Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ოჯახთან ერთად საფრანგეთშია
  • მორაგბემ POPSPORT-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი თამაზ მჭედლიძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. ის თვითიზოლაციის პერიოდს მეუღლესა და ოთხ შვილთან ატარებს. რა თქმა უნდა, სარაგბო სეზონიც გაჩერებეულია და მჭედლიძეს მეტი თავისუფალი დრო აქვს. POPSPORT მას საფრანგეთში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

popsport: როგორ ატარებთ დროს თვითიზოლაციაში?

თამაზ მჭედლიძე: ძალიან რთულია ეს ყველაფერი. სახლში ვართ ჩაკეტილი. გარეთ მხოლოდ საკვებისთვის გავდივართ და აფთიაქში, თუ რამე დამჭირდება. ერთი კარგი ის არის, რომ ოჯახს უფრო მეტ დროს ვუთმობ. ბავშვებს ძალიან უხარიათ, რომ ამდენი ხანი შინ ვარ.

საკუთარ სახლი მაქვს, რომელსაც ეზო აქვს. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ სულ გარეთ ვიყოთ. გარდა ამისა, კარგი ამინდებიც დაემთხვა და ხელი შეგვიწყო, რაც ძალიან გვეხმარება ბავშვების გართობაში.

მჭედლიძე ოჯახთან ერთად

სახლის პირობებში მაქსიმალურად ვვარჯიშობ. ფიზიკური მომზადების მწვრთნელები გარკვეულ სავარჯიშო პროგრამასაც გვიგზავნიან. ფილმებსა და სერიალებს ვუყურებ. ჩემს მეუღლესთან ერთად "ექიმ ჰაუსს" ვუყურე და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ეს სერიალი.

ქომაგს ვურჩევ, რომ უელსისა და საქართველოს ნოემბრის ტესტ-მატჩს უყუროს. ძალიან მაგარი თამაში იყო და ღირს კიდევ ერთხელ სანახავად.

popsport: საფრანგეთში რთული მდგომარეობაა. კონკრეტულად თქვენს ქალაქში რა ხდება?

თამაზ მჭედლიძე: ჩვენს ქალაქში ბევრი დაინფიცირებულია, რადგანაც პარიზთან ახლოს ვართ. პანიკაში არიან და წესებსაც იცავენ. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებსაც მეც ვითვალისწინებ.

გარეთ გასასვლელად გარკვეული ფურცლები არსებობს, რომლებზეც უნდა დაწერო, რისთვის და რატომ გადიხარ გარეთ. ამ ფურცლების გარეშე თუ გაგაჩერეს, ძალიან დიდ ჯარიმას გამოგიწერენ.

popsport: კორონავირუსის გამო, შესაძლოა, TOP 14-ის მიმდინარე სეზონი გაუქმდეს. შესაბამისად, PRO D2-საც გაუქმება ემუქრება. რამე ხომ არ უთქვამს კლუბის ხელმძღვანელობას?

თამაზ მჭედლიძე: ბოლო ინფორმაციაა, რომ 30 გუნდი ორივე ლიგიდან იმავე პრინციპით თამაშს გააგრძელებს. არავინ გავარდება და არავინ აღზევდება, თუმცა ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.

popsport: დიდი 10-იც გაჩერდა. რამდენად ახერხებთ ლეგიონერები საქართველოს სარაგბო ჩემპიონატისთვის თვალის მიდევნებას?

თამაზ მჭედლიძე: როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვუყურებ. თუ თამაშის ხილვას ვერ ვახერხებ, მატჩების მიმოხილვასა და კვირის საუკეთესო ლელოებს ვუყურებ.

popsport: რა მოხდა ფიჯის წინააღმდეგ? მსოფლიო თასზე ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მატჩი იყო...

თამაზ მჭედლიძე: ფიჯისთან წაგება ძალიან რთულად გასახსენებელია. ასეთი ანგარიში წაგებას არ ველოდით. ორმგად დამწყდა გული იმის გამო, რომ იმ მატჩში არ მითამაშია და ნაკრებს ვერ დავეხმარე.

popsport: რაგბი ევროპაზე რუსეთთან მატჩამდე მოვიგეთ ტურნირი. რაგბი ევროპამ ბოლო ტურის მატჩები კიდევ ერთხელ გადადო. როგორ შეაფასებ ჩვენს ასპარეზობას გასულ ოთხ ტურში?

თამაზ მჭედლიძე: რაგბი ევროპაზე გამოსვლას დადებითად შევაფასებ. რა თქმა უნდა, მეტოქეები სუსტები არიან, თუმცა ვცდილობდით, რომ ლამაზად გვეთამაშა. ისე გვეთამაშა, როგორც ეს მაყურებელს სურდა.

popsport: 6 ერის თემა - რა შანსები გვაქვს?

თამაზ მჭედლიძე: 6 ერში პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. იტალია ჩვენზე ბევრად წინაა. იტალიური შიდა ჩემპიონატი დიდ 10-ზე ბევრად მაღალი დონეა, თუმცა ვფიქრობ, 6 ერში იტალიის მსგავსად, ჩვენც შევძლებდით თამაშს.

ევროპის სხვა ქვეყნებში ისეთი ფასები აქვს ბილეთებს, რომ ანალოგიური ფასების შემთხვევაში, საქართველოში სტადიონს ვერ გავავსებთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული.

popsport: აჟენის დატოვება ემოციური გამოდგა. ახალ გარემოსა და კლუბთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

თამაზ მჭედლიძე: აჟენში 5 წელი ვითამაშე. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შინ. მაყურებელს ძალიან ვუყვარდი და გუნდშიც კარგი სიტუაცია მქონდა. ფრანგმა ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნება ძალიან გამიჭირდებოდა და ისეთ დონეზე ვეღარ ვითამაშებდი, რაც ძალიან საწყენი ამბავი იყო.

თამაზ მჭედლიძის ყველა ლელო აჟენში (TOP 14-ის სეზონი)

თამაზ მჭედლიძის ყველა ლელო აჟენში (TOP 14-ის სეზონი)

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 11 აპრილი, 2020

ახალ კლუბს ფედერალ ერთში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა PRO D2-ში გადასვლის შემდეგ მხოლოდ 6 ტრანსფერი განახორციელეს. დიდი გეგმები ჰქონდათ, თუმცა ჯერჯერობით კლუბი სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს.

გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ფედერალ ერთში გავარდნის შემთხვევაში, კლუბიდან წასვლის უფლება მაქვს.

popsport: გაიხსენე კარიერის საუკეთესო მატჩი ეროვნულ ნაკრებსა და საკლუბო დონეზე?

თამაზ მჭედლიძე: ეს იყო ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩი. მიუხედავად მარცხისა, ეს კარგი თამაში იყო და უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. მსოფლიოს პირველ გუნდთან თამაში ყოველთვის დასამახსოვრებელია. გარდა ამისა, იტალიასთან თამაშსაც გამოვყოფდი.

საკლუბო დონეზე აჟენში ჩატარებულ მატჩს გამოვარჩევდი, რომელიც ბიარიცთან ჩავატარე. იმ მატჩში ლელო ბოლო წუთზე დავდე და გუნდმა შეხვედრაც მოიგო.

popsport: როდემდე აპირებ რაგბის თამაშს და მწვრთნელობას თუ გეგმავ?

თამაზ მჭედლიძე: ვეცდები, რომ მაქსიმალურად დიდი ხანი ვითამაშო. კარიერას მაშინ დავასრულებ, როდესაც ამჟამინდელ დონეზე ვეღარ ვითამაშებ. ბავშვებს ადრეც ვწვრთნიდი. ვაპირებ, რომ სამწვრთნელო დონე კიდევ ავიმაღლო და ამ საქმეს კარიერის დასრულების შემდეგ დავუბრუნდე.

popsport: ფეხბურთს თუ უყურებ და რომელ კლუბს ქომაგობ?

თამაზ მჭედლიძე: ჩემი საყვარელი გუნდი მადრიდის რეალია. უმეტესობა ბარსელონას ქომაგობს. მეც მომწონს ბარსელონა. ლიონელ მესი როგორ არ უნდა მოგწონდეს, მაგრამ ბავშვობიდან რეალს ვგულშემატკივრობ.

კომენტარები

ბოლო ამბები