Thumbnail

'თამამი და თანამედროვე' - რუსი კომენტატორები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

რუბინის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო პერიოდში უდიდესი პროგრესი განიცადა. 19 წლის შემტევი ყაზანური გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა და მისი კარგი თამაში არავის გამორჩენია.

ცნობილი კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის დასრულებას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოეხმაურა და კვარაცხელია ზაფხულის პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

„სეზონის განახლების შემდეგ, პირადად ჩემთვის ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. არაორდინალური, თამამი, თანამედროვე. ჩემთვის - 100%-ით ზაფხულის MVP“.

გენიჩს არ ჩამორჩა კიდევ ერთი ცნობილი კომენტატორი ვასილი უტკინი, რომელსაც ქართველების მიმართ სიმპათია არაერთხელ გამოუხატავს. ის ტელეგრამში წერს, რომ საშინლად ბედნიერია კვარაცხელიას თამაშით.

„ყველას ვულოცავ რუსეთის ჩემპიონატის დასრულებას. არ მინდა შევაჯამო, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საშინლად ბედნიერი ვარ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის ბოლო ნაწილით. ვიცი, რომ ამ გვარის ხშირად ხსენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ ამ არაბუნებრივ წესს შევცვლით“.

ხვიჩა კვარაცხელია რუბინის ლიდერად და შეტევის მთავარ შემოქმედად იქცა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში აღმოჩნდა. ქართველმა სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი პოსტკორონავირუსული პერიოდი გამოდგა, რადგან ხვიჩას შეჩერება მოწინააღმდეგეებს ძალიან უჭირდათ. ბოლო 6 მატჩიდან ხუთში საუკეთესოდაც დაასახელეს.

📺 ვიდეო: კვარაცხელიას პენალტი სპარტაკთან - ხვიჩა მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს 

კომენტარები

ბოლო ამბები