Thumbnail

ვაისი: ლატვიის დაცვას გასაღები უნდა მოვარგოთ! კაშიას ბოლომდე გვერდში დავუდგები!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლატვიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
  • ვლადიმირ ვაისი ოპტიმისტურადაა განწყობილი
  • ჟურნალისტების კითხვებს გიორგი მერებაშვილმაც უპასუხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში წარმატებული სტარტი აიღო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველ ტურში ყაზახეთი სტუმრად დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა (ლატვიამ ანდორას ვერ მოუგო - 0:0). წინ მეორე მატჩია, რომელსაც ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 9 სექტემბერს, "დინამო არენაზე" შედგება და 20:00 საათზე დაიწყება.

"დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ვაისი გიორგი მერებაშვილთან ერთად გამოცხადდა.

ვაისი: ყაზახეთში საჭირო ქულები ავიღეთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩის მოგება. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ლატვიასთან სათამაშოდ ემზადება. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, უკვე საბოლოოდ დადგინდება ძირითადი შემადგენლობა. ლატვია დაცვაზე ორიენტირებული გუნდია, ჩვენ კი ამ დაცვას გასაღები უნდა მოვარგოთ. ჩვენი ფეხბურთელები კარგ გამწყობაზე არიან. იმედია, ტრიბუნები გულშემატკივრებით შეივსება და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას.

ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მოიგეთ. ეს შედეგი თუ აძლევს საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიურ უპირატესობას?

ვაისი: მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ლატვიას ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, იმ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

ყაზახეთში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ნავსი გატყდა და როგორი იყო თქვენი ემოცია?

ვაისი: მთლიანად გუნდში ამაღლებული განწყობაა. ყაზახეთთან მატჩში მიზანს მივაღწიეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასევე გავაგრძელოთ. 

გურამ კაშიას გარშემო დიდი აჟიოტაჟია. რას იტყვით ამ თემასთან დაკავშირებით?

ვაისი: სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არის ეს აჟიოტაჟი. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ გურამი ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. როგორც მწვრთნელი, მას გვერდში ვუდგავარ. სხვას ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.

ვლადიმირ ვაისი და გიორგი მერებაშვილი

ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ, გუნდში ეიფორია ხომ არ შეინიშნება და ლატვიას ზემოდან ხომ არ უყურებენ ფეხბურთელები?

ვაისი: მწვრთნელი ვარ და ვერ დავუშვებ ვერანაირ ეიფორიას. გულშემატკივარი ელის გოლებს და გამარჯვებას, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, თამაშს სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ და გავამართლოთ ქომაგების იმედი.

თორნიკე ოქრიაშვილის თამაშით თუ ხართ კმაყოფილი და ლევან მჭედლიძეს თუ მიეცემა თამაშის საშუალება?

ვაისი: თორნიკე ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ბუნებრივია, რომ ეს აისახება მის სათამაში ფორმაზე. იგივე შეიძლება ითქვას ლევან მჭედლიძეზე. დღეს კიდევ გვექნება ვარჯიში, დავაკვირდები მათ და გაავწყვეტ, უნდა დავტვირთო თუ არა ლატვიასთან თამაშში.

ლატვიის რიგებიდან ვისგან ელით ყველაზე მეტ პრობლემას?

ვაისი: ლატვიის ნაკრები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბურთი, უნდა შევუტიოთ, მომენტები შევქმნათ და გავიტანოთ.

მერებაშვილი: რთული თამაში გველოდება

გიორგი მერებაშვილი (საქართველოს ნაკრები): “ძალიან სასიამოვნოა, რომ ყაზახეთში გავიმარჯვეთ და ეს აუცილებლად დადებითად აისახება გუნდზე. წინ მეორე მატჩია და კარგად ვაცნობიერებთ, რომ რთული თამაში გველოდება. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

გიორგი მერებაშვილი პრესკონფერენციაზე

გურამ კაშიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირე: გურამი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ. დღეს, ჩვენთვის მთავარი ხვალინდელი თამაშია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ყაზახეთში გვიქომაგეს. იმედია, "დინამო არენა" გაივსება და ლატვიას ერთად დავამარცხებთ”.

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველო ლატვიასთან?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

კომენტარები

ბოლო ამბები