Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძის სავარაუდო ვარიანტები
  • დარჩება გენტში თუ წავა იანვარში

სეზონის წინ გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც 19 წელი აგვისტოს ბოლოს შეუსრულდა. გენტის ხელმძღვანელობა მის გარშემო აპირებდა გუნდის "აშენებას". მანამდე გიორგის ჰქონდა რამდენიმე კარგი თამაში ბელგიის ჩემპიონატში და მის სასარგებლოდ მეტყველებდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, როცა ზაფხულში ლიტვასთან მატჩის მე-11 წუთზე ტრავმირებული ჯანო ანანიძის ნაცვლად შევიდა, 4 წუთში გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

სეზონი დაიწყო და გამოჩნდა, თუ რა ძალაა ჩაკვეტაძე უკვე - პირველად ეს ნაკრებში მოხდა - ის, რომ ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა უეფას ერთა D ლიგა მოიგო და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა, დიდწილად, ჩაკვეტაძის დამსახურებაა, რომელმაც 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. სანაკრებო წარმატებამ გიორგის ფრთები ბელგიაშიც შეასხა და განსაკუთრებით ახალი მწვრთნელის იეს ტორუპის ხელმძღვანელობით, გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა - 19 თამაშში ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე 4 გოლია (1 გოლიც თასზე გაიტანა). 

ეროვნულ ნაკრებში გიორგიმ 7 თამაშში 5 გოლი გაიტანა
ფოტოები: POPSPORT.COM

ამის შემდეგ 19 წლის ქართველი აღარ ჩამოდის ევროპის ცნობილი გამოცემების გვერდებიდან, სიახლეები ძირითადად მის სავარაუდო ტრანსფერს ეხება. "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, ის უკვე 5 მილიონი ევრო ღირს, თუმცა იანვარში ეს გამოცემა მის ფასს განაახლებს და, ალბათ, გააორმაგებს. 

ბოლო თვეებში გიორგი თითქმის ყველა ევროპულ გრანდს დაუკავშირეს: ბარსელონასა და რეალს ესპანეთში, მანჩესტერ იუნაიტედს, ტოტენჰემსა და ბორნმუთს ინგლისში, ბაიერნსა და დორტმუნდს გერმანიაში, რომასა და ლაციოს იტალიაში, ასევე უკრაინულ შახტარს. ვნახოთ, რომელ კლუბს რა შანსი აქვს:

ბარსელონა

ჩაკვეტაძისთვის ბარსელონა უცხო კლუბი სულაც არ არის - მას ბავშვობაში "ლა მასიაში" რამდენიმე დღით უვარჯიშია კიდეც. უეფას ერთა ლიგაზე ანდორასთან თამაშის წინ, მთელი მსოფლიო მოიარა ამბავმა - ანდორაში ჩაკვეტაძეს ბარსას სკაუტები დააკვირდებიანო. ასეც მოხდა - კატალონიური გრანდის სკაუტების თანდასწრებით, გიორგიმ გოლი გაიტანა და მართალია, ნაკრებმა ეს თამაში ვერ მოიგო, სკაუტებმა ჩაკვეტაძეზე დადებითი რეცენზია დაწერეს. ერთიც - გენტმა ოფიციალურად სწორედ მხოლოდ ბარსელონას დაინტერესება დაასტურა, ეს მოხდა "ტვიტერის" გვერდზე.

რეალი

ჟურნალისტმა ანხელა კასტანიედამ ნოემბერში დაწერა, რომ რეალის სატრანსფერო სიაში ედენ აზართან და მარიო ერმესოსთან ერთად, გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ეს ინფორმაცია რეალთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ გადაბეჭდა. 

ბაიერნი

ბაიერნი და ჩაკვეტაძე კიდევ უფრო ძველი ამბავია, გიორგი ჯერ კიდევ გენტში არ იყო გადასული, რომ "რეკორდმაისტერი" მისით დაინტერესდა. თემა "გაცოცხლდა" ნოემბერში, როცა ჩაკვეტაძე მიუნხენელთა სასურველი ფეხბურთელების ხუთეულში მოხვდა.

დორტმუნდი

გიორგი ჩაკვეტაძე დორტმუნდში? ნოემბრის დასაწყისში ეს ამბავი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა ინფორმაციის გავრცელების წყარო არასაიმედოდ გვეჩვენა. ერთია, დორტმუნდში ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი გასაქანი აქვთ და გიორგისთვის დორტმუნდში თამაში თავის გამოჩენის შესანიშნავი საშუალება იქნებოდა.

ტოტენჰემი

"დეზების" დაინტერესებაზე ჯერ კიდევ იანვარში დაიწერა - ბელგიური HLN ამტკიცებდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძით ტოტენჰემი, ბორნმუთი და შახტარი დაინტერესდნენ. 

მანჩესტერი და პსჟ

ყველაზე ბოლოს ევროპულ მედიაში სწორედ ამ ორი გუნდის დაინტერესებაზე დაიწერა - დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გიორგი პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედსაც სურთ.

რომა 

რომას სპორტული დირექტორი მონჩი ბელგიაში იმყოფებოდა და კლუბისთვის ტალანტებს აკვირდებოდა. ბელგიური მედია ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ჩაკვეტაძეა. მეტიც, დეკემბრისთვის სატრანსფერო ამბებში ჩაკვეტაძის ყველაზე სავარაუდო მომავალ გუნდად სწორედ რომა იყო მიჩნეული.

ლაციო

რომაული დერბი ჩაკვეტაძისთვის? რომას შემდეგ ლაციოს დაინტერესებაზეც დაიწერა. თუ რომას მონჩი ჰყავს, ლაციოს სპორტული დირექტორი იგლი ტარეა, ალბანელს კი იანვარში სატრანსფერო სიაში ქართველიც ჰყოლია შეყვანილი. 

გენტი

იანვარში ჩაკვეტაძის თემა სატრანსფერო ბაზარზე აქტუალური იქნება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა რჩება ერთი, თანაც, უფრო სავარაუდო ვარიანტი - ჩაკვეტაძე ამ სატრანსფერო ფანჯრისას არსად არ გადავა და გენტში დარჩება.   

გენტის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ სეზონის წინ განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდაც არ შეელევა. 

ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ყველაზე ხშირად იწერებოდა, ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერზე, გენტის ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთხელ გამოეხმაურა მას - მაშინ, როცა რომას დაინტერესებაზე დაეკითხნენ, გენტის გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძე არ იყიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები