Thumbnail

სერია გრძელდება - ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე სტარტი შანხაიში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნიკა შანხაის მასტერსზე გადაერთო
  • 26 წლის ქართველმა პირველ წრეში კანადელ შაპოვალოვს იოლად სძლია
  • ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე გერმანელი ალექსანდერ ზვერევია

ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე გადაირთო. მსოფლიო რეიტნგში 23-ე საფეხურზე აღზევებულმა ბასილაშვილმა ATP World Tour Masters 1000-ის პირველ წრეში კანადელი დენის შაპოვალოვი (29) იოლად, ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 6:2.

ეს ჩოგბურთელები აპრილში ბუდაპეშტშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ბასილაშვილმა მაშინაც ორ სეტში იმარჯვა. შანხაიში 26 წლის ქართველ ჩოგბურთელს მეტოქის დასამარცხებლად 58 წუთი ეყო. ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა, 5-იდან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მისი მეტოქის ანგარიშზე 6 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და არცერთი ბრეიკია.

ბასილაშვილი ტურნირის მეორე წრეში გერმანელ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება, რომელიც მეოთხე ნომრადაა განთესილი. შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართება. 

შანხაის ტურნირის საპრიზო ფონდი 7 086 700 აშშ დოლარია, მისი მოგება კი 1 000 სარეიტინგო ქულად ფასობს. ფინალისტი 600 ქულას მოიპოვებს, ნახევარფინალისტი - 360-ს, ხოლო მეოთხედფინალისტი - 180-ს. შაპოვალოვის დამარცხებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.

ნიკა 2017 წელსაც მონაწილეობდა შანხაის მასტერსზე, მან საკვალიფიკაციო ბადიდან ძირითადში გააღწია, სადაც ხუან-მარტინ დელ პოტროსთან წააგო - 2:6, 6:3, 4:6. ასე რომ, მას მხოლოდ 25 ქულა აქვს დასაცავი (საკვალიფიკაციოს მოგებისთვის). 

შანხაის მასტერსზე პირველად ნომრად შვეიცარიელი როჯერ ფედერერია განთესილი, ხოლო მეორე ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები