Thumbnail

გრუნტის მეფის წლის პირველი ტიტული I რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი მოიგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანელმა ჩოგბურთელმა მონტე-კარლოს მასტერსი კარიერაში მე-11 მოიგო
  • რაფამ ფინალურ შეხვედრაში იაპონელ კეი ნიშიკორის შანსი არ მისცა

რაფაელ ნადალი - კეი ნიშიკორი 6:3, 6:2

მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა იაპონელი კეი ნიშიკორიც (36) ორ სეტში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა. "გრუნტის მეფემ" ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ მოიგო.

ფინალურმა შეხვედრამ საათსა და 34 წუთს გასტანა. ნადალმა ერთი ეისი მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა, 4-ჯერ კი მეტოქის მოწოდებაზე იმარჯვა. ნიშიკორის ანგარიშზე ერთი ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 1 გაშვებული ბრეიკ-პოინტია.

კარგად ნაცნობი გემო

ნადალი და ნიშიკორი სულ 12-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 10-ჯერ გამარჯვებული ესპანელი გამოვიდა და მხოლოდ 2-ჯერ - იაპონელი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბოლო შეხვედრა ნიშიკორის ჰქონდა მოგებული - 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე, ბრინჯაოსთვის მატჩი. 

თუკი 31 წლის ესპანელმა მონტე-კარლოს თიხნარზე ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით განვლო (ოთხივე მატჩი ისე მოიგო, სეტი არ დაუთმია), 28 წლის იაპონელს 5-იდან 4 შეხვედრაში წარმატების მისაღწევად სამი სეტის ჩატარება დასჭირდა.

ნადალმა ნახევარფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა (6:4, 6:1), ნიშიკორიმ კი გზიდან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (3:6  6:3  6:4) ჩამოიცილა.

მონტე-კარლოს კორტზე ესპანელმა ჩოგბურთელმა სეტი არავის მოაგებინა

ნადალმა 31-ე მასტერსი მოიგო და ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში 76-ე ტიტული მოიგო, წელს კი - პირველი.

მონტე-კარლოში გამარჯვებით ნადალმა 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდება შეინარჩუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები