Thumbnail
  • 'საქართველოს ნაკრების ჩაბარება შემომთავაზეს, თუმცა, იაპონიაში წასვლა ვარჩიე'
  • იოჰან აკერმანმა გლოსტერი სულ ახლახანს დატოვა და ბევრ ვარიანტს განიხილავდა

საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებდა ცნობილ სამხრეთაფრიკელ სპეციალისტ იოჰან აკერმანთან, თუმცა, ის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე ვერ დაითანხმა. აღნიშნულის შესახებ 49 წლის აფრიკელმა მწვრთნელმა თავად ისაუბრა Gloucestershirelive-სთან. ცნობისთვის, აკერმანმა სულ ახლახანს დატოვა ინგლისური გლოსტერი და მყის მიიღო რამდენიმე წინადადება, მათ შორის ბორჯღალოსნების გაწვრთნის თაობაზე, თუმცა, არჩევანი იაპონური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა.

“არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. რაღაც მოლაპარაკებებიც მქონდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ჩაბარება შემომთავაზეს, თუმცა, იაპონიაში წასვლა ვარჩიე. ვფიქრობ, ეს, ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ისინი ჯერ კიდევ მაშინ მეპატიჟებოდნენ, როდესაც ლაიონს ვწვრთნიდი, ამდენად, როდესაც კიდევ შემომეხმიანნენ, უარი აღარ მითქვამს”.

ცნობისთვის, აკერმანი საკმაოდ წარმატებული მორაგბე იყო და 12 წლის განმავლობაში, მათ შორის, ბლუ ბულსის, ბულსის, გოლდენ ლაიონსის, შარქსისა (ყველა – სამხრეთ აფრიკა) და ნორსჰემპტონის (ინგლისი) ღირსებას იცავდა, მწვრთნელობა კი 2007 წელს დაიწყო და ძალები აფრიკულ გოლდენ ლაიონსსა და ლაიონსში მოსინჯა. იოჰანმა 2017 წელს ინგლისური გლოსტერი ჩაიბარა და აქამდე სწორედ იქ მუშაობდა, ამიერიდან კი, იაპონიაში ოსაკას რედ ჰარიქეინსს ჩაიბარებს.

ამგვარად, აკერმანი მილტონ ჰეიგის ერთ-ერთი მეტოქე გახდება, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ასევე იაპონურ სანტორი სანგოლიათში გადაბარგდა და ბორჯღალოსნებისთვის ახალი თავკაცის ძიებაც სწორედ ამიტომ მიმდინარეობს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ტიტულიც ნაადრევად გაიფორმეს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჯიბრის დასრულება ვერ მოხერხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები