Thumbnail

'ყველაფერზე თავს მიქნევს' - ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია დაახასიათა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუბინის მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ქართველ ნახევარმცველზე ისაუბრა
  • სპეციალისტი აღიარებს, რომ ხვიჩა რუბინშიც გამორჩეულია და ჩემპიონატშიც
  • ყაზანური კლუბი კვარაცხელიაზე მხოლოდ სუპერწინადადებას განიხილავს

რუსეთის პრემიერლიგაში რესტარტის შემდეგ, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ყაზანის რუბინის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია იყო. 19 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი შთამბეჭდავად ჩაატარა და ის, რომ რუბინმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, დიდწილად მისი დამსახურებაა.

ყაზანის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გამოცემა "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე გამოცდილი სპეციალისტის მოსაზრებები, რომელსაც უწინ რუსეთის ნაკრებში, მოსკოვის ცსკა-ში, ჰალ სიტისა და ვიტესში უმუშავია, უინტერესო არ უნდა იყოს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან.

სლუცკი რუბინის მთავარ მწვრთნელად ზამთარში დაინიშნა

სპორტ ექსპრესი: რესტარტის შემდეგ, კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. თავის ასაკობრივ კატეგორიაში, ის რუსეთის პრემიერლიგის უდიდესი ტალანტია?

ლეონიდ სლუცკი: ის თავისი ასაკობრივი კატეგორიის ჩარჩოებიდან გამოვიდა და ის არ უნდა შევაფასოთ, როგორც ახალგაზრდა მოთამაშე, არამედ, ჩვეულებრივ - როგორც მოთამაშე. ნიდერლანდებში მივეჩვიე, რომ 18 წლისას აღარავინ აფასებს, როგორც ახალგაზრდას. რესტარტის შემდეგ კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა და ის არის კიდეც რუბინის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ფეხბურთელი. ეს ჩანს როგორც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტით, ისე - მისი ამჟამინდელი დონითა და იმ უნარებით, რომლებსაც მოედანზე გარანტირებულად წარმოაჩენს.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

სპორტ ექსპრესი: ევროსაგზურის მფლობელმა კლუბმა კვარაცხელიას მიყიდვა რომ შემოგთავაზოთ, რუბინი რა ფასად დათმობს მას?

სლუცკი: როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მისი ასაკი უნდა გავითვალისწინოთ. ზამთრამდე ხვიჩა არ იყო სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე და ძირითადში მხოლოდ 10 მატჩში იყო. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ერთი წლის შემდეგ ის გაცილებით ძვირი ეღირება. რა თქმა უნდა, თუკი ეს სუპერწინადადება იქნება, კლუბი მას განიხილავს. ლოგიკისა და ასაკის გათვალისწინებით, მისი სატრანსფერო ფასი უნდა გაიზარდოს, თუკი  ფორსმაჟორული ვითარება არ შეიქმნება. დღეს კი კვარაცხელიას გაყიდვის საკითხი არ დგას.

მწვრთნელი ხვიჩას რუსული ენის ცოდნას უწუნებს

სპორტ ექსპრესი: დაიწერა, რომ რუბინი-სპარტაკის მატჩის შემდეგ, ჯიქია ხვიჩას, როგორც ქართველი ქართველს, სპარტაკში გადასვლაზე დაელაპარაკა. ეს მართალია?

სლუცკი: არ ვიცი, იყო თუ არა მსგავსი საუბარი. რა აზრი აქვს თამაშის შემდეგ ჯიქიას და კვარაცხელიას ქართულ ენაზე გამართული დიალოგის განხილვას? (იცინის). გამოცდილ და დაღვინებულ გიორგის ახალგაზრდა ხვიჩამ რა უნდა უთხრას ისეთი...

სპორტ ექსპრესი: ხვიჩა რუსულ ენას როგორ ფლობს?

სლუცკი: ცუდად (იცინის).

ხვიჩა რუბინში ზურიკო დავითაშვილთან ერთად გამოდის

სპორტ ექსპრესი: როგორ ესაუბრებით?

სლუცკი: ძალიან მარტივი რუსულით, დიდი პაუზებით ველაპარაკები. ყველაფერზე თავს მიქნევს. "გაიგე? აბა, გაიმეორე!" და ამის შემდეგ იწყება ყველაზე სასაცილო. მთლიანობაში, ცალკეული სიტყვებით ვხვდები, რომ შინაარსს ჩაწვდა, მაგრამ აზრის გადმოცემა ჯერ კიდევ უჭირს.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში შარშან ზაფხულში, მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა. 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები