Thumbnail

'ეს დამეხმარება, რომ კარიერა NBA-ში გავაგრძელო' - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გოგა ბითაძის პირველი კომენტარები ბუდუჩნოსტში გადასვლის შემდეგ
  • 19 წლის ქართველი კალათბურთელი NBA-ს უმიზნებს

კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იყო გოგა ბითაძის ტრანსფერი მეგა ბიმაქსიდან ბუდუჩნოსტში. 19 წლის ქართველი კალათბურთელი სერბეთიდან მონტენეგროში გადავიდა და ევროლიგის გუნდში იასპარეზებს. როგორც popsport.com-თან ინტერვიუში თვითონ ბითაძე ამბობს, ეს არის გზა, რომელმაც NBA-მდე უნდა მიიყვანოს...

popsport: გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იყო შენი ტრანსფერი მეგა ბიმაქსიდან ბუდუჩნოსტში. როგორ წარიმართა მოლაპარაკებები და ვინ იყო ტრანსფერის ინიციატორი? 

ბითაძე: ტრანსფერამდე ერთი დღით ადრე გავიგე, რომ ჩემი გადაბირებით ბუდუჩნოსტი იყო დაინტერესებული. ძლიერი გუნდია, ევროლიგაზე ასპარეზობს და ბუნებრივია, რომ დავთანხმდი წინადადებას. ახალ გუნდში დიდ გამოცდილებას მივიღებ, რაც ნამდვილად წამადგება კარიერაში.

popsport: ალბათ ბუდუჩნოსტი გარდამავალი ეტაპია შენს კარიერაში, შემდეგი ნაბიჯი კი დრაფტი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაა...

ბითაძე: კი, რა თქმა უნდა ასეა. მართალია, მეგა ბიმაქსთან ერთად კარგ ლიგაში ვთამაშობდი, მაგრამ ევროლიგა კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია, რომელსაც გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა. ეს ტრანსფერი ძალიან დამეხმარება, რომ სამომავლოდ კარიერა NBA-ში გავაგრძელო. 

ბუდუჩნოსტმა გოგა ბითაძე უკვე წარადგინა

popsport: გქონდა თუ არა შეხვედრა ახალი კლუბის მესვეურებთან, ახალ თანაგუნდელებთან და რაზე ისაუბრეთ?

ბითაძე: გუნდელებთან ჯერ არ მქონია შეხვედრა, რადგან გუშინ თამაში ჰქონდათ, დღეს კი ისვენებენ. შევხვდი კლუბის პრეზიდენტს, სხვა მესვეურებს და ვისაუბრეთ. ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და მჯერა, რომ გავამართლებ ამ ნდობას.

popsport: მოიაზრები თუ არა ბუდუჩნოსტის ძირითად ხუთეულში და რა მოლოდინი გაქვს ევროლიგაში ასპარეზობასთან დაკავშირებით?

ბითაძე: ჩემ აგენტთან და კლუბის პრეზიდენტთან საუბრის მიხედვით, საკმარისი სათამაშო დრო მექნება. შესაძლოა, თავიდანვე სასტარტო ხუთეულში არ ვიყო, მაგრამ ძირითადში თავის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ევროლიგას, ერთი სული მაქვს როდის მომიწევს თამაში, რადგან ამ ტურნირზე ასპარეზობა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. 

popsport: ევროლიგის გუნდში გადასვლის გამო, სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაშს გამიტოვებ. ეს თემა ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია...

ბითაძე: დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები. თუმცა, ბევრს ვიმუშავებ საკუთარ თავზე, რომ მომავალში, როდესაც ამის საშუალება მომეცემა, ეროვნულ გუნდს უფრო ძლიერი დავუბრუნდე. ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ბევრი თამაში მოვიგო და დიდ წარმატებას მივაღწიო.

დიდი ალბათობით, გოგა ბითაძე საქართველოს ნაკრების რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები