Thumbnail
  • სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რომამ ლაციო დაამარცხა
  • დი ფრანჩესკოს თანამდებობა პელეგრინიმ, კოლაროვმა და ფასიომ გადაურჩინეს

რომაული დერბიში, სხვასთან ერთად, “მგლების” მთავარი მწვრთნელის ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბედიც წყდებოდა. ჯერ კიდევ მე-6 ტურის წინ დაიწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს თანამდებობიდან გაუშვებდა, თუ მომდევნო ორ მატჩს არ მოიგებდა. წინა ტურში რომამ ფროზინონესთან “ოლიმპიკოზე” მიზანს თუ ბურთაობით (4:0) მიაღწია, რამდენიმე დღის შემდეგ ამავე სტადიონზე, პრინციპულ მეტოქესთან მატჩში მისგან ამას არავინ მოელოდა.

მთლად ფროზინონესთან მატჩის მსგავსად არა, მაგრამ რომამ ლაციოსთან დერბი, რაც მთავარია, მოიგო და დი ფრანჩესკომაც ალბათ შვებით ამოისუნთქა - მოუგებელი ოთხმატჩიანი სერია დავიწყებულია, ბოლო ორ მატჩში 6 ქულა - მოპოვებული, სკამი კი - დროებით მაინც გადარჩენილი. 

რომას ფანებში ლაციოსთან გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს

იტალიის დედაქალაქში ანგარიში ტაიმის მიწურულს, ლაციოს მეკარის არცთუ დამაჯერებელი თამაშის შედეგად გაიხსნა. ტომას სტრაკოშა მცველების გარემოცვაში მყოფ სტეფან ელ შაარავის დაახტა,  ბურთი კი კარისგან ზურგით მყოფ ლორენცო პელეგრინის მიუვიდა, რომელმაც ქუსლით შეაგდო.

პელეგრინიმ ქუსლით გოლს საგოლე პასიც მიუმატა

სიმონე ინძაგის გუნდმა მეორე ტაიმში გაათანაბრა და ამაში წვლილი რომას მცველს ფედერიკო ფასიოს მიუძღვის, რომელმაც თავისი საჯარიმოს მისადგომებთან გაურკვეველი მოქმედება წამოიწყო, ბურთი კი ჩირო იმობილეს ჩააბარა. ამ უკანასკნელმა კი იცის, მეკარესთან პირიპისპირ დარჩენისას რა და როგორ უნდა გააკეთოს - 1:1.

რომა ანგარიშში მეორედ ალეკსანდარ კოლაროვმა დააწინაურა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ბურთმა “კედელში” გაიარა, სტრაკოშას კი მისი მოგერიების შანსიც არ ჰქონდა.

კოლაროვის უძლიერეს დარტყმას წინ ვერც კედელი აღუდგა და ვერ მეკარე

ლაციოს კარში მესამე გოლიც საჯარიმოს მოყვა, რომელიც ამჯერად პირველი გოლის ავტორმა შეასრულა. პელეგრინიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მაღალ ბურთზე ბრძოლაში ყველას თავით ფედერიკო ფასიომ დაასწრო და შეცდომა გამოასწორა - 3:1.

ამ გამარჯვების შემდეგ რომას 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში დროებით მე-5 ადგილამდე აღზევდა. ერთი ქულით მეტი რჩება ლაციოს. 

რომა 3:1 ლაციო

გოლები: 1:0 პელეგრინი (45’), 1:1 იმობილე (67’), 2:1 კოლაროვი (71’), 3:1 ფასიო (86’)

რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - დე როსი (74’ კრისტანტე), ნ’ზონზი - ფლორენცი (83; ჟესუსი), პასტორე (37’ პელეგრინი), ელ შაარავი - ჯეკო.

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - კასერესი, აჩერბი, რამოს მარში - მარუშიჩი, პაროლო (54’ ბადენი), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (82' კეისედო) - ალბერტო (53’ კორეა) - იმობილე.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები