Thumbnail

'ექვს ერში ცვლილებები არ იქნება' - ბომონტი ერთა ლიგის გაცოცხლებას აპირებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მას მერე, რაც მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნები მოიგო, ბილ ბომონტმა პირველი კომენტარები გააკეთა. ინგლისელი ფუნქციონერი ამბობს, რომ ერთა ლიგის ჩავარდნილი პროექტი კვლავ დღის წესრიგში დადგება...

ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე): "ვფიქრობ, ისევ უნდა მივუბრუნდეთ ერთა ლიგის იდეას. ამ ტურნირის გამართვა შესაძლებელია, იმ ორი სატესტო ფანჯრის დროს, რომელიც ამჟამად გაგვაჩნია. ახლა ეს ივლისის და ნოემბრის ტესტებია, თუმცა მათი გაერთიანება შესაძლებელია.

ამაზე თანახმა არიან, როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში. მართალია, იდეა ჯერ ემბრიონის სტადიაშია, მაგრამ ხალხი უკვე ბჭობს ამის შესახებ. ერთ თვეს ჩრდილოეთის ქვეყნები ითამაშებენ სამხრეთში და მომდევნო თვეში სამხრეთელები ეწვევიან ჩრდილოეთს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები. ერთა ლიგას სავსებით შესაძლებელია ჰქონდეს გავარდნა-აღზევების ფუნქციაც. 

შეეხება თუ არა ეს ექვსი ერის პირველობას? ეს საკითხი არ განხილულა. ახლა ამის საფუძველი არ არსებობს, რომ ექვს ერს გავარდნა/აღზევების სისტემა ჰქონდეს, მაგრამ, ვინ იცის, მომავალში ეს შესაძლოა, თავად ექვსმა ერმა მოითხოვოს.

ექვსი ერის ტურნირს ატარებს ექვსი ერის ორგანიზაცია, რაგბის ჩემპიონშიპს - სანზაარი. ჩვენ კი ვცდილობთ ახალი ტურნირის შემოღებას, რომელიც არ შეეხება ექვს ერს, რომელიც ავტონომიურ შეჯიბრებად დარჩება.

ჩემი აზრით, ერთა ლიგაზე შესაძლოა, ექვსი ერის მონაწილე ყველა ქვეყანამ არც იასპარეზოს. შეეხება ექვს ერს ცვლილებები კალენდარში? რატომ? ის ხელს არ უშლის მსოფლიო რაგბის გლობალურ კალენდარს".

შეგახსენებთ, რომ ბილ ბომონტისა და აგუსტინ პიშოს ერთობლივი იდეით ერთა ლიგაზე უმაღლეს დონეზე 12 ნაკრებს უნდა ეთამაშა, 6-6-ს თითოეული ნახევარსფეროდან. 6-6 გუნდი ითამაშებთა მეორე დონეზეც, უნდა ყოფილიყო გავარდნა/აღზევების სისტემაც. ეს პროექტი ჩრდილო ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებმა ჩააგდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები