Thumbnail

ნადალის მე-80 ტიტული - რაფა ჯილდოების რაოდენობით ღია ერაში მეოთხეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 32 წლის ესპანელმა ტორონტოს მასტერსის სერიის ტურნირი მეოთხედ მოიგო
  • რეიტინგის ლიდერმა გადამწყვეტ შეხვედრაში სტეფანოს ციციპასს ორ სეტში სძლია
  • რაფა მცირე პაუზის გაკეთებას აპირებს და ცინცინატის ტურნირში არ გამოვა 

გასულ უქმეებზე რაფაელ ნადალმა ერთეულთა თანრიგში კარიერის მე-80 ტიტული მოიგო. ღია ერაში (1968 წლიდან) ნადალზე მეტი გამარჯვება მხოლოდ ივან ლენდლს (94), როჯერ ფედერერსა (98) და ჯიმი კონორსს (109) აქვთ.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ტორონტოს მასტერსის სერიის ტურნირზე გაიმარჯვა, რომლის საპრიზო ფონტი 5 315 025 მილიონი აშშ დოლარი იყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გადამწყვეეტ მატჩში ორ სეტში დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი 6:2, 7:6 (7:4), რასაც საათი და 41 წუთი მოანდომა და ტურნირის ოთხგზის გამარჯვებული გახდა.

ნადალმა 4 ეისი მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა და 6 შესაძლებლიდან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ციციპასის ანგარიშზე 3 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა მოწოდებაზე და 3 შესაძლებლიდან 1 ბრეიკია.

მეტოქეები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ნადალის მხარესაა - 2:0.

ახალგაზრდა ციციპასისთვის კი, რომელსაც ფინალური შეხვედრის დღეს 20 წელი შეუსრულდა, ტურნირი მაინც ბრწყინვალე გამოვიდა. ბერძენმა ტორონტოში მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10-ის ოთხი წარმომადგენელი დაამარცხა, განახლებული რეიტინგში კი 12 საფეხურით აღზევდა და მე-15 ადგილზეა.

32 წლის ესპანელისთვის ეს ერთეულთა თანრიგში მოგებული მე-80 ტიტულია, 2018 წლის სეზონში კი - მეხუთე.

რაფაელ ნადალისთვის კანადაში წარმატება "მასტერსებზე" 33-ეა, რაც ასევე რეკორდია. 

ესპანელმა ჩოგბურთელმა გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ცინცინატის ტურნირში (13-19 აგვისტო) არ გამოვა, რისი მიზეზიც ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე ზრუნვაა.

კომენტარები

ბოლო ამბები