Thumbnail

PREVIEW | ბრძოლა პირველობისთვის - რა უნდა გაირკვეს ოლიმპიკოზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ⚽ რომა V რეალი 📅 სამშაბათი ⌚ 23:59 📺 SILK UNIVERSAL
  • 1/8-ფინალის საგზურის განაღდება ვადამდე ორივე გუნდს შეუძლია  
  • დი ფრანჩესკოს მარცხი შესაძლოა თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს
  • ვალენსიაზე ნაწყენ კრიშტიანო რონალდოს შურისძიების შანსი აქვს 

საკმარისია, რეალმა რომში მოიგოს, რომ სანტიაგო სოლარის შეგირდებს G ჯგუფში პირველობას ვეღარავინ შეეცილება. მადრიდელებს იტალიის დედაქალაქში სტუმრობა კი კარგად აქვთ დაცდილი - ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ რომაელებმა "ოლიმპიკოზე" ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ბოლო შვიდი შეხვედრიდან ყველა მოიგეს, მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს და იოლ დახვედრას არც რეალს მოუწყობენ.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი - ცსკა-პლზენი, რომლის შედეგი რომასთვისაც მნიშვნელოვანია და რეალისთვისაც, მანამდე დაიწყება (თბილისის დროით 21:55). 

რომა

რომაელთა მთავარი იმედი ედინ ჯეკოა - 5 გოლი და 2 საგოლე პასი ლიგის 4 მატჩში

შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალისტებმა ტურნირი სწორედ რეალთან სტუმრად წაგებით დაიწყეს - 0:3, მაგრამ ამის შემდეგ ყველა მატჩი მოიგეს - "ოლიმპიკოზე" პლზენი გაანადგურეს (5:0), რასაც რუსულ ცსკა-სთან შინ და სტუმრად მოგებები (3:0 და 2:1) მიაყოლეს. შედეგად, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს 9 ქულა აქვს, ბურთები - 10:4. ამდენივე ქულა აქვს რეალსაც (ბურთები 10:2), ცსკა-ს კი 4 და თუკი იტალიური გუნდი მოგებას მოახერხებს, ვადამდე გაინაღდებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშს.

"ჯალოროსის" სერია A-ში საქმე ასე კარგად არ აქვს - უკანასკნელი ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (სამპდორიასთან 4:1), ბოლო ტურის შეხვედრა უდინეზესთან კი სულაც წააგო (0:1) და ლიდერ იუვენტუსს 15 (!) ქულით ჩამორჩება. იტალიური მედიაში დაიწერა, რომ თუ რომა მომავალ ორ მატჩში (რეალსა და ინტერთან) სასურველ შედეგს არ აჩვენებს, დი ფრანჩესკოს თანამდებობას დაატოვებინებენ. 

დი ფრანჩესკოს რეალთან მარცხი შესაძლოა თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს

რეალის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ლორენცო პელეგრინი. კოსტას მანოლასს, ხავიერ პასტორეს და დანიელე დე როსის პრობლემები აქვთ. ბოლო ინფორმაციით, გამოჯანმრთელება და ვარჯიში მოასწრო დიეგო პეროტიმ.

რეალი

ფასიომ მადრიდში ბეილს გოლის გატანაში ხელი ვერ შეუშალა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის ტრიუმფატორებმა მორიგი ტიტულისკენ სვლა რომასთან საშინაო გამარჯვებით დაიწყეს და შეიძლება ითქვას, მიმდინარე კამპანიაში ის "სამეფო გუნდის" საუკეთესო მატჩად აქამდე რჩება. რეალმა შემდეგ სტუმრად ცსკა-სთან წააგო (0:1) და ორჯერ მოუგო აუტსაიდერ პლზენს (2:1, 5:0). რეალი ჯგუფს კი ლიდერობს, მაგრამ საქმე მოგვარებული ნამდვილად არ აქვს - რომში წაგების შემთხვევაში, მადრიდელებს პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში შესაძლოა ცსკა-სთან ერთგვარი ფინალის გადატანა მოუხდეთ.

ლა ლიგაში რეალის საქმეები კიდევ უარესადაა. შაბათს სანტიაგო სოლარის შეგირდებმა ეიბართან სირცხვილი ჭამეს - 0:3, რაც უკვე მეხუთე წაგებაა ჩემპიონატში, სადაც 13 ტურია გასული. რეალს 20 ქულა აქვს და ცხრილში მისთვის შეუფერებელ მეექვსე ადგილზეა. საინტერესოა, რეალმა სტუმრად ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა, ამ შეხვედრებში ბურთების შეფარდება კი უარყოფითი აქვს - 10:16.

რეალს რომში სტუმრობა კარგად აქვს დაცდილი

რომას წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ კასემირო, ალვარო ოდრიოზოლა და სერხიო რეგილონი. საეჭვოა მატჩში კეილორ ნავასის, ნაჩოს და მარიანო დიასის მონაწილეობა. 

საინტერესო ფაქტები

► თუ ამ ტურში ცსკა ვერ მოიგებს, რომას ⅛-ფინალში გასასვლელად რეალთან ფრეც ეყოფა.

► თუკი ცსკა ვერ მოიგებს, რეალი წაგების შემთხვევაშიც ვადამდე გაინაღდებს ⅛-ფინალს.  

► რომში გამარჯვება მადრიდის რეალს G ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს.

► რეალი და რომა ერთმანეთს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ. უპირატესობა მადრიდელთა მხარესაა: 8 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი, ბურთები: 24:11.

► მხოლოდ რომში გამართულ მატჩებში უპირატესობა მაინც რეალს აქვს: 4 მოგება და 1 მარცხი, ბურთები: 11:3.

► ყველა ტურნირში ამ გუნდების ბოლო 5 მატჩიდან 4 მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. რომაელებმა მეტოქეს მხოლოდ 1 გოლი გაუტანეს და მიიღეს 9.

► ჩემპიონთა ლიგაში რეალის ბოლო 30 მატჩიდან 28-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

► ჩემპიონთა ლიგაში რომას ბოლო 8 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

► რეალი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 მატჩიდან 11-ში მინიმუმ ორ გოლს იტანდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნ’ზონზი, კრისტანტე - უნდერი, პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.

რა შეიძლება გაირკვეს H ჯგუფში

კრიშტიანო რონალდოს ვალენსიასთან პირველი მატჩი ძალიან ცუდად დაამახსოვრდა

საინტერესო მატჩები გაიმართება H ჯგუფშიც, სადაც ტურინის იუვენტუსი (9 ქულა) ვალენსიას (5) მიიღებს, მანჩესტერ იუნაიტედი (7) კი - იანგ ბოიზს (1). 

► ტურინელებს ⅛ ფინალის საგზურს ვალენსიასთან ფრეც გაუნაღდებს, მაგრამ პარალელურ მატჩში თუ მანჩესტერ იუნაიტედი წააგებს, იუვენტუსს ნებისმიერი შედეგი დააკმაყოფილებს.

► მანჩესტერ იუნაიტედი პლეი ოფში თამაშის უფლებას, როგორც იანგ ბოიზთან გამარჯვების, ისე ტურინში ვალენსიისგან ქულების დაკარგვის შემთხვევაშიც მოიპოვებს.

► თუ ვალენსია დამარცხდება, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი მოიგებს, ესპანური კლუბი ⅛-ფინალში გასვლის შანსს დაკარგავს.

კომენტარები

ბოლო ამბები