Thumbnail
  • საქართველოს მეტოქეები ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და უელსი იქნებიან
  • მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა 17-წლამდე ნაკრებებშიც დაინერგება 

უეფა ნოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას განაგრძობს და ეროვნული გუნდების შემდეგ, სიახლეები 19-წლამდელთა დონეზეც შემოაქვს.

ჯგუფში რუსეთთან - საქართველოს U19 ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია

19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება 2020-22 წლებში გაიმართება. 2015-2019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, უეფამ 19-წლამდელთა რეიტინგი შეადგინა და 54 ნაკრები სამ ლიგაში გადაანაწილა.

A ლიგა: 20 გუნდი, 5 ჯგუფი
B ლიგა: 16 გუნდი, 4 ჯგუფი
C ლიგა: 18 გუნდი, 5 ჯგუფი

ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით) B ლიგის პირველ  ჯგუფში მოხვდა და გაისად, 7-13 ოქტომბერს, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა

რეგლამენტის თანახმად, B  ლიგაში ჩართული 16 ნაკრებიდან ხუთი საუკეთესო A ლიგაში აღზევდება, მათ ადგილს კი A ლიგის ბოლო ხუთი ნაკრები დაიკავებს. თავის მხრივ, B ლიგის ხუთი აუტსაიდერი C ლიგაში დაქვეითდება, გამოთავისუფლებულ ადგილებს კი ქვედა ლიგიდან აღზევებული ხუთი ნაკრები შეავსებს.

შეჯიბრი, ამავდროულად, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.

A ლიგის წილისყრა

A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ, B ლიგის გუნდები - სამ რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი ორ რაუნდში ითამაშებენ.

პირველი რაუნდი, 2020 წელი: 2 სექტემბერი - 17 ნოემბერი
მეორე რაუნდი,  2021 წელი: ივნისი
მესამე რაუნდი, 2021 წელი: 30 აგვისტო - 16 ნოემბერი 
მეოთხე რაუნდი, 2022 წელი: 21-29 მარტი

2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.

C ლიგის წილისყრა

19 წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ ახალი სისტემა ძალიან საინტერესოა. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაკრები ყველა ასაკში გვყოლოდა და ამ გუნდებს ჰქონოდათ რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამ იდეამ გაამართლა და ამის დასტურია, რომ 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ.

ვფიქრობ, რომ განახლებული სისტემა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უფრო საინტერესოა. 17-წლამდე ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ იმავე წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ნაკრებთა მინი ტურნირზე ჩაერთვებიან და რეალურად ერთი წლით ადრე დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ამ ფორმატით იზრდება ოფიციალური თამაშების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს ძალიან საინტერესო გზის გავლა მოუწევს და ვთვლი, რომ მოთამაშეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ჩვენი მიზანია, რომ A ლიგაში გადავიდეთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდეთ.

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემა შეგვიძლია ერთა ლიგას შევადაროთ. აქ პრაქტიკულად იგივე სისტემაა, ოღონდ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს 17-წლამდე ნაკრებებშიც.

2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, ახალი გამოწვევებით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებით დატვირთული. ეს ეხება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს".

კომენტარები

ბოლო ამბები