Thumbnail

კარიერის შეთავაზება - გიორგი მერებაშვილს MLS-ში და საუდის არაბეთში ეპატიჟებიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პოლონური მედიის ინფორმაციით, გიორგი მერებაშვილი ვისლადან მიდის.
  • ამ სეზონში მერებაშვილის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია.

przegladsportowy.pl-ის წერს, რომ გიორგი მერებაშვილს წინადადებები ამერიკული MLS-დან და აზიის ქვეყნებიდან აქვს.

ეს ინფორმაცია  Polsat Sport-ს ინტერვიუში თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა, რომ წინასწარი შემოთავაზებები აქვს ფეხბურთისთვის ეგზოტიკური ქვეყნებიდანაც.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი წინადადება მას საუდის არაბეთიდან აქვს და, როგორც პოლონელები წერენ, წინადადება ისეთია, რომ ფეხბურთელი მრავალი წლით ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.

გიორგი მერებაშვილი ამ სეზონში:  20 თამაში, 3 გოლი, 4 საგოლე პასი

przegladsportowy.pl-მა პლოცკის ვისლას პრეზიდენტ იაცეკ კრუშევსკის მიმართა კომენტარისთვის: "ჩვენთვის არავის მოუმართავს მსგავსი წინადადებით. არც ფეხბურთელს და არც მის აგენტს არაფერი უთქვამს მსგავსი წინადადების შესახებ, თუმცა ამის შესახებ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. 

არაფერი არ არის გასაკვირი, ბოლო დროს ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ბუნებრივია, რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვა კლუბები დაინტერესდნენ", - ირიბად დაადასტურა ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა.

გიორგი მერებაშვილმა ოქტომბერში ვისლასთან 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.
მერებაშვილს მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლამდე ვისლაში აკავებს, თუმცა ამ ხელშეკრულებაში ჩაწერილია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა. 31 წლის ფეხბურთელში ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, პლოცკელები ტრანსფერს ვერ დაბლოკავენ.

"როცა ფეხბურთელს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ, ჩვენ მას კლუბში ვერ დავაკავებთ", - აცხადებს კრუშევსკი.

პოლონური მედია ამტკიცებს, რომ ოფიციალურ შეთავაზებას პლოცკის ვისლა უახლოესი კვირის განმავლობაში მიიღებს. 

პლოცკის ვისლა შვებულებიდან 8 იანვარს დაბრუნდა.

ამ სეზონში გიორგი მერებაშვილი ვისლას ლიდერად ჩამოყალიბდა

"მისი წასვლა შესაძლებელია, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელი ისევ იმ აზრზეა, როგორც თვეების წინ, როცა აცხადებდა, რომ პლოცკში თავს ბედნიერად გრძნობს", - დასძენს კლუბის პრეზიდენტი.

ამ სეზონში გიორგი მერებაშვილი ძალიან კარგად თამაშობს პოლონეთის ექტრსაკლასაში. 20 თამაშში მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები