Thumbnail
  • ილიას ზუროსი ბერძნულმა პერისტერმა დაითხოვა
  • ის საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი საკლუბო სამსახურის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ზუროსმა მიმდინარე სეზონის წინ ბერძნული პერისტერი ჩაიბარა, თუმცა, ეს თანამშრომლობა ხანმოკლე გამოდგა.

დღეს, ბერძნულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

“ილიას ზუროსთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რისი მიზეზიც გუნდის სტრატეგიული განვითარების გზაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა”.

პერისტერმა ახალი მწვრთნელი მალევე მონახა. კლუბს 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე ნიკოს პაპანიკოლოპულოსი გაწვრთნის, რომელიც აქამდე ზუროსის ასისტენტად მუშაობდა.

საინტერესოა, რომ პერისტერის სეზონი ცუდად ნამდვილად არ დაუწყია და ამ დროისთვის, 6 მოგებითა და 2 მარცხით, საბერძნეთის ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, ჩემპიონთა ლიგაში კი 3-3 მოგება-წაგება აქვს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუროსი საკლუბო დონეზე ახალი სამსახურის მოძიებას ეცდება თუ სრულად საქართველოს ნაკრებზე გადაერთვება, რომელიც 2021 წლის ევრობასკეტისთვის უნდა მოამზადოს.

ბერძენმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მათ შორის, ოლიმპიაკოსში, არისში, პარიზში, ჟალგირისში, ანადოლუ ეფესში, თოფაშში, ბუდუჩნოსტში და საბერძნეთის ნაკრებში უმუშავია, ქართველ კალათბურთელებს კი 2016 წლიდან წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები