Thumbnail

ერთით ნაკლები ქართველი რუბინში - კლუბი კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული მედიის ინფორმაციით, რუბინი ბექა მიქელთაძესთან განშორებას აპირებს
  • ლეონიდ სლუცკის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქულ შეკრებაზე ემზადება

ყაზანის რუბინში ქართველი ლეგიონერების რაოდენობა შესაძლოა ამ ზამთარს შემცირდეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი განშორებას ბექა მიქელთაძესთან აპირებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რუბინში გასულ ზაფხულს, კვიპროსული ანორთოსისიდან გადავიდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ბექა მიქელთაძემ რუსეთის ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა. მიქელთაძის ანგარიშზე ერთი გოლია - მოსკოვის დინამოსთან.

ბექა მიქელთაძემ რუსეთის პრემიერლიგაში ერთი გოლი გაიტანა

22 წლის ფეხბურთელი ამჟამად რუბინთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, თუმცა პოლონურ ლეხიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშია. როგორც ჩანს, მიქელთაძესთან მუშაობით არ არის დაინტერესებული რუბინის ახალი მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. ამასთან, ახალი სეზონიდან რუსეთის ჩემპიონატის გუნდებს განაცხადში 8-ზე მეტი ლეგიონერის შეყვანის უფლება არ ექნებათ.

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას მიქელთაძის გატდა, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ნიკია ყიფიანი იცავენ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. 

Transfermarkt-ის თანახმად, ბექა მიქელთაძის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 600 ათას ევროა. თავდამსხმელი კვიპროსში გადაბარგებამდე რუსთავისა და დინამო თბილისის ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები