Thumbnail
  • საფეხბურთო იტალია მე-3 ტურის მატჩების მოლოდინში
  • გაუტანს კრიშტიანო რონალდო პარმას?
  • ინტერის და ნაპოლის არცისე ადვილი გამოცდები
  • სპალ-მა, შესაძლოა, მესამე მატჩიც მოიგოს

კრიშტიანო რონალდო, ადრე, თუ გვიან, იტალიის ჩემპიონატში თავის პირველ გოლს გაიტანს და ყოველი ტურის წინ, თუ ტურის შემდეგ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გოლის მოლოდინი, რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ CR7 სერია A-ში უგოლოდაა, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

იუვენტუსმა ორივე თამაში მოიგო, ჯამში 5 ბურთი გაიტანა, რონალდო კი ჯერაც უგოლოდაა, რასაც ბევრი არ მოელოდა. ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ მოვლენას ტრაგიკურად არ აღიქვამს - მისი თქმით, რონალდო იტალიური ფეხბურთის შესწავლის პროცესშია და პორტუგალიელი აუცილებლად დაიწყებს გატანს. ადრე, თუ გვიან.

მესამე ტურში კრიშტიანოს პარმას მცველებთან ექნება საქმე. პორტუგალიელი უკვე დარწმუნდა, რომ იტალიაში მცველები გაცილებით ხისტად თამაშობენ, ვიდრე ესპანეთში და არა აქვს მნიშვნელობა, ლაციოს მცველს ეთამაშები, თუ კიევოსას - ფეხებში აუცილებლად მაგრად მოგხვდება და, თანაც, არაერთხელ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რონალდო უკვე წნეხის ქვეშაა, რადგან მისი ტრანსფერით გამოწვეული ეიფორიის ფონზე, თუკი მესამე მატჩსაც უგოლოდ დაასრულებს, უკვე ღიად დაიწყება საუბრები იმის შესახებ, რომ კრიშტიანოს იტალიის ჩემპიონატისთვის ალღოს აღება უჭირს.

იუვენტუსის მეტოქე პარმას, მართალია, მაგარი სახელი აქვს, მაგრამ სერიაში A-ში ახლა აღზევდა და სუსტი გუნდია. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ რონალდომ თავისი გოლების აქტივი იტალიაში სწორედ ამ შეხვედრაში გახსნას.

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • პარმა
  • კრიშტიანო რონალდო

მილანური გრანდები ზეწოლის ქვეშ

იუვენტუსისა და კრიშტიანო რონალდოს გარდა, სერია A-ს მესამე ტურში კიდევ სამი განსაკუთრებით საინტერესო მატჩია. ტურის ცენტრალური შეხვედრა პარასკევსვე გაიმართება, რომელშიც მილანი რომას უმასპინძლებს.

დიდ ინტერესს იწვევს ფილიპო ინძაგის ბოლონიასა და მილანის ინტერის დაპირისპირებაც, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო. ტიტულის კანდიდატი ინტერი პირველ ტურში სასუოლოსთან დამარცხდა (0:1), მეორე ტურში კი ტორინოს ვერ მოუგო (2:2). შესაბამისად, “ნერაძური” 6-ქულიან ლიდერებს [იუვენტუსი, ნაპოლი, სპალ (?!)] უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

რთული გამოცდა ელის კარლოს ანჩელოტის ნაპოლის - სამხრეთიტალიელები, რომლებმაც ორივე მატჩი მოიგეს, გენუის სამპდორიას სტუმრობენ.

წინა ტურში, ჯენარო გატუზოს მილანი კარლო ანჩელოტის ნაპოლისთან 2:3 დამარცხდა

სპალ-ის ფენომენი

ზემოთ სპალ ვახსენეთ და ეს გუნდი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ფერარელებს ორივე მატჩი მოგებული აქვთ და იუვენტუსთან და ნაპოლისთან ერთად, ცხრილის სათავეში არიან. “რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელდება,” - აცხადებს სპალ-ის მთავარი მწვრთნელი ლეონარდო სემპლიჩი, რომელმაც კლუბი ჯერ კიდევ რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობის დროს ჩაიბარა. კვირას სპალ ტორინოს სტუმრობს და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ მესამე თამაშიც მოიგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები