Thumbnail
  • ანტონიო კონტე უმუშევარია და საინტერესო წინადადებას ელოდება
  • დიდია შანსი, ეს წინადადება იტალიიდან მიიღოს

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ ლონდონის ჩელსი დატოვა, უმუშევარია. 49 წლის სპეციალისტი საინტერესო წინადადებას ელოდება და დიდია შანსი, ეს წინადადება იტალიური კლუბიდან მიიღოს. აპენინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილანის და რომას მესვეურები განიხილავენ.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს თავკაცობით, გასულ სეზონში რომამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია, თუმცა მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალთან განადგურდა, ხოლო სერია A-ში ხუთი ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. როდესაც ჯალოროსის პრეზიდენტს, ჯეიმს პალოტას ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა გუნდის ასპარეზობას მიმდინარე სეზონში, მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა: “გული მერევა”.

ეუსებიო დი ფრანჩესკო

იტალიური მედიის ცნობით, რომას მესვეურები დი ფრანჩესკოს გაშვებაზე ფიქრობენ და გუნდის მომავალ მწვრთნელად ანტონიო კონტე ჰყავთ შერჩეული. სერია A-ს მე-7 ტურში რომაული დერბია, ჯალოროსი ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ლაციოს დაუპირისპირდება და შესაძლოა, ამ მატჩმა გადაწყვიტოს დი ფრანჩესკოს ბედი. 

ჯენარო გატუზო

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა მილანში. მართალია, როსონერის მესვეურები ხშირად აცხადებენ, რომ ჯენარო გატუზოს მათი მხრიდან სრული ნდობა აქვს, მაგრამ ეს უფრო მწვრთნელის გამხნევებას ჰგავს, ვიდრე რეალობას. ფაქტია, რომ მილანი არასტაბილკურად ასპარეზობს და თუ ასე გაგრძელდა, ისევ დარჩება ჩემპიონთა ლიგის მიღმა, რაც კლუბის ახალი მესვეურების გეგმებში ნამდვილად არ შედის. თანაც, დიდია ცდუნება გუნდს ისეთი კვალიფიციური მწვრთნელი ჩაუყენო სათავეში, როგორიც ანტონიო კონტეა, რომელიც უმუშევარია და დიდი ალბათობით, მილანურ შეთავაზებას დათანხმდება. იტალიური მედიის ვარაუდით, გატუზოს მცირე დრო აქვს ვითარების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ანტონიო კონტე შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები