Thumbnail

‘საშინელი მტირალა იყო!’ - რას წერს ფრანჩესკო ტოტი იუვეს ლეგენდაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანჩესკო ტოტიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა
  • რას წერს რომას ლეგენდა პაველ ნედვედის შესახებ

ფრანჩესკო ტოტი ხუთშაბათს 42 წლის გახდა, მაგრამ იტალიურ ფეხბურთში მაინც ერთ-ერთი ნომერ პირველი სალაპარაკო თემაა - განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან რომას ლეგენდამ ავტობიოგრაფიული წიგნი “Un Capitano” გამოსცა. საკუთარ წიგნში ტოტი ბევრ ისეთ ამბავზე წერს, რის შესახებაც ფეხბურთის გულშემატკივრებმა აქამდე არ იცოდნენ. ფრანჩესკოს წიგნის ერთ-ერთი თავი ტურინის იუვენტუსის ჩეხ ლეგენდას, პაველ ნედვედს ეძღვნება.

ტოტიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

სერია A-ში ტოტის დებიუტიდან (1993 წლის 28 მარტი, ბრეშასთან) კარიერის დასრულებამდე (2017 წლის 28 მაისი, ჯენოასთან) ზუსტად 8827 დღეა. ამ ხნის მანძილზე, ლეგენდარულმა იტალიელმა შემტევმა ძალიან ბევრი რამ ნახა. ამჟამად ტოტი ფეხბურთს მხოლოდ თავისუფალ დროს თამაშობს, მუშაობით კი, რომას მენეჯმენტშია დასაქმებული. ავტობიოგრაფიულ წიგნში “Un Capitano” ტოტი, რომელმაც 786 ოფიციალურ მატჩში 307 გოლი გაიტანა, ბევრ საინტერესო რამეს წერს.

მაგალითად, ტოტი წერს პაველ ნედვედზე, რომელიც დღეს 46 წლისაა და იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტია. ჩეხი ნახევარმცველი 2001-დან 2009 წლამდე იუვენტუსის ღირსებას იცავდა (მანამდე, ლაციოში 5 წელი გაატარა) და ასევე სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ტოტის წიგნში ნედვედის შესახებ კარგი ბევრი არაფერი წერია.

ფრანჩესკო მას “საშინელ მტირალას” უწოდებს და იხსენებს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩს, რომელშიც ტოტის იტალია სწორედ ნედვედის ჩეხეთს დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო. ტოტი იხსენებს მომენტს, როცა მოედნის ცენტრში მათ შორის ორთაბრძოლა შედგა.

"ოდნავ შეეხებოდი, გამოიხედავდი და 10 მეტრის მოშორებით ეგდო. ამიტომ ვერ ვიტანდი მოედანზე..."

2006 წლის მუნდიალის მატჩი - ნედვედი და ტოტი

“იმ დღეს ნედვედი ტოპ-ფორმაში იყო. ამას სიამოვნებით ნამდვილად არ ვამბობ, რადგან მოედანზე მას ვერასდროს ვიტანდი. საშინელი მტირალა იყო. ოდნავ შეეხებოდი, გამოიხედავდი და 10 მეტრის მოშორებით ეგდო. ამიტომ ვერ ვიტანდი მოედანზე. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. მაშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენს წინააღმდეგ განსაკუთრებით კარგად ითამაშა. ბუფონმა 3-4 სუპერსეივი გააკეთა იმისთვის, რომ ნედვედს არ გაეტანა,” - წერს ტოტი თავის წიგნში.

რომას ლეგენდა ასევე წერს, რომ ახლა ნედვედთან უკვე კარგი ურთიერთობა აქვს: “როგორც ფეხბურთელი, მაგრად მეზიზღებოდა და ეს არც არასდროს დამიმალავს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბოლოს, როცა ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ შევხვდით, ძალიან მეგობრული საუბარი გვქონდა. ახლა, მას დიდ პატივს ვცემ.”

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები