Thumbnail

ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია - კარიერის რეკორდი და წარმატებული სტარტი პარიზში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ATP-ის განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა
  • 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსის მეორე წრეში გავიდა
  • ნიკას მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი კევინ ანდერსონია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის ბოლო ტურნირში გამოსვლა წარმატებით დაიწყო. პარიზის მასტერსის პირველ წრეში 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, შემდეგ კი ავსტრალიელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 

პარიზის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. ბასილაშვილი 32 წლის ანდერსონს წელს ორჯერ დაუპირისპირდა - მაიმისა და ვენაში და ორივეჯერ დამარცხდა. 

ორშაბათს ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა - ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 22-ე ჩოგანია (1 767 ქულა), რაც მისი კარიერის რეკორდია. ნიკოლოზს შანსი აქვს სეზონი საუკეთესო ოცეულშიც დაასრულოს. საამისოდ მას პარიზის ტურნირში, სადაც ქულები დასაცავი არ აქვს, მესამე წრეში გასვლაც ეყოფა. მეორე წრეში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 45 ქულა უკვე გამოიმუშავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კევინ ანდერსონის დაპირისპირება საფრანგეთის დედაქალაქში 31 ოქტომბერს გაიმართება.

პარიზის მასტერსი ბერსიში დახურულ დარბაზში ჰარდის საფარიან კორტებზე იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდია - € 4 273 775.

კომენტარები

ბოლო ამბები