Thumbnail

რომამ ჯენგიზ უნდერს ფასი დაადო - თურქი ევროპული გრანდების სამიზნეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას 21 წლის ნახევარმცველმა შესაძლოა კლუბი ზამთარში შეიცვალოს
  • უნდერი არსენალს, სიტის, იუნაიტედს, ბარსელონასა და ბაიერნს სურთ

რომას ნახევარმცველმა ჯენგიზ უნდერმა შესაძლოა უახლოეს მომავალში იტალიური კლუბი დატოვოს და კარიერა ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გააგრძელოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ზამთარში 21 წლის თურქი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა და ბაიერნი ინტერესდებიან. უნდერზე თვალი უჭირავს დორტმუნდის ბორუსიასაც.

"მეთოფეებს" უნდერის დამატება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, "წითელი ეშმაკები" კი მას ჩილელი ალექსის სანჩესის შემცვლელად განიხილავენ. ბარსელონაში მალკომის თამაში არ აკმაყოფილებთ და თურქი ჰავბეკი მის შემცვლელად სურთ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცნობილია რომაული კლუბისთვის, რომელმაც უნდერს ფასი დაადო - 50 მილიონი ევრო. კლუბში დარწმუნებული არიან, რომ ამ თანხით სპორტული დირექტორი რამონ მონჩი სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა თურქის კარგ შემცვლელს მოიძიებს.

ჯენგიზ უნდერი რომაში ბაშაქშეჰირიდან 2017 წელს, 13,4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ფასი Тransfermarkt-ზე 27 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში თურქმა ფეხბურთელმა სერია A-ს 7 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. ჯენგიზი უფრო შედეგიანი ჩემპიონთა ლიგაშია - 3 მატჩში 2 გოლი და საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები