Thumbnail

რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ როსტოვთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი რუსი სპეციალისტი ახალგაზრდა ქართველ შემტევს ენდობა და ხვიჩაც ამ ნდობას უმართლებს - სეზონის რესტარტს საოცარ ფორმაში შეხვდა.

კვარაცხელიამ როსტოვთან შესანიშნავად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სლუცკი კი ამბობს, რომ ხვიჩა ბოლო თამაშებში ბრწყინავს, მაგრამ არც ის ავიწყდება, რამდენიმე თვის წინ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რომ უძნელდებოდა.

ქართველი შემტევი სეზონის განახლების შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია

“რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გუნდში ასეთი მოთამაშე გყავს. 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს მიიღებს, ყველას მოატყუებს და თავად გაიტანს. ამგვარი ფეხბურთელი ყველას უნდა. ხვიჩას სინამდვილეში შეუძლია, რომ ასეთი იყოს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. დღეს ნამდვილად გამოირჩევა და აბსოლუტურად ყველა თამაშში ბრწყინვალეა,“ - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 2019/20 წლების სეზონში 26 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. რუბინის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივრები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ. კანდიდატებს შორის ხვიჩაც იმყოფება და ზურიკო დავითაშვილიც.

📺 ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები როსტოვთან

კომენტარები

ბოლო ამბები