Thumbnail

გული მწყდება რომ სანაკრებო შეკრებას გამოვტოვებ - გიორგი მერებაშვილმა სეზონი დაასრულა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტერვიუ პლოცკის ვისლას ქართველ ნახევარმცველთან
  • გიორგი მერებაშვილი მძიმედ დაშავდა და 2-3 თვეს გამოტოვებს

გიორგი მერებაშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. სამწუხაროდ, პლოცკის ვისლას ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მერებაშვილი კრაკოვის ვისლასთან შეხვედრის დროს დაშავდა და მე-16 წუთზე შესაცვლელი გახდა.

31 წლის ქართველ ფეხბურთელს პოლონეთში დავუკავშირდით და ბოლო სიახლეები სწორედ მისგან შევიტყვეთ...

POPSPORT: კრაკოვის ვისლასთან პაექრობისას, ტრავმის გამო მე-16 წუთზე შეგცვალეს. რამდენად მძიმედ დაშავდი?

მერებაშვილი: ფეხში ტკივილი დაშავებამდე ორი კვირით ადრე ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშოდ არ მომეჩვენა და გავაგრძელე ვარჯიში. კრაკოვის ვისლასთან თამაშისას, ბურთი მივიღე და დაახლოებით 25 მეტრიდან კარში დარტყმას ვაპირებდი, როდესაც ვიგრძენი, რომ კუნთი გამიწყდა და თამაშის გაგრძელება აღარ შემეძლო. სამწუხაროდ, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. უახლოეს დღეებში გაირკვევა თუ სად გავიკეთებ ოპერაციას, სარეაბილიტაციო კურსს კი 2-დან 3 თვემდე დასჭირდება და სავარაუდოდ, ამ პერიოდს თბილისში გავატარებ, ოჯახთან ერთად.

გიორგი მერებაშვილი

POPSPORT: მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გიხილავთ. ზაფხულში ახალ გუნდში ხომ არ აპირებ გადასვლას?

მერებაშვილი: წარმატებული სეზონი მქონდა და ვფიქრობდი სიახლეებზე, თუმცა ამ ტრავმის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. დღეს, უკვე სრულად ვარ კონცენტრირებული ტრავმის მოშუშებაზე და დანარჩენზე უკვე შემდეგ ვიფიქრებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეაბილიტაციო კურსი წარმატებული გამოდგეს.

POPSPORT: ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ვლადიმირ ვაისმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩისთვის გამოგიძახა. ამ ტრავმის გათვალისწინებით, რამდენად უნდა ველოდოთ თქვენ გამოძახებას სექტემბერში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებში?

მერებაშვილი: ყველაზე მეტად სწორედ იმაზე მწყდება გული, რომ ივნისში დაგეგმილ სანაკრებო შეკრებას გამოვტოვებ. დიდი იმედი მაქვს, რომ სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით გაივლის და სექტემბერში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. პირველ რიგში, სწორედ ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ და მინდა, რომ გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში დავეხმარო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ამ მძიმე პერიოდში მამხნევებს და გვერდში მიდგას.

კომენტარები

ბოლო ამბები