტევები გოლად ვაქციოთ.

თუ აქვს ირლანდიის ნაკრებს პროგრესი მას შემდეგ, რაც პირველად ეთამაშეთ?

ვაისი: პირველად ირლანდიის ნაკრებს ჯერ კიდევ 10-11 წლის წინ დავუპირისპირდი და მაშინ, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიან ძალიან კარგი გუნდია, მინდა მას წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვუსურვო. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარია და დანია ძლიერი კონკურენტები არიან.

რატომ გადაიფიქრეთ საბა ლობჟანიძის შეყვანა მოედანზე და რამდენად მძიმეა ოთარ კიტეიშვილის ტრავმა?

ვაისი: ლევან შენგელია, ელგუჯა ლობჯანიძე და გიორგი აბურჯანია ჩავრთე თამაშში. პირველ ნომრად ვთამაშობდით და სცენარმა სწორედ ეს ცვლილებები მიკარნახა. როდესაც დაცვიდან ვთამაშობთ, საბას სისწრაფე განსაკუთრებულად ეფექტურია. რაც შეეხება კიტეიშვილს, მცირე ტრავმის მიუხედავად, ის გუნდთან ერთად იქნება გიბრალტარში.

კომენტარები

ბოლო ამბები